შინაარსზე გადასვლა

კლეოპატრა სელენა II

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლეოპატრა სელენა II

რომაული ბიუსტი, რომელზეც სავარაუდოდ კლეოპატრა სელენა II ან მისი დედა, კლეოპატრაა გამოსახული. ინახება ალჟირში, შერშელის არქეოლოგიურ მუზეუმში[1]
კირენაიკას დედოფალი
მმართ. წლები: ძვ. წ. 34 — ძვ. წ. 30
კორონაცია: ძვ. წ. 34, ალექსანდრიის განაწილებისას
მავრეტანიის დედოფალი
მმართ. წლები: ძვ. წ. 25 — ძვ. წ. 5
თანამმართველი: იუბა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 40[2]
დაბ. ადგილი: ალექსანდრია, ძველი ეგვიპტე
გარდ. თარიღი: დაახლ. ძვ. წ. 5 (34-35 წლის)[2]
გარდ. ადგილი: შერშელი, მავრეტანია
დაკრძ. ადგილი: მავრეტანიის სამეფო მავზოლეუმი
მეუღლე: იუბა II
შვილები: პტოლემე მავრეტანიელი
უცნობი ქალიშვილი
დინასტია: პტოლემეების
მამა: მარკუს ანტონიუსი
დედა: კლეოპატრა VII

კლეოპატრა სელენა II (ბერძ. Κλεοπάτρα Σελήνη; დ. ძვ. წ. 40 წლის ზაფხული — გ. დაახლ. ძვ. წ. 5)[3]პტოლემეების დინასტიის პრინცესა, კირენაიკას ფორმალური დედოფალი ძვ. წ. 34-დან ძვ. წ. 30 წლამდე[4] და მავრეტანიის დედოფალი და ქმრის, იუბა მეორის თანამმართველი[5][6] ძვ. წ. 25 წლიდან ძვ. წ. 5 წლამდე. წარმოადგენდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას ადრეულ ავგუსტინურ პერიოდში.

კლეოპატრა სელენა ბერძენი პტოლემელი დედოფლის, კლეოპატრა VII-სა და რომაელი გენერლის, მარკუს ანტონიუსის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ანტიოქიისა და ალექსანდრიის გადანაწილებასთან ერთად, კლეოპატრა სელენა კირენაიკასა და ლიბიის დედოფალი გახდა.[7][8][9] ანტონიუსისა და კლეოპატრას აქციუმის ბრძოლაში დამარცხებისა და მათი ძვ. წ. 30 წელს ეგვიპტეში თვითმკვლელობის შემდეგ, სელენა და მისი ძმები რომში წაიყვანეს და ოქტავიანეს დის, ოქტავია უმცროსის, მარკუს ანტონიუსის ყოფილი ცოლის სახლში დააბინავეს.

სელენა იუბა II მავრეტანიელზე გათხოვდა. მას, როგორც დედოფალს, დიდი გავლენა ჰქონდა მავრეტანიის სამმართველო გადაწყვეტილებებზე, განსაკუთრებით ვაჭრობისა და აღმშენებლობის საკითხებში. სელენასა და იუბას მმართველობისას ქვეყანა ძალიან გამდიდრდა. წყვილს ვაჟი და მემკვიდრე, პტოლემი მავრეტანიელი შეეძინა. მათი შვილიშვილის, დრუზილას ანტონიუს ფელიქსზე გათხოვებამ უზრუნველყო, რომ პტოლემეური გვარი რომაელთა არისტოკრატიას მრავალი თაობის განმავლობაში ენათესავებოდა.

ანტიკური რომაული ბიუსტი, შესაძლოა მასზე გამოსახული იყოს კლეოპატრა სელენა II ან კლეოპატრა VII, ინახება შერშელის არქეოლოგიურ მუზეუმში, ალჟირში.[10]
აღმოსავლურ სამოსში ჩაცმული ბიჭის ბრინჯაოს ქანდაკება, შესაძლოა ალექსანდრე ჰელიოსი, ძვ. წ. პირველი საუკუნის შუა წლები. ინახება მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში.

კლეოპატრა სელენა ეგვიპტეში, დაახლოებით ძვ. წ. 40 წელს, დედოფალ კლეოპატრა VII-ს ერთადერთ ქალიშვილად დაიბადა. მისი მეორე სახელი (სელენა - ძველბერძნულად „მთვარე“) მისი ტყუპი ძმის, ალექსანდრე ჰელიოსის მეორე სახელის ანტონიმია (ჰელიოსი - ძველბერძნულად „მზე“). მან ბავშვობა ალექსანდრიაში გაატარა და პტოლემელი პრინცესის საკადრისი განათლება მიიღო. ტყუპები ფორმალურად მათმა მამამ, მარკუს ანტონიუსმა, ძვ. წ. 37 წელს, კლეოპატრასთან პოლიტიკურ შეხვედრაზე აღიარა. მათი უმცროსი ძმა, პტოლემე ანტონი ფილადელფოსი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ძვ. წ. 36 წელს დაიბადა. კლეოპატრა VII სავარაუდოდ გეგმავდა რომ სელენა თავისი უფროსი შვილისა და სელენას ნახევარძმისათვის, იულიუს კეისრის ვაჟ პტოლემე XV-ისათვის მიეთხოვებინა.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში ანტონიუსმა კლეოპატრასა და მის შვილებს დიდი რაოდენობის მიწები უძღვნა. ძვ. წ. 34 წელს, ალექსანდრიის განაწილების დროს, ხალხის მასები ინტერესით უყურებდა ვერცხლის პლატფორმაზე, ოქროს ტახტებზე მჯდარ კლეოპატრასა და მარკუს ანტონიუსს, რომლებსაც გვერდზე პტოლემე XV, ალექსანდრე ჰელიოსი, კლეოპატრა სელენა და პტოლემე ფილადელფოსი ესხდნენ. ანტონიუსმა კლეოპატრა მეფეთა დედოფლად გამოაცხადა, პტოლემე XV იულიუს კეისრის ვაჟად აღიარა და ეგვიპტის მმართველად მონათლა, ხოლო თავის შვილებს თავიანთი სამეფოები უბოძა. კლეოპატრა სელენას კირენაიკა და ლიბია გადაეცა. ბავშვებიდან არც ერთს არ აძლევდა ასაკი მმართველობის უფლებას, თუმცა აშკარა იყო, რომ მათი მშობლების გეგმით, მათი ტახტზე ოფიციალურად ასვლა უახლოეს მომავალში უნდა მომხდარიყო. ამ ქმედებამ, ანტონიუსის მიერ კლეოპატრას ცოლად მოყვანასა და ოქტავია უმცროსთან (ოქტავიანეს უფროს დასთან) გაყრასთან ერთად, სულ რამდენიმე წელიწადში რომის რესპუბლიკის უკანასკნელი ომი განაპირობა.

ძვ. წ. 31 წელს, აქციუმის საზღვაო ბრძოლაში კლეოპატრა და ანტონიუსი ოქტავიანემ დაამარცხა. იმ დროისათვის, როდესაც ოქტავიანემ ეგვიპტეში ჩააღწია (ძვ. წ. 30 წლის ზაფხულში), წყვილს ბავშვები უკვე გადამალული ჰყავდა. პტოლემე XV ინდოეთში გაიქცა, მაგრამ გზაზე მას თავისმა მასწავლებელმა უღალატა, რომაელებმა დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს. კლეოპატრა სელენა, ალექსანდრე ჰელიოსი და პტოლემე ფილადელფოსი თებეს სამხრეთით გაემგზავრნენ, მაგრამ რომაელები წამოეწივნენ და ალექსანდრიაში დააბრუნეს. ოქტავიანეს მიერ ეგვიპტის აღებასთან ერთად მარკუს ანტონიუსმა თავი მოიკლა და კლეოპატრამაც მალე მიბაძა მის ქმედებას. მათი დედისა და მათი ნახევარძმის სიკვდილმა სელენა და ალექსანდრე ეგვიპტის ტახტის ფორმალურ მემკვიდრეებად აქცია, თუმცა ორი კვირის შემდეგ რომის იმპერიამ ეგვიპტის ოფიციალური ანექსია მოახდინა და შედეგად პტოლემეების დინასტიისა და ზოგადად ეგვიპტის ფარაონთა მმართველობაც დაასრულა.

როდესაც ოქტავიანე რომში დაბრუნდა, ქალაქს ტყვეებად კლეოპატრა სელენა და მისი ძმები ჩაუყვანა. ეგვიპტეზე გამარჯვების აღსანიშნავად მან ტყუპები მზისა და მთვარის კოსტუმებში გამოაწყო, ოქროს ბორკილები დაადო, ქუჩებში ჩამოატარა და უკან კლეოპატრას ქანდაკება აადევნა, რომელზეც გამოსახული დედოფალი ხელში ჩაბღუჯული ასპიტით იკლავდა თავს. ბორკილების სიმძიმის გამო ბავშვებს სიარული ძალიან უჭირდათ, რამაც რომაელ მაყურებლებში მათ მიმართ მოულოდნელი სიმპათია გამოიწვია.[11]

მას შემდეგ რაც ეგვიპტე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, გაქრა, დაისვა კითხვა თუ რა უნდა ექნათ კლეოპატრასა და მარკუსის შვილებისათვის. იმის გამო, რომ ბავშვებს არც ერთი ცოცხალი ნათესავი არ ჰყავდათ, მათი მოვლის პასუხისმგებლობა ოქტავიანეს დააწვა, რომელმაც, თავის მხრივ, ეს პასუხისმგებლობა თავის დას გადასცა. კლეოპატრა სელენა და მისი ძმები პალატინის ბორცვზე, ოქტავიას სახლში გადაიყვანეს.[11] ამ სახლში ისინი თავიანთ ნახევარძმა იულუს ანტონიუსთან (მათი მამისა და მისი მესამე ცოლის, ფულვიას ვაჟთან), თავიანთ ნახევარდებთან (ორივე მათგანს ანტონია ერქვა, ანტონიუსისა და ოქტავიას შვილები იყვნენ) და ოქტავიას წინა ქორწინებიდან გამოყოლილ უფროს შვილებთან, მარკუს კლავდიუს მარცელუსთან, კლავდია მარცელა უფროსთან და კლავდია მარცელა უმცროსთან ერთად ცხოვრობდნენ. კლეოპატრა სელენა პტოლემეების დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენლად ითვლება,[12] რადგან ამის შემდეგ მისი ძმები ისტორიული ჩანაწერებიდან მალევე ქრებიან - სავარაუდოდ ავადმყოფობით დაღუპვის ან მკვლელობის გამო.[13]

ქორწინება და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პტოლემე მავრეტანიელის ბიუსტი, ინახება ვატიკანის მუზეუმში (Museo Chiaramonti)

ოქტავიამ კლეოპატრა სელენა განათლებულ მეფე იუბა II-ს გააყოლა ცოლად. იუბას მამას (იუბა I) ძვ. წ. 46 წელს, იულიუს კეისართან დამარცხების შემდეგ თავი მოეკლა, იულიუსს მისი ვაჟი რომში ჩამოეყვანა და მისთვის განათლება მიეცა, მაგრამ ძვ. წ. 44 წელს კეისრის მკვლელობის შედეგად მისი მეურვეობა ოქტავიანეს, მომავალ ავგუსტუსს გადაეცა. ქორწინება სავარაუდოდ ძვ. წ. 25 წელს შედგა, როდესაც კლეოპატრა სელენა 15 წლის იქნებოდა, და იუბა II მავრეტანიის გასაძღოლად გაემგზავრა,[14] რის შესახებად ეს ეპიგრამა გვამცნობს:

მსოფლიოს დიდებულო მეზობელო მხარეებო, რომლებსაც ნილოსი ყოფს,
შავი ეთიოპიიდან ჩამოდენილი, ყოფს,
ქორწინებით საერთო მეფეები შექმენით ორივე ადგილისათვის, ერთი ჯიში გახადეთ ეგვიპტელებისა და ლიბიელებისა.
სანაცვლოდ მეფეთა შვილებმა მამებისგან მიიღონ ძლიერი მმართველობა ორივე ქვეყანაზე.

პოემის მიხედვით კლეოპატრა სელენა და იუბა II მავრეტანიის ახალ თანამმართველებად მოიაზრებოდნენ.[5]

წყვილს ორი შვილი შეეძინა:

  • პტოლემე მავრეტანიელი, დაიბადა ძვ. წ. 10 წელს.[15] სახელი პტოლემეელთა დინასტიისა და კლეოპატრა სელენას უმცროსი ძმის გამო დაერქვა. ამ სახელის დარქმევით სელენამ მკვეთრი ბერძნულ-ეგვიპტური მოტივი შეიქმნა და საკუთარ როლს, როგორც განდევნილი პტოლემეების მემკვიდრისას, ხაზი გაუსვა.
  • ქალიშვილი, რომლის სახელიც არ შემორჩენილა, ერთ-ერთ მინაწერშია მოხსენიებული. ერთ-ერთი თეორიის თანახმად ის შესაძლოა ანტონიუს ფელიქსის პირველი ცოლი, დრუზილა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი სავარაუდოდ პტოლემეს შვილი და კლეოპატრა სელენას შვილიშვილი იქნებოდა.[15]

სელენას მონეტების დიდი რაოდენობა ახ. წ. 17 წლით თარიღდება. საზოგადოდ მიღებულია, რომ ის მათი დაბეჭდვის დროს ცოცხალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ნიშნავს რომ მისმა მეუღლემ მეორე ცოლი, პრინცესა გლაფირა კაპადოკიელი სელენას სიკვდილამდე მოიყვანა. ისტორიკოსები თვლიან, რომ იუბა, როგორც რომაულ ადათებზე გაზრდილი მეფე, მეორე ცოლს არ მოიყვანდა, და თუ მან მართლაც შეირთო გლაფირა ახ. წ. 4 წლამდე, მისი პირველი ცოლი უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო.[16] მიუხედავად ამ მტკიცებისა, იუბას თანამედროვე, რომის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიების მეფეებიც მისდევდნენ მრავალცოლიანობას. შესაძლებელია, რომ სელენა და იუბა მცირე დროის განმავლობაში ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ იუბას გლაფირასთან განქორწინების შემდეგ ურთიერთობა აღდგა.

მავრეტანიის დედოფალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სავარაუდოდ კლეოპატრა სელენა II, თავზე სპილოს სკალპით, მოოქროულ ვერცხლის თეფშზე ამოწეული რელიეფი, ბოსკორელის საგანძურიდან, ძვ. წ. პირველი საუკუნე[17]

ძვ. წ. 25 წელს ავგუსტუსმა იუბა II და სელენა რომს დაქვემდებარებული მავრეტანიის სამეფოს თანამმართველები გახადა,[5][6] რადგან ნუმიდია, მცირე პერიოდის განმავლობაში რომის დაქვემდებარებაში მყოფი „დამოუკიდებელი“ სამეფოს სტატუსის ქონისა და იუბა II-ის მმართველობის (ძვ. წ. 30 — ძვ. წ. 25) შემდეგ, იმპერიას კიდევ ერთხელ სრულად დაეპყრო და რომის აფრიკის პროვინციის ნაწილად ექცია. ახალგაზრდა მმართველებმა თავიანთ დედაქალაქს იმპერატორის საპატივსაცემოდ კეისარეა (თანამედროვე შერშელი, ალჟირი) დაარქვეს.[18]

მავრეტანია დიდი ტერიტორია იყო, მაგრამ წყობა და განვითარება აკლდა. წყაროების მიხედვით კლეოპატრა სელენას პოლიტიკაზე დიდი გავლენა გააჩნდა, რასაც იუბა მხარს უჭერდა. სელენამ დედამისის ალექსანდრიის სამეფო კარიდან მავრეტანიაში მრავალი მრჩეველი, სწავლული და ხელოვანი ჩამოიყვანა და დედაქალაქში დაასახლა. წყვილის წარმატებული მმართველობის შედეგად, მავრეტანია აყვავდა.

მავრეტანიის ძველი სამეფოს მონეტა. იუბა II ნუმიდიელი ავერსზეა გამოსახული, ხოლო კლეოპატრა სელენა II რევერსზე.

კლეოპატრა სელენა მავრეტანიის ვაჭრობას მხარს უჭერდა. მისი მმართველობისას სამეფომ მნიშვნელოვნად გაზარდა ექსპორტი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში,[19] განსაკუთრებით ესპანეთსა და იტალიაში. მათ საქონელში შედიოდა თევზი, ყურძენი, მარგალიტები, ლეღვი, მარცვლეული, ხის ავეჯი და მოლუსკებისაგან გამოყვანილი იისფერი საღებავი. ტინგისი (თანამედროვე ტანჟერი), ჰერკულესის სვეტებთან მდებარე ქალაქი (თანამედროვე გიბრალტარის სრუტე), ვაჭრობის ცენტრად იქცა. მავრეტანიულმა მონეტებმა თავისი ფასითა და ხარისხით რომის იმპერიაში გავლენა მოიხვეჭა.

სელენამ თავისი მონეტები დაბეჭდა, რომელსაც „დედოფალი კლეოპატრას“ წარწერა ჰქონდა დატანილი და იუბას მონეტებთან ერთად იხმარებოდა. მათ ასევე გამოსცეს გაერთიანებული მონეტა (იუბა ავერსზე, ხოლო სელენა რევერსზე), რომელიც მათ თანამმართველობას აღნიშნავდა.[5]

კლეოპატრას მიერ არქიტექტურის მფარველობამ მის სამეფოში ელენისტური სტილის გავლენის შემცირებასა და რომაული სტილის წინ წამოწევას შეუწყო ხელი. კეისარეასა და ვოლიუბილისში შემორჩენილ ნაგებობებსა და ქანდაკებებში ჩვენ ვხედავთ ძველეგვიპტური, ბერძნული და რომაული არქიტექტურული სტილის ნარევს.[19] ამ ნაგებობებში შედიოდა ალექსანდრიის შუქურის სტილის კოშკი, ზღვის ნაპირზე განთავსებული სასახლე და რომაული და ეგვიპტური რელიგიის სამლოცველოები. სელენას მხრიდან დედამისის მემკვიდრეობისა და სახელის დაუღალავი თავდაცვა და გავრცელება აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ანტი-კლეოპატრულ პროპაგანდას, რომელსაც ოქტავიანეს პოეტები ეწეოდნენ.[20]

მავრეტანიის სამეფო მავზოლეუმი, კლეოპატრა სელენა II-ისა და იუბა II-ის აკლდამა ტიპასაში, ალჟირში.

წყვილი მავრეტანიას თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, კლეოპატრა სელენას 35 წლის ასაკში სიკვდილამდე. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ქვემოთ მოცემული ეპიგრამა, რომელიც ბერძენმა კრინაგორა მიტილენელმა შეასრულა, სელენას ეულოგიად მიიჩნევა:[16]

თავად მთვარე დაიბურა, მზის ჩასვლისას ამოიწვერა,
თავისი ტანჯვა ღამით დამალა,
რადგან მან ნახა თავისი ლამაზი სეხნია, სელენა,
სუნთქვაშეკრული, ჰადესისაკენ ეშურებოდა,
მისი სილამაზე მთვარის სინათლის სადარი იყო,
მისი სიკვდილი მთვარის სიბნელეს შიგ ერეოდა.

თუ კრინაგორა მიტილენელმა დედოფლის გარდაცვალების შესახებ უბრალო მხატვრული ტექსტი არ შემოგვთავაზა, მაშინ სელენას სიკვდილი მთვარის დაბნელებას უნდა დამთხვეოდა. ამ შემთხვევაში, სელენას გარდაცვალების თარიღის დასადგენად შეგვიძლია ასტრონომიული კორელაცია გამოვიყენოთ: მთვარის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 9, 8, 5 და 1, და ახ. წ. 3, 7, 10, 11 და 14 წლებში. ძვ. წ. 5 წელს მომხდარი მთვარის დაბნელება ყველაზე მეტად დაემთხვეოდა ეულოგიაში მოცემულ აღწერას.[21] მიუხედავად ამისა, სელენას გარდაცვალების თარიღს დაზუსტებით ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით. ზაჰი ჰავასი, „ეგვიპტური ანტიკვარიატის“ ყოფილი დირექტორი, თვლის რომ კლეოპატრა ახ. წ. 8 წელს უნდა დაღუპულიყო.[22]

სელენა მავრეტანიის სამეფო მავზოლეუმში, თანამედროვე ალჟირში დაკრძალეს. ეს შენობა მისი და იუბას მიერ, კეისარეას აღმოსავლეთით აშენდა და ტურისტებს კვლავ შეუძლიათ მისი ხილვა. იუბა ახ. წ. 23 წელს გარდაიცვალა და იმავე აკლდამაში დაიკრძალა. შენობაში ვხვდებით წყვილისადმი მიძღვნილ, ფრაგმენტირებულ წარწერას, რომელშიც სელენა და იუბა „მავრეტანიის მეფე-დედოფლად“ მოიხსენიებიან. ცოლ-ქმრის ნეშტი ნაპოვნი ვერ იქნა, სავარაუდოდ აკლდამების ხშირი ძარცვის გამო, ან შესაძლოა იმიტომ რომ სტრუქტურა დასაკრძალი შენობის ნაცვლად მემორიალური დანიშნულების იყო.[23]

კლეოპატრა სელენას ერთადერთი ვაჟის, პტოლემე მავრეტანიელის ძველი რომაული ბიუსტი, ინახება შერშელის არქეოლოგიურ მუზეუმში, ალჟირში.

კლეოპატრას გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე და მათი ვაჟი პტოლემე მავრეტანიას ერთად მართავდნენ, სანამ, ახ. წ. 23 წელს, იუბა არ გარდაიცვალა. პტოლემემ 40 წლამდე იმეფა, შემდეგ კი იმპერატორმა კალიგულამ, დედამისის შორეულმა ნათესავმა, ის სიკვდილით დასაჯა (კალიგულას სავარაუდოდ მავრეტანიის სიმდიდრის შურდა). კალიგულას მემკვიდრემ, იმპერატორმა კლავდიუსმა პტოლემეს უშვილობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და მავრეტანია დაიპყრო, რომის პროვინციებად (მავრეტანია კეისარიენსისი და მავრეტანია ტინგიტანა) აქცია. ამის შემდეგ ისტორიამ კლეოპატრა სელენა, იუბა და პტოლემე დაივიწყა.[20]

ასტეროიდ (216) კლეოპატრა-ს ორი სატელიტიდან ერთ-ერთს დედოფლის საპატივსაცემოდ კლეოსელენა ეწოდება.

  • კლეოპატრა სელენა ნახსენებია რობერტ გრეივზის ნოველებში: „მე, კლავდიუსი“ და „კლავდიუსი, ღმერთი“;
  • კლეოპატრა სელენა მნიშვნელოვანი პერსონაჟია ვალას ბრიმის ისტორიულ ნოველაში: „ლეგატის ქალიშვილი“ (1974), Phoenix/Orion Books Ltd. ISBN 0-7538-1895-7
  • ანდრეა აშტონის „კლეოპატრას ქალიშვილი“ (1979) კლეოპატრა სელენას ადრეული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს;
  • მარგარეტ ჯორჯის „კლეოპატრას მემუარები“ (1997) ISBN 0312154305 კლეოპატრა სელენას დაბადებასა და დედამისთან გატარებულ წლებზე საუბრობს;
  • „Querida Alejandría“ მარია გარსია ესპერონის (Bogotá 2007: Norma, ISBN 958-04-9845-8) ნოველაა, რომელიც კლეოპატრა სელენას მიერ ალექსანდრიის ხალხისათვის მიძღვნილი წერილის ფორმატით იკითხება;
  • მიშელ მორანის „კლეოპატრას ქალიშვილი“ (2009) მოგვითხრობს კლეოპატრა სელენას ადრეულ ცხოვრებაზე - მშობლების დაღუპვიდან რომში გამგზავრებამდე, შემდეგ კი იუბა II-ზე გათხოვებამდე;
  • „ნილოსის შროშანი“, „ნილოსის სიმღერა“ და „ნილოსის ქალიშვილები“ სტეფანი დრეის ტრილოგიის წიგნებია, რომლებიც კლეოპატრა სელენას ცხოვრების შესახებ ფენტეზის ჟანრის გამოყენებით საუბრობს;
  • ვიკი ალვერ შექტერის „კლეოპატრას მთვარე“ (2011) თინეიჯერული ნოველაა კლეოპატრა სელენას შესახებ. წიგნი კლეოპატრას იუბა II-ზე ქორწინებით სრულდება;
  • კლეოპატრა სელენა და მისი ტყუპი ძმა, ალექსანდრე, მცირე დროით ჩნდებიან ტელესერიალ „რომში“;
  • ნატალია როლეჩეკის „Selene, córka Kleopatry“ გვაჩვენებს კლეოპატრა სელენასა და მის ძმებს მათი მშობლების გარდაცვალებიდან სელენას დაქორწინებამდე;
  • სელენა მაიკლ ლივინგსტონის ისტორიულ ფანტასტიკაში „სამოთხის ნამსხვრევები“ მთავარი პერსონაჟია.[24][25]
  • კლეოპატრა სელენა მნიშვნელოვანი პერსონაჟია ფილის ტ. სმითის „პალატინის ბორცვის ქალიშვილებში“ (2016);
  • მიუხედავად იმისა რომ მისი იდენტობა უბრალოდ ყველაზე ცნობილი კლეოპატრას ქალიშვილობით შემოისაზღვრება, „ღამე მონადირის“ მესამე წიგნში ჩნდება ანტაგონისტი, თანამედროვეობაში მცხოვრები ვამპირი, რომელიც საკუთარ თავს „პატრას“ უწოდებს;
  • კლეოპატრა სელენა მთავარი თემაა სატელევიზიო დოკუ-დრამა „ძველი ეგვიპტის დედოფლების“ „კლეოპატრას ქალიშვილის“ ეპიზოდისა, რომელიც 2023 წელს გამოვიდა. მის ბავშვობას ფატიმა ეზაჰრა ფატიჰი განასახიერებს, ხოლო მის ზრდასრულობას დაიანა მედეირა;

გამოყენებული წყაროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Ancey, Gabriel (1910). „Sur Deux Épigrammes De Crinagoras“. Revue Archéologique. 15 (Janvier–Juin): 139–141. JSTOR 41747871.
  • Roller, Duane W. (2003). The World of Juba II and Kleopatra Selene: Royal Scholarship on Rome's African Frontier. New York: Routledge. ISBN 9780415305969. 
  • (2001) Cleopatra of Egypt: from History to Myth. Princeton, New Jersey: Princeton University Press (British Museum Press). ISBN 9780691088358. 
  • კასიუს დიონ კოქცეიანუსი„რომის ისტორია“
  • პლუტარქი„რომის მაშენებლები“ – მარკუს ანტონიუსი
  • სვეტონიუსი„თორმეტი კეისრის ცხოვრება“ავგუსტუსი & კალიგულა
  • Encyclopædia Britannica – იუბა II
  1. Ferroukhi, Mafoud (2001). „Marble portrait, perhaps of Cleopatra VII's daughter, Cleopatra Selene, Queen of Mauretania“, Cleopatra of Egypt: from History to Myth. Princeton, New Jersey: Princeton University Press (British Museum Press), გვ. 219. ISBN 9780691088358. 
  2. 2.0 2.1 Emmanuel Kwaku Akyeampong, Professor Henry Louis Gates, Jr. (2012). Dictionary of African Biography. OUP USA, გვ. 228. ISBN 978-0-19-538207-5. 
  3. Roller 2003, p. 256.
  4. Sampson, Gareth C. (2020-08-05). Rome and Parthia: Empires at War: Ventidius, Antony and the Second Romano-Parthian War, 40-20 BC (en). Pen and Sword Military, გვ. 271. ISBN 978-1-5267-1016-1. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Middleton, Guy D. (2023-02-09). Women in the Ancient Mediterranean World: From the Palaeolithic to the Byzantines (en). Cambridge University Press, გვ. 203. ISBN 978-1-108-57486-0. 
  6. 6.0 6.1 Roller, Duane W. (2018-05-14). Cleopatra's Daughter: and Other Royal Women of the Augustan Era (en). Oxford University Press, გვ. 35–36. ISBN 978-0-19-061884-1. 
  7. Roller 2003, pp. 76–81.
  8. Grant, Michael (2011-07-14). Cleopatra (en). Hachette UK. ISBN 978-1-78022-114-4. „ამავე დროს კლეოპატრასა და ანტონიუსის ექვსი წლის ქალიშვილი, კლეოპატრა სელენა, კირენაიკას, ანუ თანამედროვე ლიბიის აღმოსავლეთ ნახევრის დედოფალი გახდა.“ 
  9. Chauveau, Michel (2000). Egypt in the Age of Cleopatra: History and Society Under the Ptolemies (en). Cornell University Press, გვ. 27. ISBN 978-0-8014-8576-3. 
  10. Roller 2003, p. 139.
  11. 11.0 11.1 Roller 2003, pp. 82–85.
  12. Roller 2003, pp. 84–89.
  13. „რომის ისტორიაში“ კასიუს დიონ კოქცეიანუსი ახსენებს, რომ ძმები ავგუსტუსმა საქორწინო საჩუქრად შეიწყალა (51.15.6), მაგრამ დიოს ფაქტების მიმართ მიუკერძოებლობა ხშირად ეჭვქვეშ დგას.
  14. Roller, Duane W. (2004-02-24). The World of Juba II and Kleopatra Selene: Royal Scholarship on Rome's African Frontier (en). Routledge, გვ. 86. ISBN 978-1-134-40296-0. 
  15. 15.0 15.1 Cleopatra Selene by Chris Bennett
  16. 16.0 16.1 Roller 2003, pp. 249–251.
  17. Walker, Susan (2001), „Gilded silver dish, decorated with a bust perhaps representing Cleopatra Selene“, Cleopatra of Egypt: from History to Myth, Princeton, N.J.: Princeton University Press (British Museum Press), pp. 312–313, ISBN 9780691088358, https://archive.org/details/cleopatraofegypt0000unse/page/312
  18. Roller 2003, pp. 98–100.
  19. 19.0 19.1 Roller 2003, pp. 91–162.
  20. 20.0 20.1 Jane Draycott. Cleopatra's Daughter. History Today. ციტირების თარიღი: April 22, 2020
  21. Ancey 1910, pp. 139–141.
  22. Roller 2003, p. 250.
  23. Davies, Ethel (2009). North Africa: the Roman Coast. Chalfont St. Peter, Buckinghamshire: Bradt Travel Guides. ISBN 978-1-84162-287-3, p. 11.
  24. The Shards of Heaven by Michael Livingston. Publishers Weekly. ციტირების თარიღი: January 29, 2016
  25. Review: The Shards of Heaven by Michael Livingston. Kirkus Reviews (September 3, 2015). ციტირების თარიღი: January 29, 2016