შინაარსზე გადასვლა

კლარა დობრევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლარა დობრევა
უნგრ. Dobrev Klára
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1972(1972-02-02) (54 წლის)
დაბადების ადგილი სოფია
მოქალაქეობა  უნგრეთი[1]
განათლება Eötvös József Gimnázium, Corvinus University of Budapest, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი და ELTE Faculty of Law
დედა Piroska Apró
მეუღლე/ები Ferenc Gyurcsány
ჯილდოები 100 ქალი[2]
dobrevklara.hu
კლარა დობრევა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ლორა ბუში 2005 წელს ვაშინგტონში ფერენც დიურჩანის ვიზიტის დროს.

კლარა დობრევა (უნგრ. Dobrev Klára, დ. 2 თებერვალი, 1972, სოფია) — უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე. პარტია „დემოკრატიული კოალიციის“ წევრი. 2019 წლიდან ევროპის პარლამენტის დეპუტატი და ჯგუფის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრი. ფერენც დიურჩანის მეუღლე.

კლარა დობრევა დაიბადა 1972 წლის 2 თებერვალს სოფიაში, ბულგარეთის დედაქალაქში.[3] მამა — სატრანსპორტო ინჟინერი პეტარ დობრევი, დედა — ეკონომისტი პიროშკა აპრო (Apró Piroska). დედის მხრიდან ბაბუა — ანტალ აპრო, უნგრულ-საბჭოთა მეგობრობის საზოგადოების თავმჯდომარე, უნგრეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი და უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარე.

კლარა დობრევამ დაამთავრა ბუდაპეშტის იოზეფ ეტვეშის სახელობის გიმნაზია. 1994 წელს — ბუდაპეშტის ეკონომიკური უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით, ხოლო 1996 წელს — ბუდაპეშტის ლორანდ ეტვეშის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იურისტის სპეციალობით.[3]

1995-1999 წლებში იყო მისი მეუღლის კუთვნილი კომპანია „Fittelina Kft.“-ის აღმასრულებელი დირექტორი. 1997 წლიდან — იურისტ-კონსულტანტი მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანია „Altus Befektetési és Vagyonkezelő Zrt. “-ში, 2009 წლიდან — კომპანიის გენერალური დირექტორი.

2001 წლიდან მუშაობს ლორანდ ეტვეშის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საფინანსო სამართლის კათედრაზე, თავდაპირველად როგორც ასისტენტი, მოგვიანებით — როგორც ადიუნქტი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს საბუღალტრო სამართალი.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლარა დობრევა იყო ეტელე ბარათას (Baráth Etele) პირადი მდივანი, რომელიც 1994 წლის ბუდაპეშტის მერობის არჩევნებზე უნგრეთის სოციალისტური პარტიის კანდიდატი იყო. ბარათმა არჩევნებში წააგო მოქმედ მერთან, გაბორ დემსკასთან.

1995 წელს იგი დაინიშნა უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, ტიბორ დრაშკოვიჩის, სამდივნოს ხელმძღვანელად. 1998-2000 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს მეწარმეობისა და რეგულირების დეპარტამენტში განყოფილების უფროსის მოადგილედ.

2002 წლის პარლამენტის არჩევნების დროს ხელმძღვანელობდა უნგრეთის სოციალისტური პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, პეტერ მედეშის, აპარატს. მას შემდეგ, რაც იმავე წელს პეტერ მედეში სოციალისტური პარტიისა და „თავისუფალი დემოკრატების ალიანსის“ კოალიციის მხარდაჭერით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, დობრევა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან არსებულ ეროვნული განვითარების გეგმისა და ევროკავშირის ფონდების სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილედ.

2004 წლის 18 აგვისტოს პეტერ მედეშმა მიიღო გადაწყვეტილება ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრის, იშტვან ჩილაგის (რომელიც „თავისუფალი დემოკრატების ალიანსის“ მიერ იყო დელეგირებული), თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გახდა მთავრობის კრიზისის უშუალო მიზეზი. „თავისუფალი დემოკრატების ალიანსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა და პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა. პეტერ მედეში გადადგა.

სექტემბერში პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა ფერენც დიურჩანმა, კლარა დობრევის მეუღლემ. ამის შემდეგ კლარა დობრევამ დატოვა თანამდებობა პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან არსებულ სამმართველოში.

2011 წელს პარტია „დემოკრატიული კოალიციის“ დაარსების შემდეგ, რომელიც მისმა მეუღლემ შექმნა, კლარა დობრევა მისი წევრი გახდა.[3]

2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე მან „დემოკრატიული კოალიციის“ საარჩევნო სია ჩაიბარა და არჩეული იქნა ევროპარლამენტის დეპუტატად. გახდა ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრი. მუშაობდა დასაქმებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში (EMPL). 2019-2022 წლებში იკავებდა ევროპარლამენტის ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობას.[3]

კლარა დობრევა მონაწილეობდა ოპოზიციის პრაიმერიზში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „დემოკრატიული კოალიციისა“ და „უნგრეთის ლიბერალური პარტიის“ ბლოკის სახელით. პირველ ტურში მან ხმების ყველაზე დიდი წილი — 34,84 % მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო კონკურენტებს: გერგეი კარაჩონის მხარდაჭერა 27,3 % იყო, ხოლო პეტერ მარკი-ზაიმის — 20,4 %. მეორე ტურის წინ კარაჩონმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და მხარი მარკი-ზაის დაუჭირა. პრაიმერიზის მეორე ტურში დობრევამ ხმების 43,3 % მიიღო, ხოლო მარკი-ზაიმ — 56,7 %.

2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში კლარა დობრევი კვლავ „დემოკრატიული კოალიციის“ სიის ლიდერი იყო და ხელახლა აირჩიეს ევროპარლამენტის დეპუტატად. მან უხელმძღვანელა უნგრეთის დელეგაციას „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსში“. დობრევა ასევე არის რეგიონული განვითარების კომიტეტის (REGI) და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტის (AFCO) წევრი.[3]

1994 წელს კლარა დობრევა დაქორწინდა ბიზნესმენსა და პოლიტიკოს ფერენც დიურჩანზე, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იყო 2004-2009 წლებში. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ანა (დ. 1996), თამაში (დ. 1997) და მარტონი (დ. 2015).