კლიტოციბე (ლათ.Clitocybe) — ქუდიანი სოკოების გვარი ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ხასიათდება ფეხის მიმართ დაღმავალი თეთრი ან ღიად შეფერილი ფირფიტებით. ცნობილია 250-მდე სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე. კლიტოციბეებს შორისაა საჭმელი და შხამიანი სოკოები. საჭმელებიდან ყველაზე გავრცელებულთა შორისაა: მინდვრის სოკო (C. nebularis), რომელიც ხშირად წარმოქმნის ე.წ. „ქაჯის წრეს“; სურნელოვანი კლიტოციბე (C. odora) მოცისფრო-მომწვანი ქუდითა და ანისულის სურნელის მქონე თეთრი რბილობით და სხვ. შხამიანებიდან ხშირად გვხვდება: ცვილისებრი კლიტოციბე (C. phyllophila), ჭუჭყისფერ-თეთრი ქუდით, ცენტრში კუზისებრი ამონაზარდით; მოთეთრო კლიტოციბე (C. dealbata) ძაბრისებრი ქუდით და სხვ. ტყის ცხოვრებაში ყველა ეს სოკო მნიშვნელოვან როლს თამაშობს — შლიან ტყის ნაფენს და ნიადაგს ამდიდრებენ საკვები ნივთიერებებით. უხვად გაზრდის დროს ალამაზებენ ტყეს.[1]