კირენიის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირენიის ციხესიმაგრე
ბერძ. Κάστρο της Κερύνειας

კირენიის ციხესიმაგრის ხედი
მდებარეობა კირენია
კვიპროსის დროშა კვიპროსი
ჩრდილოეთ კვიპროსი
ხუროთმოძღვრული ტიპი შუა საუკუნეების არქიტექტურა
აღდგენის წელი XVI საუკუნე
კირენიის ციხესიმაგრე — კვიპროსი
კირენიის ციხესიმაგრე
კირენიის ციხესიმაგრე ვიკისაწყობში

კირენიის ციხესიმაგრე (ბერძნ. Κάστρο της Κερύνειας) —  XVI საუკუნის ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს კირენიის ძველი ნავსადგურის აღმოსავლეთ ნაწილში. ციხესიმაგრე ააშენეს ვენეციელებმა ჯვაროსანთა ფორტიფიკაციაზე. მისი კედლების შიგნით არის XII საუკუნის სამლოცველო და ჩაძირული გემების მუზეუმი, სადაც გამოფნილია ძვ.წ. IV საუკუნის კირენიის გემის ნაშთები.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირენია ჩვენს წელთაღრიცხვამდე X საუკუნიდან არსებობდა. გათხრების შედეგად გამოვლინდა ბერძნული კვალი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. VII საუკუნით.

ადგილზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ციხესიმაგრე ააგეს ბიზანტიელებმა VII საუკუნეში ნავსადგურის დასაცავად არაბთა თავდასხმებისგან. ისტორიულ წყაროებში ციხესიმაგრე პირველად 1191 წელს არის მოხსენიებული, როდესაც ინგლისის მეფე რიჩარდ I-მა (ლომგულმა) იგი აიღო მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მიმავალ გზაზე, დაამარცხა რა ისააკ I კომნენოსი, ადგილობრივი გუბერნატორი, რომელმაც თავი იმპერატორად გამოაცხადა. გარკვეული პერიოდის შემდეგ რიჩარდ ლომგულმა კუნძული მიჰყიდა ტამპლიერებს, რომლებმაც ვერ შეძლეს მისი გაკონტროლება გლეხთა აჯანყების გამო. შემდეგ კი — თავის ბიძაშვილს გი დე ლუზინიანს, იერუსალიმის ყოფილ მეფეს. ამგვარად, კვიპროსზე ჯვაროსნების სამეფო (1192–1489), ჩამოყალიბდა, რომელსაც  300 წელი ფრანგი ლუზინიანების დინასტია განაგებდა.

ბიზანტიური სამლოცველო ციხესიმაგრის შიგნით

თავდაპირველად ციხესიმაგრე ძალიან პატარა იყო. ლუზინიანების ბრძანებით 1208-1211 წწ. ნაგებობა მნიშვნელოვნად გააფართოვა ჟან იბელინმა, რის შედეგადაც ციხის ტერიტორიაზე გაჩნდა XII საუკუნის წმინდა გიორგის ბიზანტიური სამლოცველო, ააგეს ახალი კუთხის კოშკები, სიმაგრის მთავარი შესასვლელი და სამეფო რეზიდენცია, სადაც კვიპროსელი მეფეები თავს აფარებდნენ გენუელთა თავდასხმების დროს 1373 წელს, როცა ციხესიმაგრე ნაწილობრივ განადგურდა და მე-15 საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ციხის წარუმატებელი ალყა რამდენიმე წელი გაგრძელდა.[2]

ციხესიმაგრის ხედი ნავსადგურიდან
გემის ნაშთი კირენიის ციხესიმაგრის მუზეუმში

1489 წელს ციხესიმაგრე ვენეციელთა მმართველობაში გადავიდა. ნაგებობა აღადგინეს 1540 წელს, კოშკები გაამაგრეს, ხოლო კედლები ადაპტირებული იქნა თანამედროვე ქვემეხებისთვის. თუმცა, 1570 წელს ციხის გარნიზონმა კაპიტულაცია მოახდინა ოსმალეთის არმიის წინაშე. ოსმალეთის მიერ კვიპროსის აღების შემდეგ სიმაგრე მხოლოდ სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა და იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გაასახლეს. 1878 წელს, როდესაც კვიპროსი გადაეცა დიდ ბრიტანეთს,  ციხესიმაგრე პოლიციის ბაზის ფუნქციას ასრულებდა.[3]

1950 წელს ციხესიმაგრე გადაეცა კირენიის სიძველეთა დეპარტამენტს, მაგრამ მალე, კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაციის მიერ პროვოცირებული არეულობის შემდეგ, მას სამხედრო ფუნქცია დაუბრუნდა. 1959 წელს დეპარტამენტმა საკუთრება აღიდგინა და 1960 წელს დამოუკიდებლობის მიღებასთან ერთად ციხესიმაგრე  გაიხსნა საზოგადოებისთვის, თუმცა 1963-1967 წლებში ბერძნულ-თურქული არეულობის დროს მასში განთავსებული იყო კვიპროსის ეროვნული გვარდიის ძალები. 1974 წელს კირენიის ჩრდილოეთ კვიპროსის შემადგენლობაში  გადასვლის შემდეგ, ციხესიმაგრეში განთავსდა მუზეუმი, სადაც 1965 წელს აღმოჩენილი კირენიის გემის გარდა, გამოფენილია ხატები, რომელთა კონფისკაცია მოხდა ქალაქის მიმდებარე ეკლესიებიდან და არქეოლოგიური აღმოჩენების დროს ნაპოვნი ნივთები. [4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. archINFORM (გერმ.) — 1994.
  2. "Girne Kalesi Tarihi". ,Şubat 2017,Yönetmen Tekin Gün. Girne Kalesi-Kıbrıs(Cyprus),Mootol Kültür Sanat. 8 Ağustos 2020 tarihinde kaynağından arşivlendi. (თურქ.)
  3. "Girne Kalesi". Şehre bakış-Girne Kalesi. Girne Belediyesi,KKTC / 30.07.2020.  . 7 Şubat 2016 tarihinde kaynağından arşivlendi.(თურქ.)
  4. Das Schiffswrack-Museum, Reiseführer Nordzypern, Internet-Reisemagazin schwarzaufweiss GbR, Bremen (გერმ.)