შინაარსზე გადასვლა

კლიმენტ ვოროშილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლიმენტ ვოროშილოვი
რუს. Климе́нт Ефре́мович Вороши́лов
დაბადების თარიღი 23 იანვარი (4 თებერვალი), 1881[1]
დაბადების ადგილი ვერხნეე (ლისიჩანსკი)
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1969(1969-12-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[1]
მოქალაქეობა  სსრკ
ეროვნება რუსები
მეუღლე/ები ეკატერინა ვოროშილოვა
ჯილდოები იხ. ჯილდოები
ვიაჩესლავ მოლოტოვი, იოსებ სტალინი და კლიმენტ ვოროშილოვი, 25 ივნისი, 1937

კლიმენტ ვოროშილოვი (რუს. Климент Ефремович Ворошилов; დ. 4 თებერვალი, 1881, სოფ. ვერხნეე, ბახმუტის მაზრა, ეკატერინოსლავის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 2 დეკემბერი, 1969, მოსკოვი, სსრ კავშირი) — რუსი საბჭოთა სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, სამოქალაქო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის მარშალი (1935), საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახალხო კომისარი (1934–1940), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1953–1960), ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი (1956, 1958), სოციალისტური შრომის გმირი (1960). პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი 1921–1961 და 1966–1969 წლებში. საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო ბიუროს წევრი (1924–1926). საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი (1926–1952), სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი (1952–1960).

დაიბადა 1881 წლის 4 თებერვალს ეკატერინოსლავის გუბერნიის ბახმუტის მაზრის სოფელ ვერხნეეში (ამჟამად ქალაქ ლისიჩანსკის შემადგენლობაში), რკინიგზის ლიანდაგების დარაჯის, ეფრემ ანდრეის ძე ვოროშილოვის (1844–1907) და დღიური მუშის, მარია ვასილის ასულ ვოროშილოვას (ქალიშვილობის გვარი — აგაფონოვა) (1857–1919) ოჯახში. თავის მემუარებში, მშობლიურ ადგილებსა და ოჯახზე საუბრისას, ვოროშილოვი თავის რუსულ წარმომავლობასაც ეხება.[9] 6 წლის ასაკიდან მწყემსავდა პირუტყვს, აგროვებდა ქვანახშირის მინარევებს და მუშაობდა ქვანახშირის მანქანების მზეთავად სლავიანოსერბსკის მაზრის მაღაროებში, სადაც მისი ოჯახი მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა. დღიური ანაზღაურება 8-დან 10 კაპიკამდე შეადგენდა. დაწყებითი განათლება 14 წლის ასაკში სლავიანოსერბსკის მაზრის სოფელ ვასილიევკაში მდებარე ორწლიან საერო სკოლაში მიიღო. 1896 წლიდან დამხმარე მუშად მოეწყო ეკატერინინსკის მეტალურგიულ კომბინატში, საიდანაც გაფიცვის ორგანიზების გამო დაითხოვეს. 1903 წლიდან მუშაობდა ქალაქ ლუგანსკის ჰარტმანის ორთქლმავალსაშენ ქარხანაში.

რევოლუციური და პარტიული საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წელს შევიდა რსდმპ-ის რიგებში. 1904 წელს მას ირჩვენ ლუგანსკის ბოლშევიკური კომიტეტის წევრად და მის მეთაურად.

1905–1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. 1905 წლის ზაფხულში რევოლუციურ მოვლენებში მონაწილეობისთვის იგი ჟანდარმების მხრიდან იქნა ნაცემი და შემდეგ დაპატიმრებული. 1905 წლის დეკემბერში, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მას ირჩევენ ლუგანსკის მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ, რა დროსაც იგი ხელმძღვანელობდა მუშათა გაფიცვას და მებრძოლი რაზმების შექმნას.

რსდმპ-ის მეოთხე (1906) და მეხუთე (1907) ყრილობების დელეგატი. ცნობილი იყო ფსევდონიმით „ვოლოდინი“.[10] 1908–1917 წლებში ეწეოდა იატაკქვეშა პარტიულ მუშაობას ბაქოში, პეტროგრადსა და ცარიცინში. არაერთხელ იყო დაპატიმრებული. გადასახლებული იყო არხანგელსკის გუბერნიის პატარა ქალაქ პინეგაში,[11] საიდანაც 1907 წლის 22 დეკემბერს გაიქცა.

1909 წელს სანქტ-პეტერბურგში კვლავ დააპატიმრეს და „კრესტის“ ციხეში მოათავსეს, შემდეგ კი ეტაპით არხანგელსკის გუბერნიის ქალაქ მეზენში გადაასახლეს, სადაც 1909 წლის ოქტომბრის ბოლომდე მოუწია დარჩენა. სამი წლის გადასახლებისა და პატიმრობის შემდეგ იგი ეწეოდა პარტიულ მუშაობას ცარიცინის ქვემეხთა ქარხანაში, შემდეგ კი პეტროგრადის ქარხანაში.

მონაწილეობდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციაში, მისი პირველი დღეებიდანვე იყო პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი და VII (აპრილის) სრულიად რუსეთის კონფერენციისა და რსდმპ(ბ)-ის VI ყრილობის დელეგატი.

1917 წლის მარტის ბოლოს დაბრუნდა ლუგანსკში, სადაც ხელმძღვანელობდა რევოლუციურ ბრძოლას. მალევე აირჩიეს ლუგანსკის ბოლშევიკების კომიტეტის თავმჯდომარედ, აგვისტოდან — ქალაქის სათათბიროს, ხოლო სექტემბრიდან — ლუგანსკის საბჭოს თავმჯდომარედ.

იყო ოქტომბრის რევოლუციის მონაწილე. 1917 წლის ნოემბერში დაინიშნა პეტროგრადის სამხედრო რევოლუციური კომიტეტის კომისრად. 1917 წლის 5 დეკემბერს, სახალხო კომისართა საბჭომ, ძერჟინსკის წინადადებით, განიხილა ქალაქის ყოფილი ადმინისტრაციის ლიკვიდაციისა და დედაქალაქში წესრიგის შესანარჩუნებლად სპეციალური ორგანოს შექმნის საკითხი. ამ გეგმის დამტკიცების შემდეგ, სახალხო კომისართა საბჭომ მისი განხორციელება ვოროშილოვს დაავალა. ძერჟინსკისთან ერთად, ხელმძღვანელობდა სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის (ВЧК) ორგანიზების სამუშაოებს.

უცხოეთის სამხედრო ინტერვენციისა და რუსეთის სამოქალაქო ომის წლებში პარტიის დავალებით გაიგზავნა ოკუპანტებისა და თეთრგვარდიული კონტრრევოლუციის წინააღმდეგ საბრძოლველად. 1918 წლის 15 აპრილს სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე, დონეცკ-კრივოი როგის საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭომ იგი მე-5 არმიის მეთაურად დანიშნა. შემდეგ მეთაურობდა ცარიცინის ჯარების ჯგუფს, იყო სამხრეთის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრი და მეთაურის მოადგილე, მე-10 არმიის მეთაური (1918 წლის 3 ოქტომბერი — 18 დეკემბერი), უკრაინის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი (1919 წლის იანვარი-ივნისი), ხარკოვის სამხედრო ოლქის მეთაური, მე-14 არმიისა და უკრაინის შიდა ფრონტის მეთაური. იყო პირველი ცხენოსანი არმიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მისი რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრი.

1919 წლის მარტში გამართულ რკპ(ბ)-ს მერვე ყრილობაზე მიემხრო „სამხედრო ოპოზიციას“. 1920 წელს სამხედრო დამსახურებისთვის საპატიო რევოლუციური იარაღით დაჯილდოვდა. 1921 წლიდან 1924 წლამდე იყო რკპ(ბ)-ს ცენტრალური კომიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთის ბიუროს წევრი და ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაური. 1924–1925 წლებში სარდლობდა მოსკოვის სამხედრო ოლქის ჯარებს, იყო სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი და სსრ კავშირის რევოლუციური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე (1925 წლის 6 ნოემბრიდან 1934 წლის 20 ივნისამდე), შემდეგ — სსრ კავშირის თავდაცვის სახალხო კომისარი.

1940 წლის მაისში დაინიშნა სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. შეიარაღებულ ძალებში მთელ რიგ სხვა მაღალ პოსტებზე ყოფნისას მონაწილეობდა გერმანელ ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ სხვადასხვა სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის პირველი დღეებიდანვე იყო თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის[კომ. 1] წევრი — მისი შექმნიდან, 1941 წლის 30 ივნისიდან — 1944 წლის 22 ნოემბრამდე, ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის მთავარსარდალი[12] (1941 წლის 10 ივლისიდან 27 აგვისტომდე), შემდეგ ლენინგრადის ფრონტის ჯარების მეთაური (1941 წლის 5 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე),[კომ. 2] უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის წარმომადგენელი ჯარების ფორმირების მიმართულებით (1941 წლის 12 ოქტომბერი — 1942 წლის 5 სექტემბერი), უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის წარმომადგენელი ვოლხოვის ფრონტზე (1942 წლის 15 თებერვალი — 25 მარტი). 1942 წლის 15 დეკემბერს უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის მიერ მივლინებული იქნა ლენინგრადისა და ვოლხოვის ფრონტების საბრძოლო მოქმედებების რაიონში, ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის მომზადებაში დახმარების აღმოსაჩენად.[13]

ვოროშილოვის პირველ საჯარო გამოსვლად ომის პერიოდში ითვლება მისი მოწოდება „თავდაცვის შესახებ“, რომელიც 16 სექტემბერს, ლენინგრადის ბლოკადის დასაწყისში და 1941 წლის მოსკოვის პანიკამდე ცოტა ხნით ადრე გადაიცა საბჭოთა რადიოთი.[14][კომ. 3]

1943 წლის იანვარში კოორდინაციას უწევდა ლენინგრადის ფრონტის ჯარების მოქმედებებს ოპერაცია „ისკრის“ ფარგლებში ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისას. 1943 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მივლინებული იქნა ცალკეულ სანაპირო არმიაში, პლაცდარმის გაფართოების მიზნით სამხედრო ოპერაციების ორგანიზებაში დახმარების აღმოსაჩენად. იყო კოორდინატორი 1944 წლის ყირიმის შეტევითი ოპერაციის დროს, ცალკეულ სანაპირო არმიაში.

1942 წლის 6 სექტემბერს პარტიზანული მოძრაობის მთავარსარდლად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე პარტიზანული ძალების მართვის სრულყოფისა და ორგანიზების გაუმჯობესების გზით დიდი წვლილი შეიტანა პარტიზანული მოძრაობის განვითარებაში. მის მიერ პრაქტიკაში დანერგილი პარტიზანული ძალების მართვის სისტემა მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი აღმოჩნდა და მცირე ცვლილებებით, ომის დასრულებამდე მოქმედებდა. ვოროშილოვის ძალისხმევით, პარტიზანული მოძრაობის ცენტრალური შტაბი პარტიზანული ძალების მართვის ძლიერ ორგანოდ იქცა. მისივე ძალისხმევით მოხდა სამხედრო პერსონალის მომზადებასთან, საჰაერო ტრანსპორტთან, საავიაციო გადაზიდვებთან, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და პარტიზანული მოძრაობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარება.[13]

საბჭოთა დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა თეირანის კონფერენციის მუშაობაში. ამასთან, 1943 წელს ხელმძღვანელობდა ცეცხლის შეწყვეტისა და საზავო საკითხებზე მომუშავე კომისიას, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გერმანიის უპირობო კაპიტულაციის პირობების მომზადებასა და შემუშავებაში. კომისიის მუშაობის პირველ მნიშვნელოვან მიღწევად იქცა მისი ხელმძღვანელობით შედგენილი 1944 წლის 3 თებერვლით დათარიღებული „დოკუმენტი გერმანიის უპირობო კაპიტულაციის შესახებ“. კომისიის მუშაობის საბოლოო ანგარიში 1946 წლის 14 თებერვლით თარიღდება.[15]

ომისშემდგომი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945–1947 წლებში იყო უნგრეთში მოკავშირეთა საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე. მოკავშირეთა საკონტროლო კომისიამ მუშაობა დებრეცენში 1945 წლის 5 თებერვალს დაიწყო. შერეული საკონტროლო კომისიის მოვალეობებში ზავის პირობების რეგულირებასა და შესრულების საკითხებთან დაკავშირებულ პროცესებზე ზედამხედველობა შედიოდა. ყველა სირთულის მიუხედავად, შერეული საკონტროლო კომისიისთვის დაკისრებული ამოცანები წარმატებით შესრულდა. კომისიამ საქმიანობა სამშვიდობო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ შეწყვიტა.[16]

1946–1958 წლებში ეკავა სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. 1953 წელს აირჩიეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ და ამ მოვალეობას ასრულებდა 1960 წლამდე. იყო სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი 1969 წლამდე, ასევე პარტიის IV, V, VI, VIII ყრილობების დელეგატი, პარტიის X ყრილობის შემდეგ — პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ხოლო 1926 წლიდან 1960 წლამდე სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი.

1957 წელს მალენკოვთან, კაგანოვიჩთან და მოლოტოვთან ერთად შეუერთდა ე. წ. „ანტიპარტიულ ჯგუფს“, რომელიც ცდილობდა ნიკიტა ხრუშჩოვის პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას. ჯგუფის დამარცხების შემდეგ, მისი მოთავეებისგან განსხვავებით, ვოროშილოვი პარტიიდან არ გაურიცხავთ და მხოლოდ პარტიის XXII ყრილობაზე მისი კრიტიკით შემოიფარგლენ, რის შემდეგაც ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, თუმცა, ბრეჟნევის დროს, 1966 წელს, პარტიის XXIII ყრილობაზე კვლავ პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს, რა თანამდებობასაც სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა.[17]

ორგზის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, სოციალისტური შრომის გმირის წოდება, დაჯილდოვდა რვა ლენინის ორდენით, ექვსი წითელი დროშის ორდენით, პირველი ხარისხის სუვოროვის ორდენით, მედლებითა და საპატიო რევოლუციური იარაღით, ასევე რიგი სოციალისტური ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების ორდენებითა და მედლებით.

სსრ კავშირის ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სოციალისტური შრომის გმირი (1960 წლის 7 მაისი)[18]
  • ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი
  • რვა ლენინის ორდენი
  • ექვსი წითელი დროშის ორდენი
  • სუვოროვის პირველი ხარისხის ორდენი
  • მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“
  • მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“
  • მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
  • მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
  • საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“
  • საიუბილეო მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“
  • საიუბილეო მედალი „საბჭოთა არმიისა და საზღვაო ძალების 30 წელი“
  • საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 40 წელი“
  • საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 50 წელი“
  • მოსკოვის 800 წლისთავის მედალი
  • საიუბილეო მედალი „ლენინგრადის 250 წლისთავის აღსანიშნავად“
  • მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის გმირი
  • სუხე-ბატორის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • პოლარული ვარსკვლავის ორდენი
  • მონღოლეთის მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისთვის“
  • ორდენი უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის
  • ტუვის რესპუბლიკის ორდენი
  • რევოლუციის საპატიო იარაღი
  • საპატიო იარაღი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო გერბის ოქროსფერი გამოსახულებით
  • კამბოჯის სამეფო ორდენი
  • საბაელთა დედოფლის ორდენი
  • ფინეთის თეთრი ვარდის ორდენის დიდი ჯვარი ჯაჭვით
  • Ворошилов К. Е. Ещё сильнее будем крепить оборону Советской страны (речь на XVII съезде ВКП(б)) — М.: Партиздат, 1934.
  • Ворошилов К. Е. Статьи и речи от XVI до XVII съезда ВКП(б). — М.: Партиздат, 1934. — 208 с.: портр.
  • Ворошилов К. Е. О молодёжи. — М.: Молодая гвардия, 1936. — 198 с.: портр.
  • Ворошилов К. Е. Статьи и речи. — М.: Партиздат, 1936. — 666 с.: портр.
  • Ворошилов К. Е. Речи на собраниях избирателей Минска. — М.: Партиздат, 1937. — 13 с.
  • Ворошилов К. Е. По славному пути социализма. — М.: Госполитиздат, 1955. — 15 с.
  • Ворошилов К. Е. Речь на XX съезде КПСС 20 февраля 1956 года. — М.: Госполитиздат, 1956. — 23 с.
  • Ворошилов К. Е. Из истории подавления Кронштадтского мятежа. // Военно-исторический журнал. — 1961. — № 2. — С.15-35.
  • Ворошилов К. Е. Рассказы о жизни: (Воспоминания). Кн. 1. — М.: Политиздат, 1968.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი (რუს. Государственный комитет обороны) — სსრ კავშირის საგანგებო უმაღლესი სახელმ­წი­ფო ორგანო, რომელშიც დიდი სამამულო ომის დროს (1941–1945), თავმოყრილი იყო მთელი ძალაუფლება. შეიქმნა 1941 წლის 30 ივნისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სკპ (ბ) ცკ-ისა და სახკომსაბჭოს გადაწყვეტილებით. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ხელმძღვანელობდა ყველა სა­ხელმწიფო უწყებასა და დაწესე­ბულებას, წარმართავდა მათ საქმიანობას. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებას ომის დროს კანონის ძალა ჰქონდა: თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს შეიარაღებული ბრძოლის ოპერატიულ-სტრატეგიული ხელმძღვანელობისათვის წარმოადგენდა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკი (Ставка Верховного главнокомандования). თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის უცვლელი თავმჯდომარე იყო ი. ბ. სტალინი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი გაუქმდა.
  2. ლენინგრადის ფრონტი — წითელი არმიის ოპერატიულ-სტრატეგიული ფორმირება დიდი სამამულო ომის დროს. ჩამოყალიბდა 1941 წლის 23 აგვისტოს, უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის 1941 წლის 23 აგვისტოს დირექტივის საფუძველზე, ჩრდილოეთის ფრონტის კარელიის და ლენინგრადის ფრონტებად დაყოფის გზით. ამ თანამდებობაზე ვოროშილოვი ჟუკოვმა შეცვალა.
  3. აღნიშნული მიმართვის სრული ტექსტი, ისევე როგორც მისი ჩანაწერი, სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის არქივში არ შემონახულა.
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118770373 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. Find a Grave — 1996.
  5. filmportal.de — 2005.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. TracesOfWar
  8. Munzinger Personen
  9. Ворошилов К. Е. Рассказы о жизни. — М.: Политиздат, 1968. — 368 с. — С. 5—11.
  10. Похлёбкин В. В. Великий псевдоним. — М.: ЮДИТ; Алтай, 1996. — ISBN 5-87798-014-16
  11. Акшинский В. С. Ворошилов. В тюрьмах и ссылках
  12. Постановление ГКО «О назначении Главнокомандующих войсками направлений» № ГОКО-83сс, 10 июля 1941 г.. ციტირების თარიღი: 2025-11-03
  13. 13.0 13.1 Центральный штаб — партизанский : Министерство обороны Российской Федерации. ციტირების თარიღი: 2025-11-03
  14. Шапорина Л. В. Дневник. — М.: НЛО, 2011. — Т. 1. — С. 526.
  15. Филитов А. М., «Комиссия Ворошилова» - ведущий орган советского планирования по Германии в период Великой Отечественной войны, ტ. X. Победа. Дипломатические аккорды «Большой войны»..
  16. Михайлик А. Г. История боевых действий Красной Армии на территории Венгрии (сентябрь 1944 — апрель 1945 гг.) (диссертация). Воронеж, 2016.
  17. Материалы XXIII съезда КПСС. — М.: Политиздат, 1966. — 304 с. С. 289.
  18. Ворошилов Климент Ефремович :: Записи из ГУК. ციტირების თარიღი: 2025-11-02