კლოდია პულქრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლოდია Promptuarii Iconum Insigniorum-დან

კლოდია პულქრა (ლათ. Clodia Pulchra; დ. დაახლ. ძვ. წ. 54) — წარჩინებული რომაელი ქალბატონი, მომავალი იმპერატორის, ავგუსტუსის პირველი ცოლი. სახალხო ტრიბუნის, პუბლიუს კლოდიუს პულქერისა და ფულვიას ქალიშვილი.[1] ეს უკანასკნელი, მოგვიანებით, ცოლად გაჰყვა მარკუს ანტონიუსს და კლოდიაც მისი გერი გახდა. კლოდიას ჰყავდა ორი ნახევარძმა: მარკუს ანტონიუს ანტილუსი და იულუს ანტონიუსი.

მარკუს ანტონიუსი ფულვიას მესამე ქმარი იყო. იგი, კლოდიუს პულქერის მსგავსად, მოხარული იყო მიეღო ფულვიას ფული, რაც მას კარიერულ წინსვლაში დაეხმარებოდა. ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს კეისრის მკვლელობის შემდეგ, ანტონიუსმა ოქტავიანესა და ლეპიდუსთან ერთად მეორე ტრიუმვირატი ჩამოაყალიბა და პროსკრიფციები გამოსცა. პოლიტიკური ალიანსის განსამტკიცებლად, ფულვიამ ახალგაზრდა ოქტავიანეს ცოლად შესთავაზა კლოდია, ლეპიდუსმა კი თავისი ცოლის დისშვილი სერვილია. საბოლოოდ, ოქტავიანემ კლოდია აირჩია.

მათი ქორწინების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და კლოდიას შესახებაც მხოლოდ მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი. როდესაც ოქტავიანემ კლოდიასთან განქორწინება ითხოვა, ფულვიამ მოქმედებაზე გადასვლა გადაწყვიტა. მან თავის მაზლთან, ლუციუს ანტონიუსთან ერთად, იტალიაში რვა ლეგიონი შეკრიბა ანტონიუსის უფლებებისათვის ოქტავიანესთან საბრძოლველად, რაც, მოგვიანებით, პერუზიის ომის სახელით გახდა ცნობილი. ფულვიასა და ანტონიუსის არმიამ მცირე დროით რომის დაკავებაც კი მოახერხა, მაგრამ, საბოლოოდ, პერუზიისაკენ (თანამედროვე პერუჯა) დაიხია. ოქტავიანემ ისინი ძვ. წ. 41-40 წლების ზამთარში ალყაში მოაქცია და შიმშილობის შედეგად, აიძულა დანებებოდნენ. ფულვია სიკიონში გადაასახლეს, სადაც იგი უეცარი დაავადებით გარდაიცვალა. ოქტავიანე გაეყარა კლოდიას, რათა დაქორწინებულიყო სკრიბონიაზე, რომელმაც მას ერთადერთი შვილი, იულია გაუჩინა.[2] მისი ქორწინება კლოდიასთან ძალაში შესული არც არასდროს ყოფილა. ოქტავიანემ იგი დედამისთან დააბრუნა წერილითურთ, სადაც ფულვიას აუწყებდა, რომ მისი ქალიშვილი „ხელუხლებელი“ იყო.[3]

კლოდია პულქრას შემდგომი ბედი უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი, 62
  2. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი 63
  3. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი 62; დიონ კასიუსი, რომის ისტორია 48. 5. 3.