კიტრისუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიტრისუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  Borago
სახეობა:  კიტრისუნა
ლათინური სახელი
Borago officinalis L., 1753.
სინონიმები
  • Borago advena Gilib., 1782.
  • Borago aspera Gilib., 1782.
  • Borago hortensis L., 1754.
  • Borago officinalis var. stenopetala Ducell. & Maire, 1928.

კიტრისუნა[1] (ლათ. Borago officinalis) — ერთწლოვანი ბოსტნეული და მრავალწლოვანი სარეველა მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. ველურ ბუნებაში იზრდება ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სამხრეთ ამერიკაში. აქვს სწორმდგომი, 20–70 სმ სიმაღლის და ძლიერ დატოტვილი ღერო, რომელიც შემოსილია ბეწვით. ფოთლები დიდი ზომის, ოვალური და ასევე ბეწვით შემოსილია; წვნიანია, აქვს ახალი კიტრის სუნი და გემო. ყვავილები მრგვალი, ცისფერი, იშვიათად თეთრია, შეკრებილია გაშლილ ფარისებრ-საგველასებრ ყვავილედებში. ნაყოფი მუქი ყავისფერი კაკლუჭაა (სიგრძით 5 მმ-მდე). ფოთლები შეიცავს C ვიტამინსა და კაროტინს, საკვებად იყენებენ კიტრის შემცვლელად (სალათებში და სხვ.). კიტრისუნას ყვავილები ნედლი ან ხმელი სახით გამოიყენება საკონდიტრო და ლიქიორ-არყის წარმოებაში; თესლისგან მიღებული ზეთი იხმარება მედიცინასა და პარფიუმერიაში. მცენარე არ არის მომთხოვნი ნიადაგის შემადგენლობისა და ნაყოფიერების მიმართ, შედარებით კარგად უძლებს გვალვასა და სიცივეს. კულტივირებულია უპირატესად სამოყვარულო მეურნეობებში. კარგი თაფლოვანი მცენარეა. ამრავლებენ თესლით, იშვიათად — ფესურის გაყოფით.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაყაშვილი ა., კიტრისუნა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. Куленкамп А. Ю. Огурчевая трава // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 673.