კლარა ლუჩკო
| კლარა ლუჩკო | |
|---|---|
|
კლარა ლუჩკო ფილმში „ახალგაზრდა გვარდია“ | |
| დაბადების თარიღი |
1 ივლისი, 1925 ჩუტოვო, პოლტავის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი |
26 მარტი, 2005 (79 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი |
| საქმიანობა | მსახიობი |
| ჯილდოები |
|
კლარა ლუჩკო (უკრ. Клара Степанівна Лучко; დ. 1 ივლისი, 1925, სოფელი ჩუტოვო, პოლტავის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ — გ. 26 მარტი, 2005, მოსკოვი, რუსეთი) — უკრაინული წარმოშობის საბჭოთა და რუსი მსახიობი. სტალინური პრემიის (II ხარისხის) ლაურეატი (1951). სსრკ სახალხო არტისტი (1985).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლარა ლუჩკო დაიბადა 1925 წლის 1 ივლისს სოფ. ჩუტოვოში (სხვა წყაროების მიხედვით - სოფელ სტარიე სანჟარიში), გლეხის ოჯახში. ის საკუთარ თავს ხუმრობით სამგზის კაზაკს უწოდებდა წარმომავლობისა და ფილმებში „ყუბანელი კაზაკები“ და „ბოშა“ შესრულებული როლებისთვის.
მამამისი, სტეპან გრიგორის ძე იყო სოფელ ლუჩკიდან (აქედან გვარი ლუჩკო) და მუშაობდა სოფელ იაკოვცის სახელმწიფო მეურნეობის თავმჯდომარედ. დედა, ანა ივანეს ასულიც ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო: იგი მეზობელი რაიონის კოლმეურნეობას უდგა სათავეში. მსახიობის საკუთარი მოგონებების მიხედვით, დედამისს მშვენიერი ხმა ჰქონდა: ახალგაზრდობაში მონაწილეობდა სამოყვარულო სპექტაკლებში და ასევე მღეროდა ეკლესიაში სსრკ სახალხო არტისტ (1940) ივან კოზლოვსკისთან ერთად.
თანატოლებისგან განსხვავებით, ადრეულ ბავშვობაში მას არასოდეს უოცნებია სასცენო კარიერაზე — ნაწილობრივ მისი მოუქნელი ფიგურის გამო, რისთვისაც მას შეურაცხმყოფელი მეტსახელი - ჟირაფი შეარქვეს. პირველი შვიდი წელი სწავლობდა პოლტავის უკრაინულ სკოლაში, ხოლო ომის დაწყების შემდეგ ოჯახი ევაკუაციაში იყო ყაზახეთის სსრ-ში და ათწლედი ქალაქ ჯამბულში დაასრულა.
1943 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, დედისთვის მოულოდნელად, გადაწყვიტა ჩაებარებინა გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ВГИК), რომელიც იმ დროს ალმა-ატაში იყო ევაკუაციაში. მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია გაზეთმა, რომელიც შემთხვევით ჩაუვარდა ხელში და ნახა განცხადება პირველ კურსზე სტუდენტების მიღების შესახებ. მომავალი ვარსკვლავის მისაღები გამოცდა გარკვეულწილად უჩვეულოდ წარიმართა. დაბნეულმა გოგონამ ვერ შეძლო აუცილებელი ნაწარმოებების წაკითხვა, მაგრამ სიტუაცია გადაარჩინა ცნობილმა პედაგოგმა ბორის ბიბიკოვმა, რომელიც მიმღებ კომისიას ხელმძღვანელობდა. მან კლარას სთხოვა ეთამაშა უჩვეულო ეტიუდი „მეგობართან, რომელიც იხრჩობა“, რაც ლუჩკომ ისე დამაჯერებლად გააკეთა, რომ ჩაირიცხა პირველ კურსზე სერგეი გერასიმოვისა და ტამარა მაკაროვას სახელოსნოში (დაამთავრა 1948 წელს).
სწავლის პერიოდში კლარა არ გამოირჩეოდა რაიმე განსაკუთრებული ნიჭით, მაგრამ უკვე ამ დროს აშკარა გახდა მისი მიდრეკილება ემუშავა გმირებთან, რომლებსაც მკაფიოდ განსაზღვრული ხასიათი და უჩვეულო ბედი გააჩნდათ. მისი კინოდებიუტი შედგა ს. გერასიმოვის ფილმში „ახალგაზრდა გვარდია“. როლი უმნიშვნელო იყო და მისი გარეგნობა შეუმჩნეველი დარჩა. მისი პოპულარობა მოვიდა 1950 წელს, ფილმ „ყუბანელი კაზაკების“ გამოსვლის შემდეგ, რისთვისაც მან მიიღო მეორე ხარისხის სტალინური პრემია.
იგი 1950 წელს დაქორწინდა თავის პარტნიორზე ფილმიდან „ყუბანელი კაზაკები“, მსახიობ სერგეი ლუკიანოვზე. 1951 წელს წყვილს შეეძინა ქალიშვილი, ოქსანა.
1948 წლიდან მან კინოში მუშაობას შეუთავსა კინომსახიობთა სტუდიის თეატრის სცენაზე მუშაობა. იმ წლებში ცხოვრება გულუხვად აჯილდოვებდა მსახიობს წარმატებით, თაყვანისმცემითა და პირადი ბედნიერებით. მაგრამ 1965 წელს მისი მეუღლე გარდაიცვალა. ლუჩკო დაჟინებით განაგრძობდა მუშაობას. მას სჯეროდა, რომ მსახიობობა საჭიროებდა მუდმივ ვარჯიშს, რათა შეენარჩუნებინა შემოქმედებითი ფორმა და ყოველთვის მზად ყოფილიყო, შესაძლოა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი როლისთვის.

თავის ახალ სიყვარულს კლარა 1969 წელს შეხვდა. ამის შესახებ თავად ასე ყვებოდა:
„ჩემს მეგობარს რიტა კვასნიცკაიას სანახავად მივედი, მის მეზობლად ცხოვრობდა აზა ლიხიჩენკო, მისი ქმარი ჟურნალისტი საშა მენდელეევი იყო „ნედელიას“ აღმასრულებელი მდივანი. აზა ჩვენთან მოვიდა და თავისთან დაგვიპატიჟა და ახსენა, რომ „ახლა მოვა დიმა მამლეევი“. გადავედით მეზობელ ბინაში. მოვიდა დიმა მამლეევი - სიმპათიური, ახალგაზრდა, პერსპექტიული „იზვესტიელი“. ძალიან საინტერესოდ გავატარეთ საღამო. და როცა დაშლა დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ყველა ამ სახლში ცხოვრობდა, მე და დიმა ვიყავით გარედან მოსულები. და ჩვენ ერთად წავედით ტაქსის საძებნელად. ასე კვლავ ერთად ვცხოვრობთ ჩვენ აქამდე.“ |
უპირატესობას ანიჭებდა აქტიური ცხოვრების წესს: უყვარდა სპორტი, ღია ცის ქვეშ დასვენება და თავის ბაღში შროშანებს ზრდიდა. მას უყვარდა რუსული და უცხოური კლასიკა, პ. ჩაიკოვსკის, ფ. ლისტის ნაწარმოებები. ყოველთვის სიამოვნებდა ძველი საბჭოთა ფილმების ყურება. ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში. მან დაწერა წიგნი თავის ცხოვრებაზე, „ვარ თუ არა მე დამნაშავე“ (2002), რომელმაც მკითხველთა აღიარება მოიპოვა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან დაასრულა გადაღება იული გუსმანის ფილმში „საბჭოთა პერიოდის პარკი“, სადაც „ყუბანელი კაზაკებიდან“ მისი ლეგენდარული როლის ერთგვარი რიმეიკი ითამაშა, მაგრამ როლის გახმოვანება ვეღარ მოასწრო.
გარდაიცვალა 2005 წლის 26 მარტს, მოსკოვში. დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე (ნაკვეთი №10), ქირურგ ბორის პეტროვსკის საფლავის გვერდით.

ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1965 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
- 1974 — რსფსრ სახალხო არტისტი[1]
- 1985 — სსრკ სახალხო არტისტი[2]
- 1950 — ორდენი „საპატიო ნიშანი“
- 1951 — სტალინური პრემია (II ხარისხის)
- 1970 — საიუბილეო მედალი ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად
- 2000 — მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენი (IV ხარისხის)
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის 19 სექტემბერს მსახიობის ძეგლი დაიდგა კრასნოდარის მხარის ყურგანინსკში. სწორედ იქ ნახევარი საუკუნის წინ გადაიღეს ბაზრობის სცენები ლეგენდარული ფილმისთვის „ყუბანელი კაზაკები“. ძეგლი დაიდგა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რომელიც კლარა ლუჩკოს სახელს ატარებს.
2008 წლის 26 სექტემბერს ქალაქ კრასნოდარში გაიხსნა მსახიობის ძეგლი. მოქანდაკეები: დ. უსპენსკაია და ვ. შანოვი.[3] კრასნოდარში არის ასევე მსახიობის სახელობის ბულვარი.
2008 წელს მოსკოვში სახლზე, სადაც მსახიობი 1953 წლიდან 2005 წლამდე ცხოვრობდა, მემორიალური დაფა დამონტაჟდა.
2010 წელს პოლტავის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმში გაიხსნა კლარა ლუჩკოს განყოფილება. მსახიობის ოჯახმა მუზეუმს რამდენიმე ნივთი, შემდეგ კი ნივთებიც გადასცა მისი გარდერობიდან. მსახიობის ქმარმა, დიმიტრი მამლეევმა, პირადად შეარჩია პოლტავაში გასაგზავნი ნივთები. მან გამოთქვა სურვილი, რომ წიგნები „ვარ თუ არა მე დამნაშავე“ წარწერით „კლარა ლუჩკოს ოჯახიდან“, რომელიც ასევე გაეგზავნა მუზეუმს, გადაეცათ სასკოლო შემოქმედებითი კონკურსების გამარჯვებულთათვის, ხოლო დისკი ფილმით „კლარა ლუჩკოს შემოქმედებითი სახეები“ გამოიყენებინათ როგორც ისტორიული მასალა გაკვეთილებზე ან ბავშვების კლასგარეშე სწავლებისთვის.
ლუჩკოს განყოფილებები ასევე გაიხსნა ჩუტოვოს ადგილობრივი ისტორიის მუზეუმში და პოლტავის მე-2 სკოლაში, სადაც მსახიობი სწავლობდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კლარა ლუჩკო“ ვიკისაწყობში.- კლარა ლუჩკო — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Указ Президиума Верховного Совета РСФСР от 28 марта 1974 года № 386 "О присвоении почётного звания народного артиста РСФСР творческим работникам киностудии «Мосфильм»
- ↑ Указ Президиума Верховного Совета СССР от 25 июля 1985 года № 2901 «О присвоении почётного звания „Народный артист СССР“ тов. Лучко К. С.»
- ↑ В Краснодаре увековечили Клару Лучко
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- დაბადებული 1 ივლისი
- დაბადებული 1925
- გარდაცვლილი 26 მარტი
- გარდაცვლილი 2005
- რუსი მსახიობები
- XX საუკუნის ქალი მსახიობები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- რსფსრ-ის დამსახურებული არტისტები
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები
- მოსკოვში გარდაცვლილები