კოგნიტური მიკერძოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კოგნიტური მიკერძოება — ნორმიდან, ან რაციონალური მსჯელობიდან გადახრის სისტემატური აზროვნების ყაიდა.[1] შეგრძნებების თავისებური აღქმით, ადამიანები ქმნიან საკუთარ „სუბიექტურ სოციალურ რეალობას“. ინდივიდის მიერ კონსტრუირებულმა სოციალურმა რეალობამ (და არა ობიექტურმა ფაქტორებმა), შეიძლება განსაზღვროს მათი ქცევა სოციალურ გარემოში.[2] ამრიგად, კოგნიტურმა მიკერძოებამ, ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს აღქმის გამრუდება, არაზუსტი შეფასება, არალოგიკური ახსნა, ან, რასაც ზოგადად, არარაციონალურობა შეიძლება ვუწოდოთ.[3][4][5]

სავარაუდოდ, ზოგიერთ კოგნიტურ მიკერძეობას ადაპტაციის ფუნქცია აქვს. კოგნიტური მიკერძოებების გავლენით ქცევა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს მოცემულ კონტექსტში. გარდა ამისა, კოგნიტური მიკერძოებები აიოლებენ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, როდესაც დროულობა უფრო ღირებულია ვიდრე სიზუსტე, როგორც ეს, მაგალითად, ევრისტიკული მეთოდების გამოყენების დროს ხდება. სხვა კოგნიტური მიკერძოებები არიან „თანმდევი“ ადამიანის დამუშავების უნარის შეზღუდვების, რომლებიც გამომდინარეობს ზოგიერთი გონებრივი მექანიზმების ნაკლოვანებებისგან (შეზღუდული რაციონალობა), ან, უბრალოდ, ინფორმაციის დამუშავების შეზღუდული შესაძლებლობისგან.

მუდმივად განვითარებადი კოგნიტური მიკერძოებების სია ეფუძნება ბოლო ექვსი ათეული წლის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს ადამიანის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების შესახებ ისეთ დარგებში, როგორიცაა კოგნიტური მეცნიერება, სოციალური ფსიქოლოგია და ქცევითი ეკონომიკა. კაჰნემანი და ტვერსკი (1996) ამტკიცებენ, რომ კოგნიტურ მიკერძოებებს აქვთ გავლენა სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის არის მედიცინა, მეწარმეობა, მენეჯმენტი და ფინანსები.[6][7]


მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკერძოება წარმოიშობა სხვადასხვა პროცესის გავლენით, რომლების ერთმანეთისგან გამორჩევა ხანდახან რთულია. ესენია:

  • ინფორმაციის დამუშავების შემოკლებული გზები (ევრისტიკა)[8]
  • „ხმაურიანი ინფორმაციის“ დამუშავება (მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვის, ასევე, მეხსიერებიდან ინფორმაციის ამოღების პროცესების გამრუდება)
  • ტვინის მიერ ინფორმაციის დამუშავების უნარის შეზღუდვები[9]
  • ემოციური და მორალური მოტივაციები[10]
  • სოციალური გავლენები[11]

ცნება კოგნიტური მიკერძოებები ამოს ტვერსკიმ და დანიელ კანემანმა შემოიღეს 1972 წელს,[12] რაც განვითარდა მათი გამოცდილებიდან რაოდენობრივ უწიგნურობაზე მუშაობისას (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტუიციურად მსჯელობის უუნარობა სიდიდეთა რიგის დიდ მნიშვნელობებთან). ტვერსკიმ, კანემანა და მათმა კოლეგებმა მოახდინეს რამდენიმე განმეორებადი გზის დემონსტრირება, რომლის დროსაც ადამიანების შეფასებები და გადაწყვეტილებები განსხვავდებოდა რაციონალური არჩევანის თეორიისგან. ტვერსკიმ და კანემანმა, ადამიანებს შორის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების სხვაობები ევრისტიკის ცნების ფარგლებში ახსნეს. ევრისტიკები არიან აზროვნების მოკლე გზები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ ვარაუდებს ბუნდოვანი მოვლენების მოხდენის (თუ არ მოხდენის) ალბათობების შესახებ (ბაუმეისტერი და ბუშმანი, 2010, გვ. 141). ტვინისთვის შედარებით მარტივია ევრისტიკული მეთოდების გამოყენება, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება „სერიოზული და სისტემატური შეცდომების“ წყარო იყოს (ტვერსკი და კანემანი, 1974, გვ. 1125).

მაგალითად, წარმომადგენლობითობის ევრისტიკა განისაზღვრება, როგორც ტენდენცია შეაფასო მოვლენის ხდომილების „სიხშირე, ან ალბათობა“ იმაზე დაყრდნობით თუ რამდენად ჰგავს ეს მოვლენა „ტიპიურ შემთხვევას“ (ბაუმეისტერი და ბუშმანი, 2010, გვ. 141). „ლინდას პრობლემა“ არის წარმომადგენლობითობის ევრისტიკის მაგალითი (ტვერსკი და კანემანი, 1983[13]). მონაწილეებს მისცეს „ლინდას“ აღწერა, რომელიც მიანიშნებდა იმაზე, რომ ლინდა შეიძლება ფემინისტი ყოფილიყო (მაგალითად, მის შესახებ ეწერა, რომ აწუხებს დისკრიმინაცია და სოციალური სამართლიანობის საკითხები). შემდეგ, მონაწილეებს ჰკითხეს თუ რა იქნებოდა (მათი აზრით) უფრო სავარაუდო; ის რომ ლინდა „(ა) ბანკის მოლარე-ოპერატორია“, თუ — „ბ) ბანკის მოლარე-ოპერატორია და აქტიურ მონაწილეობას იღებს ფემინისტურ მოძრაობაში“. უმრავლესობამ (ბ) პასუხი აირჩია. ეს შეცდომა (მათემატიკურად, პასუხი (ბ) ვერ იქნება უფრო სავარაუდო, ვიდრე პასუხი (ა)) არის „შეკავშირების შეცდომის“ მაგალითი. ტვერსკისა და კანემანის მტკიცებით, ექსპერიმენტის მონაწილეებმა აირჩიეს (ბ) პასუხი იმიტომ, რომ ის უფრო „წარმომადგენლობითი“ იყო იმ ადამიანების, ვინც ჯდებოდა ლინდას აღწერაში. წარმომადგენლობითობის ევრისტიკამ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ შეცდომებამდე, როგორიცაა სტერეოტიპები და სხვების არასწორი შეფასება (ჰასელტონი და სხვები, 2005, გვ. 726).

ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკერძოებები შეიძლება განვასხვავოთ რიგი ფაქტორების მიხედვით. მაგალითად,

  • არსებობს მიკერძოებები, რომლებიც ჯგუფურ სიტუაციაში ვლინდება(მაგალითად, როგორიცაა ჯგუფის პოლარიზაცია), ასევე, მიკერძოებები, რომლებიც ინდივიდის (ერთი ადამიანის) დონეზე ვლინდება.
  • ზოგიერთი მიკერძოება გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენს გავლენას, როცა ვარიანტების სასურველობა განიხილება (მაგ., დაუბრუნებელი დანახარჯების შეცდომა).
  • კიდე სხვა მიკერძოებები, როგორიცაა მოჩვენებითი კორელაცია, ახდენენ გავლენას ადამიანის უნარზე შეაფასოს რაიმეს მოსალოდნელობა, ან შეაფასოს არის თუ არა ერთი რაღაც მეორის გამომწვევი მიზეზი.
  • მიკერძოებების სპეციფიური ტიპი მეხსიერებაზე ახდენს გავლენას,[14] მაგალითად როგორიცაა თანამიმდევრულობის მიკერძოება (როცა საკუთარი წარსული შეხედულებები და ქცევები გახსოვს, როგორც ახლანდელი შეხედულებების მსგავსი).

ზოგიერთი მიკერძოება ასახავს სუბიექტის მოტივაციას,[15] მაგალითად, დადებითი თვითწარმოდგენის შენარჩუნების სურვილმა შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ეგოცენტრულ მიკერძოებამდე და უსიამოვნო კოგნიტური დისონანსის თავიდან აცილებამდე.[16] სხვა მიკერძოებები გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორ მუშაობს აღქმა,  ფორმირდება მოგონებები და ხდება განსჯა. ეს განსხვავება, ზოგჯერ აღიწერება „ცხელი და ცივი კოგნიციის“ ჰიპოტეზის ფარგლებში, რადგან მსჯელობის რაგვარობაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეთ სუბიექტის მოტივებს.

„ცივ“ მიკერძოებებს შორის არის

  • ისეთი, რომლებიც გამოწვეულია რელევანტური ინფორმაციის იგნორირებით (მაგ., ალბათობის უგულებელყოფა).
  • ისეთი, რომლის დროსაც გადაწყვეტილების მიღებაზე, ან შეფასებაზე არარელევანტური ინფორმაცია ახდენს გავლენას (მაგალითად, ჩარჩოს ეფექტი — ერთსა და იმავე პრობლემაზე განსხვავებული რეაქციაა, იმისთვის მიხედვით თუ როგორ იყო პრობლემა აღწერილი; ან სხვაობის მიკერძოება — ერთად წარმოდგენილ ვარიანტებზე ადამიანს შეიძლება განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს, ვიდრე როცა ცალ-ცალკე არის წარმოდგენილი ვარიანტები).
  • ისეთი, რომლის დროსაც პრობლემის უმნიშვნელო, მაგრამ თვალში საცემ თვისებას ზედმეტი წონა ენიჭება (მაგ., ღუზის მიკერძოება).

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მიკერძოება მოტივებით არის განპირობებული, მაგალითად, მოტივაციით დადებითი დამოკიდებულება ჰქონდეს ადამიანს საკუთარი თავის მიმართ იწვევს იმისა, რომ ბევრი მიკერძოება ადამიანს საკუთარ თავზე აქვს მიმართული (მაგ., ასიმეტრიული  გამჭრიახობის ილუზია, საკუთარი თავისადმი მიკერძოება). ასევე, ადამიანები შეიძლება იყვნენ მიკერძოებული შიდაჯგუფებისა და გარეჯგუფების შეფასებისას. შიდაჯგუფებს ხედავდნენ როგორც უფრო მრავალფეროვანს და „უკეთესს“ სხვადასხვა ჭრილში (შიდაჯგუფური მიკერძოება, გარეჯგუფური ერთგვაროვნების ილუზია).

პრაქტიკული მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი საზოგადოებრივი ინსტიტუტი დამოკიდებულია ადამიანების უნარზე მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილებები.

სამართლიანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მაგალითად, მოითხოვს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა უგულებელყონ საქმის არაარსებითი მახასიათებლები, სათანადოდ შეაფასონ რელევანტური მახასიათებლები, სხვადასხვა შესაძლებლობები განიხილონ მიუკერძოებლად და შეიკავონ მცდარი მტკიცებები. ამ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებში აღწერილი სხვადასხვა მიკერძოება ცხადყოფს, რომ ნაფიცი მსაჯულები ხშირად ვერ ახერხებენ ამ მოთხოვნების შესრულებას. [17] თუმცა, ისინი ვერ ახერხებენ ამას სისტემურად; ისე, რომ პროგნოზირებადია.

კოგნიტური მიკერძოებები ასევე უკავშირდება ცრურწმენების სიცოცხლისუნარიანობას მნიშველოვან სოციალურ საკითხებზე. ისინი ასევე აფერხებენ საზოგადოების მიერ მეცნიერული არაინტუიციური ცოდნის მიღებას. [18]

მიკერძოებების შემცირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიგერენზერის (1996),[19] მსგავსად ჰასელტონი და სხვები (2005) ამტკიცებენ, რომ კოგნიტური მიკერძოებების შინაარსი და მიმართულება არ არის „შემთხვევითი“ (გვ. 730). მეტიც, კოგნიტური მიკერძოებების მართვა შეიძლება. განკერძოება არის ტექნიკა, რომლის მიზანია შეამციროს მიკერძოებები იმით, რომ უბიძგოს ინდივიდებს გამოიყენონ ანალიზის კონტროლირებადი პროცესები და არა ავტომატური (ბაუმეისტერი და ბუშმანი, 2010, გვ. 155).[20] ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომის შემცირებისთვის ფულადი წახალისება[21] და მონაწილეების ინფორმირება, რომ თავიანთ ატრიბუციებზე პასუხს აგებენ[22] დაკავშირებულია სწორი ატრიბუციების ზრდასთან. ტრენინგებსაც შეუძლიათ კოგნიტური მიკერძოებების შემცირება. მორევეჯმა და კოლეგებმა (2015) აღმოაჩინეს, რომ კვლევის მონაწილეები, რომელთაც ერთხელ ჩაუტარდათ ტრენინგი -შემეცნებითი ვიდეოები და განკერძოების თამაშები, რომლებიც შემამსუბუქებელ სტრატეგიების ასწავლიდა- გამოავლინეს მნიშვნელოვანი შემცირება ექვსი კოგნიტური მიკერძოების გამჟღავნების მხრივ, უშუალოდ ტრენინგის მერე და 3 თვის მერეც.\[23]

კოგნიტური მიკერძოების მოდიფიცირება არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება კოგნიტური მიკერძოებების მოდიფიცირება ჯანმრთელ ადამიანებში, ასევე, ეს პროცესი ეხმიანება შფოთვის, დეპრესიისა და ნივთიერებაზე დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ თერაპიებს, კერძოდ კოგნიტური მიკერძოებების მოდიფიკაციის თერაპიებს (CBMT). CBMT არის თერაპიების ქვეკატეგორია ფსიქოლოგიური თერაპიების სფეროში, რომლებიც ეფუძნება კოგნიტური პროცესების მოდიფიცირებას თერაპიით და თანმხლები მედიკამენტური მკურნალობით (ან მის გარეშე); ზოგჯერ ნახსენები როგორც კოგნიტური დამუშავების გამოყენებითი თერაპიები (ACPT). მიუხედავად იმისა, რომ კოგნიტური მიკეძოების მოდიფიკაციაში იგულისხმება ჯანმრთელი ადამიანების კოგნიტური პროცესების მოდიფიკაცია, CBMT არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური თერაპიის მზარდი სფერო, რომლის ფარგლებშიც ხდება კოგნიტური პროცესების მოდიფიკაცია ტანჯვის შემცირებისთვის[24][25] დეპრესიის,[26] შფოთვისა[27] და ნივთიერებაზე დამოკიდებულების დროს.[28]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Haselton, M. G.; Nettle, D.; Andrews, P. W. (2005). The evolution of cognitive bias.. In D. M. Buss (Ed.), The Handbook of Evolutionary Psychology: Hoboken, NJ, US: John Wiley & Sons Inc, გვ. 724–746. 
  2. Bless, H.; Fiedler, K.; Strack, F. (2004). Social cognition: How individuals construct social reality. Hove and New York: Psychology Press. 
  3. Kahneman, D.; Tversky, A. (1972). "Subjective probability: A judgment of representativeness". Cognitive Psychology 3 (3): 430–454. . http://datacolada.org/wp-content/uploads/2014/08/Kahneman-Tversky-1972.pdf.
  4. Baron, J. (2007). Thinking and Deciding (4th ed.). New York, NY: Cambridge University Press.
  5. Ariely, Dan (2008). Predictably Irrational: The Hidden Forces That Shape Our Decisions. New York, NY: HarperCollins. ISBN 978-0-06-135323-9. 
  6. Kahneman, D.; Tversky, A. (1996). "On the reality of cognitive illusions". Psychological Review 103 (3): 582–591. . PMID 8759048. http://psy.ucsd.edu/%7Emckenzie/KahnemanTversky1996PsychRev.pdf.
  7. S.X. Zhang; J. Cueto (2015). "The Study of Bias in Entrepreneurship". Entrepreneurship Theory and Practice 41 (3): n/a. . http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/etap.12212/abstract.
  8. Kahneman, D., Slovic, P., & Tversky, A. (1982). Judgment under uncertainty: Heuristics and biases (1st ed.). Cambridge University Press.
  9. Simon, H. A. (1955). "A behavioral model of rational choice". The Quarterly Journal of Economics 69 (1): 99–118. . JSTOR 1884852.
  10. Pfister, H.-R.; Böhm, G. (2008). "The multiplicity of emotions: A framework of emotional functions in decision making". Judgment and Decision Making 3: 5–17.
  11. Wang, X. T.; Simons, F.; Brédart, S. (2001). "Social cues and verbal framing in risky choice". Journal of Behavioral Decision Making 14 (1): 1–15. .
  12. Kahneman, Daniel (2002). "Representativeness Revisited: Attribute Substitution in Intuitive Judgment", რედ. Thomas Gilovich: Heuristics and Biases: The Psychology of Intuitive Judgment. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 51–52. ISBN 978-0-521-79679-8. 
  13. Tversky, A.; Kahneman, D. (1983). "Extensional versus intuitive reasoning: The conjunction fallacy in probability judgement". Psychological Review 90 (4): 293–315. . http://psy.ucsd.edu/%7Emckenzie/TverskyKahneman1983PsychRev.pdf.
  14. Schacter, D.L. (1999). "The Seven Sins of Memory: Insights From Psychology and Cognitive Neuroscience". American Psychologist 54 (3): 182–203. . PMID 10199218
  15. Kunda, Z. (1990). "The Case for Motivated Reasoning". Psychological Bulletin 108 (3): 480–498. . PMID 2270237. http://synapse.princeton.edu/~sam/kunda90_psychol_bulletin_the-case-for-motivated-reasoning.pdf
  16. Hoorens, V. (1993). რედ. Stroebe, W.: European Review of Social Psychology 4. Wiley. 
  17. Sutherland, Stuart (2007) Irrationality: The Enemy Within Second Edition (First Edition 1994) Pinter & Martin. ISBN 978-1-905177-07-3
  18. (2003) Motivation in language: studies in honor of Günter Radden. John Benjamins, გვ. 275. ISBN 978-1-58811-426-6. 
  19. Gigerenzer, G. (1996). "On narrow norms and vague heuristics: A reply to Kahneman and Tversky (1996)". Psychological Review 103 (3): 592–596. .
  20. (2010) Social psychology and human nature: International Edition. Belmont, USA: Wadsworth.. 
  21. Vonk, R. (1999). "Effects of outcome dependency on correspondence bias". Personality and Social Psychology Bulletin 25 (3): 382–389. .
  22. Tetlock, P. E. (1985). "Accountability: A social check on the fundamental attribution error". Social Psychology Quarterly 48 (3): 227–236. . JSTOR 3033683.
  23. Morewedge, Carey K.; Yoon, Haewon; Scopelliti, Irene; Symborski, Carl W.; Korris, James H.; Kassam, Karim S. (2015-08-13). "Debiasing Decisions Improved Decision Making With a Single Training Intervention". Policy Insights from the Behavioral and Brain Sciences 2: 2372732215600886. . ISSN 2372-7322. http://bbs.sagepub.com/content/early/2015/08/12/2372732215600886.
  24. Morewedge, Carey K.; Yoon, Haewon; Scopelliti, Irene; Symborski, Carl W.; Korris, James H.; Kassam, Karim S. (2015-08-13). "Debiasing Decisions Improved Decision Making With a Single Training Intervention". Policy Insights from the Behavioral and Brain Sciences 2: 2372732215600886. . ISSN 2372-7322. http://bbs.sagepub.com/content/early/2015/08/12/2372732215600886.
  25. Bar-Haim, Y.; Lamy, D.; Pergamin, L.; Bakermans-Kranenburg, M. J. (2007). "Threat-related attentional bias in anxious and nonanxious individuals: a meta-analytic study". Psychol Bull 133 (1): 1–24. . PMID 17201568.
  26. Holmes, E. A.; Lang, T. J.; Shah, D. M. (2009). "Developing interpretation bias modification as a "cognitive vaccine" for depressed mood: imagining positive events makes you feel better than thinking about them verbally". J Abnorm Psychol 118 (1): 76–88. . PMID 19222316.
  27. Hakamata, Y.; Lissek, S.; Bar-Haim, Y.; Britton, J. C.; Fox, N. A.; Leibenluft, E.; Pine, D. S. (2010). "Attention bias modification treatment: a meta-analysis toward the establishment of novel treatment for anxiety". Biol Psychiatry 68 (11): 982–990. . PMC 3296778. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3296778/.
  28. Eberl, C.; Wiers, R. W.; Pawelczack, S.; Rinck, M.; Becker, E. S.; Lindenmeyer, J. (2013). "Approach bias modification in alcohol dependence: Do clinical effects replicate and for whom does it work best?". Developmental Cognitive Neuroscience 4: 38–51. . PMID 23218805.