კლდეეთის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კლდეეთის სამაროვანი — II საუკუნის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ზედა კლდეეთში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). შემთხვევით აღმოაჩინეს 1941 წელს და ნაწილობრივ გათხარეს 1941-1942 წლებში (დ. ლომაძე). ძეგლზე ექსპედიციის დაწყებამდეც მრავალი მასალა აღმოჩნდა, რომლებიც ნივთების დანიშნულების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად დაიყო. გაითხარა 6 სამარხი. ქვაყრილიან ორმოსამარხებში დაკრძალული იყო თითო (ერთ შემთხვევაში წყვილი) მიცვალებული, გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, თავით დასავლეთისკენ. ზოგისთვის შეკაზმული ცხენები და ძაღლი ჩაეყოლებინათ. სამარხებში აღმოჩნდა მდიდრული მასალა: ჭურჭელი (თიხის შავპროალა და წითლად გამომწვარი ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ხელადა და პატერა, რომელსაც ტარი ქვისაგან გამოთლილი ცხვრის თავის სკულპტურული გამოსახულებით აქვს შემკული, ვერცხლის თასები), იარაღი (ბრინჯაოს კვერთხი და ჯაჭვის პერანგის ნაშთები, კრინის სამფრთიანი ისრისპირები, შუბისპირი, სატევრები, ცული და მახვილი, რომლის კოტას ამკობს ოქროს ბუდეში ჩასმული სარდიონის გემა), მონეტები (გოტარზის დრაქმები, ავგუსტუსის დენარები, ნერვასა და ტრაიანეს კესარული დიდრაქმები და ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ადგილობრივი მინაბაძები), ბრინჯაოს, ვერცხლის, ელექტრუმისა და ოქროს სამკაული (საკისრე რკალები, სამაჯურები, ბეჭდები, მშვილდსაკინძები, ოქროს თავსამკაული და სხვა). აღსანიშნავის ოქროს აგრაფი, რომელიც ჩასხმულია სარდიონის გემა — ჩაბალახისებური თავსაბურიანი მამაკაცის პორტრეტი. ფიქრობენ, რომ მასზე გამოსახულია ადგილობრივი ქართველი დიდებული, შესაძლოა ერისთავიც.

კლდეეთის სამაროვანში აღმოჩენილი მინის, ბრინჯაოსა და ვერცხლის ჭურჭელი ძირითადად იმპორტულია. პოლიქრომული სტილის ოქროს ნივთები კი ადგილობრივი ნაწარმი უნდა იყოს. კლდეეთში დაკრძალული ჩანან ანტიკური ხანის იბერიის წარჩინებულთა წრის წარმომადგენლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომთათიძე გ., კლდეეთის სამაროვანი ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნისა, თბ., 1957;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24365