შინაარსზე გადასვლა

კლოდ ეკატერინე დე კლერმონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლოდ ეკატერინე დე კლერმონი

კლოდ ეკატერინეს პორტრეტი უცნობი მხატვრის მიერ
დაბადების თარიღი 1543 წ.
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 18 თებერვალი, 1603 წ.
მეუღლე(ები) ჟან დ'ანებო
(დაქორწინდნენ 1560 წ. — დაიღუპა 1562 წ.);
ალბერტ დე გონდი
(დაქორწინდნენ 1564 წ. — გარდაიცვალა 1602 წ.);

კლოდ ეკატერინე დე კლერმონ-ტონერ დე ვივონი (დ. 1543 — გ. 18 თებერვალი, 1603) — დამპირის ქალბატონი, რეცის გრაფინია და ჰერცოგინია, საფრანგეთის სამეფო კარის წარმომადგენელი, მწერალი და სალონების დიასახლისი.

ოჯახი და პირადი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლოდ ეკატერინე დე კლერმონის ქანდაკება ვერსალის სასახლეში

კლოდ ეკატერინე დე კლერმონი პარიზში, კლოდ დე კლერმონ-ტონერისა და ჟანა დე ვივონის ოჯახში დაიბადა. ის მათი ერთადერთი შვილი იყო. 1560 წელს, 17 წლის ასაკში, გათხოვდა ჟან დ’ანებოზე, თუმცა ქორწინება მეტად უბედური გამოდგა. ის 20 წლის ასაკში დაქვრივდა, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე დერუს ბრძოლაში, 1562 წელს მოკლეს.[1]

1565 წლის 4 სექტემბერს ის ალბერტ დე გონდიზე გათხოვდა, და რეცის ჰერცოგინიას ტიტული მიიღო. მას და დე გონდის ათი შვილი - 6 ქალიშვილი და 4 ვაჟი შეეძინათ.[1]

კლერმონი და დე გონდი მეტად სტუმართმოყვარენი იყვნენ. მათი პარიზის სახლი მუდმივად ნაცნობ-მეგობრებით იყო სავსე. მოგვიანებით ამ სახლს სასტუმრო დე დამპიერი დაარქვეს. დროთა განმავლობაში დე დამპიერი იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული სალონი გახდა.[1]

სამეფო კარზე მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლოდ ეკატერინე დე კლერმონი საფრანგეთის დედოფლის, ეკატერინე მედიჩის ფრეილინად დაინიშნა, და ტიტული Dame du Palais („სასახლის ქალბატონი“) მიიღო.[2] მოგვიანებით ის დააწინაურეს და „საფრანგეთის შვილების“ აღმზრდელი გახდა, რაც მონარქების შვილებისა და შვილიშვილების განათლების გაძღოლას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ კლერმონი ასევე ემსახურებოდა მედიჩის ქალიშვილს, მარგარიტა დე ვალუას, რომელიც მოგვიანებით კლოდ ეკატერინეს სალონს ხშირად სტუმრობდა.[1]

იმის გარდა, რომ ის იყო ღირსეული და დაფასებული ფრეილინა სამეფო ოჯახის ქალებისათვის, კლერმონი ასევე თავისუფლად ლაპარაკობდა უცხო ენებზე - მათ შორის ლათინურზე და ბერძნულზე, რის გამოც, მედიჩების სამეფო კარზე მას ხშირად ევალებოდა უცხოელი სტუმრებისათვის თარჯიმნობის გაწევა.[3]

კლერმონი ძალიან აქტიურობდა პოლიტიკაშიც. ის თანაუგრძნობდა პროტესტანტებს, მაგრამ იმავდროულად ერთგულებდა სამეფო ოჯახს. მისი ვაჟი, მარკიზ დე ბელეისი მეფის კარის მიმართ ამ სენტიმენტებს არ იზიარებდა და მეტიც, მან სხვა თანამოაზრეებთან ერთად მეფე ანრი IV წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. დედამისმა სწრაფად მოითხოვა საპასუხო ჯარის შეკრება და მოკლე აჯანყება მალევე ჩაიხშო. ამ გაუგებრობის მოგვარებაში მისი წვლილის გამო ქალი, თავად მეფემ, დიდი სიმდიდრითა და ტიტულებით დააჯილდოვა.[3]

მოღვაწეობა კულტურის სფეროში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლერმონის სალონი ნელ-ნელა პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული სალონი გახდა, რომელსაც დიასახლისმა მოგვიანებით მწვანე სალონი („Salon Vert“) დაარქვა. სალონის იდეა შესაძლოა იმითაც იყო ნასაზრდოები, რომ ჯერ კიდევ მის დედამთილს, მარი-კატრინ დე პიერევივეს, XVI საუკუნეში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული სალონი ჰქონდა, ან ის, რომ სალონის ქონა ძალაუფლებას ჰმატებდა მის მეპატრონესა თუ მასპინძელს.[4] სალონები ქალებს გზას უხსნიდა სოციალურ წრეში აღმავლობისთვის, და მათ საშუალებას აძლევდა შეხვედროდნენ და ესაუბრათ მწერლებსა თუ მეცნიერებთან. კლერმონის შემთხვევაში ამან გაამართლა, და სალონის წრეში მას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ.[5]

კლოდ ეკატერინე თავის სალონში გამოგონილი პერსონა „დიქტინა“ - რომაული მითოლოგიის ნიმფა ხდებოდა. დიქტინა მსახური იყო დიანასი, იმის მსგავსად, თუ როგორ ემსახურებოდა კლერმონი მარგარიტა დე ვალუას, რომელსაც თავის მხრივ, პოეზიაში დიანას უწოდებდნენ. ამ ალტერ-ეგოს შექმნამ კლერმონს საშუალება მისცა სალონისთვის მაგიური, ჯადოსნური და შთამაგონებელი იერსახე მიეცა, და კიდევ უფრო მეტი გავლენა მოეპოვებინა. იმის გამო, რომ კლერმონი და სხვა ქალები სალონში ნიმფების მსგავს არსებებად ითვლებოდნენ, ამ შეკრებების მსვლელობისას ისინი არც იმ დროის გოგონათა ეტიკეტს, აკრძალვებსა და ტრადიციებს იცავდნენ ზედმიწევნით.[5]

კლერმონი მრავალი პოეტის მუზა, წამახალისებელი ფიგურა და ინსპირაცია გახდა. ის მრავალი მნიშვნელოვანი შემოქმედის ნაწარმოებშია მოხსენიებული, მათ შორის ესტინე პასკვერისაც. მისი ერთ-ერთი პოემა („Pastorale du Vieillard Amoureux“) პოეტისა და კლერმონის მიერ იმ საკითხის განხილვას ეხება, თუ რა ასაკის კაცს უყვარს უფრო ძლიერი სიყვარულით - ახალგაზრდას თუ მოხუცს. ამ საუბარში კლერმონი პასკერს ხუმრობით „მოხუცს“ უწოდებს. ლექსში პოეტი ამ მსუბუქ კამათს მოგონილი პერსონაჟებით გვაწვდის. თუ კლოდ ეკატერინემ მის ნაწარმოებს პასუხი გასცა, მას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა მსგავსი რამ გამორიცხული არაა, რადგან აღსანიშნავია, რომ ქალი მეტად წარმატებული მწერალი იყო.[5]

კლერმონს სხვა პოეტებიც ახსენებენ, მაგ. ამადის ჟამინი „Pontus de Tard“-ში, სადაც ის კლერმონს ადიდებს და მას ქალღმერთ არტემიდას, ნადირობის მფარველ ღვთაებას ადარებს.[6][7] ლექსი "Le Sejour Dyctinne et des Muses", ხელნაწერის, Français 25455-ის რეცის ალბომის მონაკვეთში „მწვანე სალონს” აღწერს, და მას კლოდ ეკატერინეს მიერ შექმნილ „ამორალურ ჯგუფად“ მოიხსენიებს. კლერმონის შესახებ ცნობები ასევე გვხვდება ეტიენ ჟოდელისა და სხვა კაცი პოეტების, ისევე როგორც ქალი პოეტების - ანა დე ტურვილისა და მარგარიტა დე ვალუას ნაშრომებში.[8]

გარდა იმისა, რომ ქალი მრავალი პოეტის ინსპირაციის წყარო იყო, კლოდ ეკატერინე თავადაც წერდა საკუთარ ნაწარმოებებს, თუმცა ისინი ძირითადად ხელნაწერებად ვრცელდებოდა და მათგან ძალიან ცოტაა შემონახული.[9]

სალონის გარეთ კლერმონს მრავალი სხვა ჰობი გააჩნდა. ის ნიჭიერი იყო მუსიკაში, ცეკვაში, დებატებში, და ასრულებდა ბალეტს.[10][11]

კლოდ ეკატერინე იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქალთაგანი, რომელნიც ანრი III მიერ Académie du Palais-ში (სასახლის აკადემიაში) იქნნენ მიღებულნი, სადაც ორატორობასა და დებატებზე ფოკუსირებით, ფილოსოფიური და ეთიკური თემები და იდეები განიხილებოდა.[12] აკადემია ყველასგან აქტიურ მონაწილეობას მოითხოვდა, ამიტომ ყველა ქალბატონი სწორედ მათი გამორჩეული შესაძლებლობების მიხედვით შეარჩიეს.[13]

1570 წელს, ის აქტიურად უჭერდა მხარს ჟან-ანტუან დე ბაიფის მუსიკისა და პოეზიის აკადემიის დაარსებას, რაც მისი, როგორც ხელოვნების ცნობილი მოამაგისათვის მეტად ჩვეულებრივ საქციელად მიიჩნეოდა.

კლერმონი 1603 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა.[1]

  • Robin, Diana; Larsen, Anne R.; Levin, Carole (2007). Encyclopedia of Women in the Renaissance: Italy, France, and England. Santa Barbara: ABC-Clio. pp. 81–83. ISBN 978-1-85109-772-2.
  • Campbell, Julie (2018). Literary Circles and Gender in Early Modern Europe: A Cross-Cultural Approach (1st ed.). Aldershot, England: Ashgate. pp. 73–81. ISBN 978-1138623583.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Robin, Diana; Larsen, Anne R.; Levin, Carole (2007) Encyclopedia of Women in the Renaissance: Italy, France, and England. Santa Barbara: ABC-Clio, გვ. 81–83. ISBN 978-1-85109-772-2. 
  2. Zum Kolk, Caroline (June 2009). „The Household of the Queen of France in the Sixteenth Century“. The Court Historian (ინგლისური). 14 (1): 3–22. doi:10.1179/cou.2009.14.1.001. ISSN 1462-9712.
  3. 3.0 3.1 Jones, David E. (1997). Women warriors: a history, 1st (en), Washington DC: Brassey's, გვ. 180. ISBN 978-1-57488-106-6. 
  4. Campbell, Julie (2021). Challenging Women's Agency and Activism in Early Modernity. Amsterdam: Amsterdam University Press, გვ. 263. 
  5. 5.0 5.1 5.2 Campbell, Julie (2018). Literary Circles and Gender in Early Modern Europe: A Cross-Cultural Approach, 1st (en), Aldershot, England: Ashgate, გვ. 73–81. ISBN 978-1138623583. 
  6. Artemis | Myths, Symbols, & Meaning | Britannica en (2024-11-18). ციტირების თარიღი: 2024-12-03
  7. Campbell, Julie D. (2023). Women, entertainment, and precursors of the French salon, 1532-1615, Cultures of play, 1300-1700. Amsterdam: Amsterdam University press. ISBN 978-94-6372-865-2. 
  8. Marguerite de Valois; Winn, Colette H.; Rouget, François (2009) Album de poésies, Textes de la Renaissance. Paris: Éd. Classiques Garnier. ISBN 978-2-8124-0073-5. 
  9. Claude Catherine de Clermont - VincentWiki en. ციტირების თარიღი: 2024-12-10
  10. Yates, Frances A. (1988). The French academies of the sixteenth century, Reprint [d. Ausg.] London, 1947, London: Routledge. ISBN 978-0-415-00221-9. 
  11. (2007) Dictionary of women worldwide: 25,000 women through the ages. Farmington Hills, MI: Thomson Gale. ISBN 978-0-7876-7585-1. OCLC ocm64770912. 
  12. Brown, Howard Mayer; Fenlon, Iain (2001) Academy, Oxford Music Online. Oxford University Press. DOI:10.1093/gmo/9781561592630.article.00084. 
  13. Sealy, Robert (1981). The Palace Academy of Henry III. Geneva: Librairie Droz S.A..