შინაარსზე გადასვლა

კლოდ რეინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლოდ რეინსი
ინგლ. Claude Rains
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1889(1889-11-10)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი Clapham, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 30 მაისი, 1967(1967-05-30)[1] [2] [3] [4] [5] [7] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი Laconia
საქმიანობა კინომსახიობი, character actor, თეატრის მსახიობი, ტელემსახიობი და მსახიობი[8]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
აშშ
ალმა-მატერი დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია
ჟანრი საშინელებათა ფილმი და დრამა
ჯილდოები Tony Award for Best Actor in a Play, ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში და Donaldson Awards
მეუღლე Isabel Jeans, Marie Hemingway, Beatrix Thomson, Frances Propper, Agi Jambor და Rosemary Clark Schrode

კლოდ რეინსი (ინგლ. Claude Rains, დ. 10 ნოემბერი, 1889, Clapham, ლონდონი, ინგლისი — გ. 30 მაისი, 1967, Laconia, ნიუ-ჰემფშირი) — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი, ოსკარის ოთხგზის ნომინანტი.

უილიამ კლოდ რეინსი დაიბადა 1889 წელს ლონდონის ქალაქ კლაფამში. ახალგაზრდობაში მას ენა მიბმული ჰქონდა და ძლიერი კოკნის აქცენტით ლაპარაკობდა.[9] მისი მამა ფრედერიკ რეინსი, თეატრის მსახიობი იყო, რომელმაც შვილს ჩაუნერგა თეატრის სიყვარული და 11 წლის ასაკში ახალგაზრდა კლოდის დებიუტი შედგა თეატრის სცენაზე.[10] დამწყები მსახიობი მალევე შენიშნა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის დამფუძნებელმა ჰერბერტ ბერბომ ტრიმ, რომელმაც გადაიხადა საჯარო გამოსვლის გაკვეთილების საფასური, რათა რეინსს კარიერაში წარმატებისთვის მიეღწია.

პირველი მსოფლიო ომის დროს კლოდ რეინსი მსახურობდა ბრიტანულ არმიაში ლონდონის შოტლანდიის პოლკში,[11] სადაც მისი თანამებრძოლები იყვნენ ბეზილ რეტბოუნი და რონალდ კოლმანი. ომის დროს ის რიგითიდან კაპიტნის წოდებამდე დაწინაურდა, მაგრამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს შეტევაში ერთი თვალით თითქმის მთლიანად დაბრმავდა.

ბროდვეი. 1929 წელი

ომიდან დაბრუნების შემდეგ რეინსმა განაგრძო სამსახიობო კარიერა ლონდონის სცენაზე და მიაღწია პირველ წარმატებას ჯონ დრინკუოტერის პიესაში „ულის ს. გრანტის“ მთავარი როლის შესრულებისთვის. 1920-იანი წლების ბოლოს მსახიობის დებიუტი შედგა ბროდვეიში, სადაც მომდევნო წლებში მონაწილეობა მიიღო ბერნარდ შოუს „ვაშლის ურიკის“, მარგარეტ კენედის „მუდმივი ნიმფა“ და პერლ ბაკის „კეთილი მიწა“ სპექტაკლებში.

კლოდ რეინსი ორმოცი წლის ასაკში გამოჩნდა დიდ ეკრანზე, მაგრამ მისი პირველი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა — არც თუ ახალგაზრდა ინგლისელ თეატრის მსახიობს უჭირდა საერთო ენის გამონახვა ამერიკელ კინორეჟისორებთან, რომლებიც მას ზედმეტად პრეტენზიულად თვლიდნენ. საბედნიეროდ, შემთხვევით „უხილავი კაცის“ გადამღები ჯგუფიდან ვიღაცამ გაიგონა მისი გამორჩეული ხმა აუდიენციის დროს და ინგლისელ რეჟისორს ჯეიმს უაილისს ყურადღება მიაქცევინა, რომლის წყალობითაც რეინსი მოხვდა კინემატოგრაფიაში.[9] ჯეკ გრიფინის, უხილავი კაცის როლმა მსახიობს პირველი წარმატება მოუტანა. „Universal Studios“ აპირებდა მსახიობის გადაყვანას საშინელებათა ფილმების სერიაში, მაგრამ რაინსმა მოახერხა ასეთი ერთგანზომილებიანი როლებიდან თავის დაღწევა და თავისი სამსახიობო ნიჭის დემონსტრირება სხვა ჟანრებში, თუმცა 1930-იან წლებში მსახიობის როლების უმეტესობა იყო შთამბეჭდავი ბოროტმოქმედები და მომხიბვლელი ანტიგმირები.

წარმატება ჰოლივუდში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წელს მან შეასრულა პრინცი ჯონის როლი ცნობილ სათავგადასავლო ფილმში „რობინ ჰუდის თავგადასავალი“. ერთი წლის შემდეგ ის წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე კორუმპირებული სენატორ ჯოზეფ ჰარისონ პეინის როლისთვის დრამაში „ბატონი სმიტი მიდის ვაშინგტონში“. 1942 წელს მან შეასრულა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი — ფრანგი პოლიციის კაპიტანი, ლუი რენო, რომანტიკულ დრამაში „Casablanca“ და ასევე წარდგენილი იყო აკადემიის ჯილდოს ოსკარის ნომინაციაზე. 1941 წელს კლოდ რეინსი საბოლოოდ მაინც დაბრუნდა Universal Studios-ში, საშინელებათა ფილმში „The Wolf Man“ სათამაშოდ, სადაც მან შეასრულა სერ ჯონ ტალბოტის როლი. ორი წლის შემდეგ კი გამოჩნდა „ოპერის მოჩვენებაში“, 1925 წლის ამავე სახელწოდების ფილმის ფერად რიმეიკში.

რეინსი ფილმში „Notorious“ (1946)

კლოდ რეინსი მეგობრობდა ჰოლივუდის ვარსკვლავ ბეტ დევისთან, რომელიც მას „მის საყვარელ ეკრანზე კომპანინს" უწოდებდა. მათ ერთად ითამაშეს ოთხ ფილმში: „ხუარესი“ (1939), სადაც მან შეასრულა პატარა, მაგრამ ნათელი და დასამახსოვრებელი ნაპოლეონ III-ის როლი, „წინ, მოგზაურო“(1942), „მისტერ სკეფინგტონი“ (1944) და „ტყუილი“ (1946). 1945 წელს, ის გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ისტორიულ დრამაში იულიუს კეისრის როლის შეასრულებისთვის „კეისარი და კლეოპატრა.“[12] ეს იყო იყო ლამაზი, მაგრამ წარუმატებელი კინოადაპტაცია. 1940-იანი წლების ბოლოს მან ასევე მიაღწია წარმატებას ალფრედ ჰიჩკოკის ჯაშუშურ თრილერში „Notorious“ შესრულებული როლებით, სადაც რეინსი თამაშობდა გერმანელ მილიონერ ალექსანდრე სებასტიანს და ბანკირის ჰოვარდ ჯასტინის როლს დევიდ ლინის ბრიტანულ რომანტიკულ დრამაში „ვნებიანი მეგობრობა“.

მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, მსახიობი კვლავ მოთხოვნადი იყო კინოში და მის რეპერტუარს როლები ტელევიზიაშიც დაემატა. კლოდ რეინსის ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი როლი იყო ბრიტანულ ეპიკურ დრამაში „არაბული ლოურენსი“ (1962), სადაც მან ითამაშა ცინიკური დიპლომატ დრაიდენის როლი, და ბიბლიურ დრამაში „The Greatest Story Ever Told“, სადაც იგი გამოჩნდა მეფე ჰეროდეს როლში, რომელიც ასევე გახდა მისი ბოლო სამსახიობო ნამუშევარი.

1939 წელს კლოდ რეინსი გახდა ამერიკის მოქალაქე. მსახიობი ექვსჯერ იყო დაქორწინებული, პირველი ხუთი ქორწინება განქორწინებით დასრულდა. 1959-1960 წლებში რეინსის მეხუთე ცოლი იყო პიანისტი აგი იამბორი. მეოთხე ქორწინებიდან მას, 1938 წელს შეეძინა ქალიშვილი, ჯესიკა რეინსი.

კლოდ რეინსი გარდაიცვალა მუცლის ღრუში სისხლდენით 1967 წლის მაისში თავის სახლში, პატარა ქალაქ ლაკონიაში, ნიუ-ჰემფშირი. ის დაკრძალულია რედ-ჰილის სასაფლაოზე მულტონბოროში, (კეროლის ოლქში, ნიუ-ჰემფშირი).

2008 წელს გამოქვეყნდა მსახიობის ბიოგრაფია „Claude Rains: An Actor’s Voice“, რომლის თანადამწერი იყო მისი ქალიშვილი და პუბლიცისტი დევიდ სკოლო.

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს კლოდ რეინსმა მიიღო „ტონის“ ჯილდო არტურ კესტლერის სპექტაკლში „Shadow at Noon“ შესრულებული როლისთვის. ის ასევე ოთხჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ შესრულებული როლებისთვის ფილმებში: „მისტერ სმიტი მიდის ვაშინგტონში“ (1939), „კასაბლანკა“ (1942), „მისტერ სკეფინგტონი“ (1944) და „Notorious“ (1946).

  • Айзенберг, Ноа., «Касабланка» навсегда. История создания и жизни киношедевра», М.: Издательство Дединского (проект 1895.io), 2020. — გვ. 262, 1500 ეგზ., ISBN 978-5-6040967-2-7.
  • Aljean Harmetz, Round Up the Usual Suspects: The Making of «Casablanca» (New York: Hyperion, 1992)
  • David J. Skal and Jessica Rains, Claude Rains: An Actor’s Voice (University Press of Kentucky, 2008)
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
  6. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. www.acmi.net.au
  9. 9.0 9.1 Harmetz p. 147.
  10. The Sublime Claude Rains. meredy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-19. ციტირების თარიღი: 2010-05-12.
  11. londonscottishregt.org დაარქივებული 2007-04-12 საიტზე Wayback Machine.
  12. Remembering Claude Rains. Den of Geek (2013-07-10). ციტირების თარიღი: 2020-04-13.