კობის გიორგიწმინდის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კობის გიორგიწმინდის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ კობის მახლობლად მდებარე კლდოვან ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

შედგება ორი კოშკის, ეკლესიისა და გალავნისაგან. კომპლექსი წარმოადგენდა მნიშვნელოვან რგოლს ხეობის სასიგნალო კოშკების უწყვეტ ჯაჭვში. მისი მეშვეობით თრუსოს ხეობის სასიგნალო კოშკები ვიზუალურად უკავშირდებოდნენ თერგის ქვედა დინებაზე განლაგებული სოფლების — ხურთისისა და გორისციხის კოშკებს.

სამხრეთით მდგარი კოშკი ზურგიანია (6,5x4 მ), მის საფუძვლად გამოყენებულია ორი გიგანტური ლოდი. ძლიერ დაზიანებულია — შემორჩენილია სამიოდე მეტრ სიმაღლეზე.

მეორე კოშკი ოთხკუთხაა (5,6x5 მ). დგას ჩრდილოეთით, კონცხის კიდეზე, ქვის წყობით გამაგრებულ კლდეზე. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი ნაწილის ჩრდილოეთ კედელზე სამრეკლოა მოწყობილი.

კომპლექსის ცენტრში დგას ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (8x5,5 მ). ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკურთხეველიც, რომელიც დარბაზის გრძივი კედლებიდან მცირე მხრებითაა გამოყოფილი და იატაკის დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის ბაქანს წინიდან ორსაფეხურიანი ამბიონი აქვს მოწყობილი. აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია, რომლის რაფა, საფეხურებადაა დამუშავებული. სარკმლის ქვემოთ დაბალი, მართხუთხა ფორმის ტრაპეზის ქვა დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა, მომცრო ნიშია. მოგვიანებით ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშიც გაუჭრიათ. დარბაზის სამივე კედელს დაბალი საფეხური გასდევს. ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, მასიური მართკუთხა ქვაა, რომელზეც ქვის ჯვარია აღმართული. ეკლესიაზე მოგვიანებით გადაუხურავთ ხის ცილინდრული კამარით, რომელიც ხისსავე ოთხ ნახევარწრიულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. კამარა დაბეტონებულია. მასზე ამოტვიფრულია თარიღი — 1945 წ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]