კოლა ქვარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლა ქვარიანი
Kola Kwariani
Kola Kwariani.jpg
მშობ. სახელი ნოკილოზ ქვარიანი
დაბ. თარიღი ნოკილოზ ქვარიანი
3 იანვარი 1903
ქუთაისი
გარდ. თარიღი 27 თებერვალი 1980
ნიუ-იორკი, აშშ
დაკრძალულია აშშ
ეროვნება ქართველი
ეთნიკურად ქართველი
ქვეშევრდომობა აშშ
საქმიანობა ჭიდაობა
ჭადრაკი
მსახიობი
წონა 130 კგ
მეუღლე(ები) მარი ყუფარაძე
სიდონია ნოვაკი
მშობლები მამა: ნესტორ ქვარიანი
დედა: კესარია ჩაჩანიძე

კოლა ქვარიანი, კოლია ქვარიანი (ინგლ. Kola Kwariani; ნიკოლოზ ნესტორის ძე ქვარიანი; დ. 3 იანვარი 1903, ქუთაისი, — გ. 27 თებერვალი 1980, ნიუ-იორკი, აშშ) — ქართველი პროფესიონალი მოჭიდავე, მსახიობი და მოჭადრაკე. კოლა ქვარიანს დიდი დამსახურება მიუძღვის 20-იანი წლების ქუთაისში ახალგაზრდა ფალავნების აღზრდისა და დაოსტატების საქმეში. აღზრდილი ჰყავდა არაერთი სახელოვანი ფალავანი, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი ანტონინო როკა, რომელიც შემდეგ იშვილა. კოლა ქვარიანის ჭიდაობას ყოველთვის უამრავი ხალხი ესწრებოდა. მას აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი თავისი ღონით, ილეთების დროულად გამოყენებით და საერთოდ ჭიდაობის ეშხითა და სილამაზით.[1] ჟურნალ „Chess Review“-ის მიხედვით კოლა ქვარიანი იყო აშშ-ში ერთადერთი პროფესიონალი მოჭიდავე, რომელიც ამავდროულად მოჭადრაკეც იყო.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლა ქვარიანის დაბადებასთან დაკავშირებით ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიის მეტრიკულ წიგნში წერია: ნიკოლოზ ნესტორის ძე ქვარიანი დაბადებულია ქ. ქუთაისში 1903 წლის 3 იანვარს (ძველი სტილით). მისი მშობლები არიან: მამა ქვარიანი ნესტორი მაქსიმეს ძე, დედა ქვარიანი კესარია (ცუცუ) ლეონტის ასული. ნათლობა მოხდენილია იმავე წლის 1 თებერვალს (ძველი სტილით). ნათლიები იყვნენ: დავით ოტიას ძე ნიჟარაძე და ოლღა ფილიპეს ასული მგალობლიშვილი, რაც რეგისტრირებულია 1903 წლის 1 თებერვლით (ძველი სტილით).[3]

კოლა ქვარიანის მამა ნესტორი თავისი დროის საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო და, რაც მთავარია განათლებით იურისტი, ღრმად იყო ჩახედული იურისპრუდენციაში; დედა კესარია (ცუცუ) ლეონტის ასული ჩაჩანიძე ჭიათურასთან ახლო მდებარე სოფლის შუქრეთის მკვიდრი იყო. იგი განათლებული პიროვნება იყო, თითქმის ზეპირად იცოდა მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი და მწერლობა.[3]

1911 წელს რვა წლის კოლა ქვარიანი მშობლებმა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის უმცროს მოსამზადებელ კლასში შეიყვანეს. 1912-1913 სასწავლო წლებში კოლა ქვარიანმა ასევე წარმატებით გაიარა უფროსი მოსამზადებელი კლასი. კლასიკურ გიმნაზიაში სწავლების პერიოდში მომავალი ფალავანი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა უცხო ენებისადმი და მათემატიკისადმი.[3]

1919 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისში ოფიციალურად შეიქმნა ტანვარჯიშული საზოგადოება „შევარდენი“, რომლის ემბლემის ქვეშ გაერთიანდა ქუთაისელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ერთი ნაწილი, მათ შორის კოლა ქვარიანი.[3]

1922 წელს კოლა ქვარიანმა წარმატებით იასპარეზა ბაქოში გამართულ მოჭიდავეთა დიდ ტურნირზე, სადაც დაამარცხა პავლე ზაგორუიკო, ილია მურომეცი, ერმაკოვი, მაკაროვი, იაუმზე, გვოზდოვსკი და სხვები. 1924 წელს, იმ დროისათვის ცნობილი ახალგაზრდა პოეტების პაოლო იაშვილის და კოლაუ ნადირაძის ინიციატივით, ქუთაისში იუბილე გადაუხადეს მხცოვან ქართველ ფალავანს ნესტორ ესებუას. საღამო მოჭიდავეთა პაექრობამ დაამშვენა, სადაც მთავარი გმირი კოლა ქვარიანი იყო, რომელმაც დაამარცხა ცნობილი ფალავნები იუსუფოვი და როლანდი. კოლა ქვარიანს ქუთაისში დამარცხებული ჰყავდა აგრეთვე ცნობილი ფალავნები კლემენტი ბული, ბაშკიროვი, ვახტუროვი და სხვები.[3]

1928 წლის დამდეგს ქვარიანი მოსკოვში დაბინავდა, მატერიალურად უჭირდა, მაგრამ ცირკში სამსახურზე უარი თქვა.[4] 1928 წელს კოლა ქვარიანი გაემგზავრა პირენეს ნახევარკუნძულზე, ხოლო ცოტა უფრო გვიან აშშ-ში, სადაც დარჩა საცხოვრებლად. აშშ-ში სწრაფად გაითქვა სახელი, როგორც სწორუპოვარმა ფალავანმა. 1928 წელს კოლა ქვარიანმა დაამარცხა ამერიკელების კერპი — ჟოზეფ ტოტსმონდი, შემდეგ ბეროვიკი, ხოლო, მოგვიანებით კოლა ქვარიანმა სუფთად დაამარცხა მსოფლიოში მახრჩობელად ცნობილი ედ ლუისი. ლუისთან გამარჯვებისათვის ჰონორარის სახით ქართველმა ფალავანმა 200 ათასი დოლარი მიიღო. აღნიშნული თანხით იქ შეიძინა სასტუმრო, გახსნა საჭიდაო დარბაზი და საჭადრაკო კლუბი.[3]

1931 წლის 21 იანვარს კოლა ქვარიანმა დაამარცხა ცნობილი ამერიკელი ფალავანი ჯონ კლუკსტორი, რომლის დამარცხებისათვის დიდძალი თანხა მიიღო. დამარცხებისაგან გაბოროტებულმა ამერიკელმა ფალავანმა, განგებ თითები მარჯვენა თვალში ჩაარტყა ქართველ ფალავანს, რომელსაც სამუდამო ტრავმად შემორჩა თვალის ოპტიკური ნერვის ატროფია.[3]

1932 წელს კოლა ქვარიანმა დატოვა აშშ-ში და საფრანგეთში გადასახლდა, სადაც დაქორწინდა სიდონია ნოვაკზე, რომელიც წარმოშობით ბულგარელ-გერმანელი იყო. საფრანგეთში კოლა ქვარიანმა გახსნა ქართული რესტორანი, სადაც თავს იყრიდნენ, როგორც ქართველი ემიგრანტები, ასევე 30-იანი წლების სახელოვანი სპორტსმენები. პარალელურად წარმატებით ასპარეზობდა მოჭიდავეთა დიდ საერთაშორისო ტურნირებში. ქვარიანმა საფრანგეთში რვა წელიწადი იცხოვრა.[4]

კოლა ქვარიანს საჭიდაოდ იწვედნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. იასპარეზა ინგლისში, გერმანიაში, პოლონეთში, შვედეთში, საბერძნეთში და მისი ეს გამოსვლები ყველგან ტრიუმფალური იყო.[3]

1934 წელს ქვარიანი გამოჩნდა შარლ ბარუას ფილმში „საჭიროა მხეცი“, სადაც ტატარ კროტოვის როლი შეასრულა.[5]

1939 წლის დამდეგს კოლა ქვარიანმა წარმატებით იასპარეზა ინგლისში გამართულ ფალავანთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე. იმავე წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ქვარიანმა დატოვა ევროპა და აშშ-ში გაემგზავრა.[3]

1950-იან წლებში სახელგანთქმული ბრძოლა გაიმართა ამერიკელ პროფესიონალ მოჭიდავე „მისტერ ამერიკა“ ჯინ სტენლისა და კოლა ქვარიანს შორის, რომელთა შერკინება იქცა ამერიკის ოქროს ერის 10 საუკეთესო მატჩიდან ერთ-ერთი.[6][7][8] იყო მოჭადრაკეთა და შაშის კლუბის აქტიური წევრი ნიუ-იორკში, რომელიც აგრეთვე ცნობილი იყო როგორც „უჩინარი სახლი“.[2]

1950-იან წლებში კოლა ქვარიანმა საჭიდაო კარიერა დაასრულა. 1952 წელს ქვარიანმა ითამაშა ჰარი ფოსტერის ფილმში „Columbia World of Sports 4806: Rasslin' Rogues“, სადაც შეასრულა საკუთარი თავის — რუსი მოჭიდავის როლი.[9]

1956 წელს ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა სტენლი კუბრიკმა კოლა ქვარიანი გადაიღო ფილმში „მკვლელობა“, სადაც შეასრულა მორის ობუხოვის როლი.[10] ქვარიანის, კუბრიკისა და სტერლინგ ჰეიდენის სურათი გამოჩნდა ჟურნალ „Chess Review“-ის გარეკანზე 1956 წლის მარტში.[11]

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცალ თვალში საერთოდ დაკარგა მხედველობა. ბოლოს, ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს „შოტლანდიის“ ოცდამეორე სართულზე ცხოვრობდა ორ ოთახიან ბინაში. 1973 წელს გარდაეცვალა მეუღლე სიდონია ნოვაკი.[3]

1980 წლის თებერვალში ქვარიანს თავს დაესხა მოზარდების ჯგუფი, რის შედეგადაც იგი მძიმედ დაიჭრა; შედეგად გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც გარდაიცვალა.

კოლა ქვარიანი გარდაიცვალა 1980 წლის 17 თებერვალს 77 წლის ასაკში. დაკრძალეს ღარიბთა სასაფლაოზე აშშ-ში. ცნობილი იყო, რომ ქვარიანი ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის საზღვარზე არსებულ საფლავზე იყო დაკრძალული, თუმცა მისი საფლავი 11 წლიანი ძებნის შემდეგ 2007 წელს იპოვეს. აშშ-ში ქართველმა ემიგრანტმა ლეგენდარული მოჭიდავის საფლავს ჯვარი დაადგა და საქართველოდან ჩატანილი ქართული მიწა მოაყარა. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და სპეციალური ნებართვის საფუძველზე მოხდა. ცნობილია, რომ ქვარიანი კიდევ 4 ადამიანთან ერთად არის დასაფლავებული. ქვარიანს სურვილი ჰქონდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი დაეწვათ, ხოლო ფერფლი ქუთაისში მდინარე რიონში ქვარიანის ჩქერებში მოეყარათ.[12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბარნოვი, ალ.. ჭიდაობა ძველ თბილისში. თბილისი, საქართველო: საბჭოთა საქართველო, გვ. 1967. 
  2. 2.0 2.1 Kola Kwariani a/k/a "Nick the Wrestler", Chess Expert and Former World Champion Wrestler. Anusha.com. წაკითხვის თარიღი: May 6, 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 3.9 ჯავახაძე, ზურაბ. რკინის გამკვნეტელი ფალავანი (ჭიდაობის დიდოსტატი კოლია ქვარიანი). ქუთაისი, საქართველო: „საქართველო“, გვ. 52, 1991. 
  4. 4.0 4.1 როდე-ჩიჯავაძე, მერი. სახელოვანი, მაგრამ ჩვენთვის უცნობი ამერიკელი ქართველები. თბილისი, საქართველო, გვ. 31, 1990. 
  5. კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა
  6. Oliver, Earl. (2005)The Early Years of Televised Wrestling. Solie's Classic Wrestling Images. Solie.org. წაკითხვის თარიღი: September 14, 2011.
  7. National Wrestling Alliance. Wrestling's Greatest Heroes: The Golden Era. [VHS]. United States: Goodtimes. http://www.amazon.com/dp/images/B0001MXU5Y.
  8. Wrestling's Greatest Heroes: The Golden Era. Misc. Golden Age Tapes. ProWrestlingHistory.com (June 14, 2011).
  9. კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა
  10. კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა
  11. Chess Review. Chess Notes by Edward Winter. ChessHistory.com (March 1956). წაკითხვის თარიღი: May 7, 2011.
  12. ლეგენდარული მოჭიდავის კოლია ქვარიანის ისტორია