შინაარსზე გადასვლა

კიჯის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიჯის სასახლე (იტალ. Palazzo Chigi) — სასახლე და ყოფილი არისტოკრატიული რეზიდენცია რომში, რომელიც წარმოადგენს მინისტრთა საბჭოს შტაბ-ბინას და იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციას. იგი მდებარეობს კოლონის მოედანზე, მონტეჩიტორიოს სასახლის გვერდით, რომელიც დეპუტატთა პალატის ადგილსამყოფელია.

2022 წლის 22 ოქტომბრიდან კიჯის სასახლის მაცხოვრებელია პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი.

კიჯის სასახლის არქიტექტურული ისტორია მოიცავს სამზე მეტ საუკუნეს, რომლის განმავლობაშიც განხორციელდა რამდენიმე პროექტი და უწყვეტი ადაპტაციები სასახლის მუდმივად ცვალებადი საჭიროებებისთვის. სასახლის მშენებლობა, რომელიც გადაჰყურებს კოლონის მოედანს და დელ კორსოს ქუჩას, დაიწყო 1562 წელს ჯაკომო დელა პორტამ. 1578 წლის 28 იანვარს, კონსისტორიის ადვოკატმა პიეტრო ალდობრანდინიმ, მომავალი რომის პაპის კლემენტ VIII-ის ძმამ, შეიძინა სახლი დელ კორსოზე. პროექტი მიენდო არქიტექტორ მატეო ბარტოლინის ჩიტა დი კასტელოდან. ალდობრანდინის უკვე ჰქონდა საკუთრება გზის გასწვრივ, რომელიც ესაზღვრება ე.წ. „კოლონის კუნძულს“, რომელიც აკავშირებს დელ კორსოს ქუჩას მონტეჩიტორიოს სასახლესთან, მას სურდა ამ ორი საკუთრების გაერთიანება. პიეტრო ალდობრანდინის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ვაჟმა გაყიდა საკუთრება პაოლო ფოსანოზე, რომელმაც გააგრძელა სამუშაოები დელ კორსოს ქუჩის მხარეს.[1]

1616 წელს, კარდინალმა პიეტრო ალდობრანდინიმ, კლემენტ VIII-ის დისშვილმა, გამოისყიდა საოჯახო სახლი, განაახლა მშენებლობა და შეიერთა სხვადასხვა სახლები, რომლებიც ესაზღვრება მომავალი მოედნისკენ მიმართულ ფრთას. 1659 წელს იგი შეიძინა კიჯის საგვარეულომ, სიენის მდიდარი ბანკირების ოჯახმა.[2] შემდეგ იგი გადააკეთეს ფელიჩე დელა გრეკამ და ჯოვანი ბატისტა კონტინიმ. სასახლეს აქვს ხუთი სართული, ფართო კიბე, რომელიც მიემართება საცხოვრებელ ოთახებისკენ და ეზო, რომელიც მორთულია შადრევნით, რომელიც დააპროექტა ჯაკომო დელა პორტამ. შადრევანი ასლითაა გადაღებული რომის და სხვა იტალიური ქალაქების მრავალ ადგილას.[3]

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, როდესაც შენობა ძირითადად ემსახურებოდა პაპისეული რომის მნიშვნელოვანი ოჯახების სახლს, 1700-იანი წლების ბოლოდან შენობა გამოიყენებოდა რომში ესპანეთის საელჩოს შტაბ-ბინად.

1770 წლის 20 აპრილს, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა კონცერტი გამართა იქ ჩარლზ ედუარდ სტიუარტის თანდასწრებით.[4] 1878 წელს იგი გახდა ავსტრო-უნგრეთის ელჩის რეზიდენცია იტალიაში.[5] XX საუკუნის დასაწყისში, სასახლე ხშირი ირედენტისტული დემონსტრაციების სამიზნე გახდა, რომლებიც ითხოვდნენ ტრენტოსა და ტრიესტეს დამოუკიდებლობას.[6]

1916 წელს იგი შეიძინა იტალიის სამეფომ და გახდა კოლონიალურ საქმეთა მინისტრის შტაბ-ბინა, სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ქვეყნის კოლონიური ტერიტორიების მართვასა და მათი ეკონომიკის განვითარებაზე.

1922 წელს, ბენიტო მუსოლინის მმართველობის დასაწყისში, კიჯის სასახლე გახდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური რეზიდენცია. 1961 წელს იგი გახდა მინისტრთა საბჭოს ოფიციალური შეხვედრების ადგილი და მისი პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც იტალიის მთავრობის მეთაურია.

XX საუკუნის ბოლოს, შენობამ განიცადა რესტავრაცია, რომელიც დასრულდა 1999 წლის 7 ნოემბერს. ჩარევა მოიცავდა არა მხოლოდ ფასადებს, არამედ პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ოთახებსაც, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ჯულიანო ამატომ გადაიტანა სასახლის სხვა დარბაზში და ამ შემთხვევაში აღდგენილ იქნა თავის პირვანდელ ადგილას.[7]

2013 წლის 28 აპრილს, ენრიკო ლეტას მთავრობის ფიცის დადების დროს, მამაკაცმა, ლუიჯი პრეიტიმ, გახსნა ცეცხლი ორ კარაბინერზე, ჯუზეპე ჯანგრანდესსა და ფრანჩესკო ნეგრიზე, დაჭრა უკანასკნელი და ერთი ფეხმძიმე გამვლელი.[8]

ბიბლიოთეკის დარბაზი დაუკვეთა აგოსტინო კიჯიმ XVII საუკუნის ბოლოს, რათა განეთავსებინა კარდინალ ფლავიო კიჯის უზარმაზარი ბიბლიოთეკა. პროექტი განახორციელა ჯოვანი ბატისტა კონტინიმ.

კიჯის ბიბლიოთეკა ან კიჯიანა შეიცავდა ათასობით ძვირფას ხელნაწერს, დიდწილად დაფუძნებულს რომის პაპ ალექსანდრე VII-ის პირად ბიბლიოთეკაზე, რომელიც კიჯის ოჯახის წევრი იყო. რომის პაპ ბენედიქტე XV-ის დროიდან, ვატიკანი ცდილობდა ამ ბიბლიოთეკის შეძენას, მაგრამ არ ჰქონდა საჭირო თანხები. საბოლოოდ, პიეტრო ტაკი ვენტურის დაევალა რომის პაპ პიუს XI-ის მიერ, რომ მოელაპარაკა შესყიდვაზე ბენიტო მუსოლინის ახლად ჩამოყალიბებულ ფაშისტურ მთავრობასთან. ვენტურიმ შეძლო დაერწმუნებინა მუსოლინი, რომ უსასყიდლოდ გადაეცა ბიბლიოთეკა ვატიკანისთვის.

სასახლეში ასევე ვხდებით სხვადასხვა დარბაზებსაც, სადაც წარმოდგენილია რენესანსის ეპოქის მხატვრების ტილოები,ზოგი გამოირჩევა გლობუსებითა და ნეოკლასიკური ფრესკებით, ზოგიც გობელენებით და ქანდაკებებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Palazzo Chigi – Cronologia, governo.it
  2. Palaces, Villas and Gardens. Rome Guide Italy. Travelplan.it. ციტირების თარიღი: 19 May 2007
  3. Roberto Piperno; Rosamie Moore. Piazza Colonna. ციტირების თარიღი: 19 May 2007
  4. Conosciamo Roma – Palazzo Chigi
  5. Palazzo Chigi, la storia, governo.it
  6. La Storia di Palazzo Chigi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 12 April 2020
  7. Palazzo Chigi: un viaggio nella storia d'Italia, Rai News
  8. „New Italian 'grand coalition' government sworn in“. BBC News. 28 April 2013. ციტირების თარიღი: 28 April 2013.