კიკო კავაშიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიკო კავაშიმა
წოდებები
იაპონიის კრონპრინცესა
აკიშინოს პრინცესა
დაიბადა 11 სექტემბერი, 1966 (1966-09-11) (57 წლის)
შიცუოკა, იაპონია
საგვარეულო იამატოს დინასტია
მეუღლე(ები) ფუმიჰიტო, იაპონიის კრონპრინცი
შვილ(ებ)ი მაკო ნაისინიო
კაკო ნაისინიო
ჰისაჰიტო სინიო
მამა ტაცუჰიტო კავაშიმა
დედა კაძუიო სუგიმოტო
რელიგია შინტოიზმი

კიკო კავაშიმა (იაპონ. 川嶋紀子), აგრეთვე ცნობილია როგორც კიკო, კრონპრინცესა აკიშინო (იაპონ. 皇嗣文仁親王妃紀子; დ. 11 სექტემბერი, 1966) — იაპონიის კრონპრინცესა და აკიშინოს პრინცესა როგორც იმპერატორ აკიჰიტოსა და მისი ცოლის, მიჩიკოს უმცროსი ვაჟის, პრინცი ფუმიჰიტოს მეუღლე. ტახტის მეორე მემკვიდრის, პრინცი ჰისაჰიტოს დედა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიკო დაიბადა 1966 წლის 11 სექტემბერს, იაპონიის ქალაქ შიცუოკაში. იგი არის ტაცუჰიტო კავაშიმასა და მისი ცოლის, კაძუიო სუგიმოტოს უფროსი ქალიშვილი. 1967 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად ფილადელფიაში, აშშ-ში გადავიდა, სადაც მამამისი პენსილვანიის უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობდა. 1971 წელს მან პენსილვანიის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიიღო მეცნიერების დოქტორის ხარისხიც, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად ევროპაში გადავიდა.

კიკომ საშუალო და უმაღლესი განათლება ვენაში, ავსტრიაში მიიღო, რადგანაც მამამისი ლაქსენბურგის უნივერსიტეტში მოეწყო. ამის გამო, გარდა მშობლიური იაპონურისა, კიკომ კარგად შეისწავლა ინგლისური და გერმანული ენები. 1972 წელს კავაშიმების ოჯახი იაპონიაში დაბრუნდა, სადაც ისინი უკვე ტოკიოში დასახლდნენ. აქ მამამისი ტოკიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის განხრით კითხულობდა ლექციებს. ამ პერიოდში იგი მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე კორპუსის პატარა ბინაში. 1989 წელს მან დაამთავრა გაქუშუინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი ფსიქოლოგის ასპირანტის ბაკალავრის ხარისხით და უკვე 1995 წელს სოციალურ ფსიქოლოგიაში მიიღო მაგისტრის ხარისხი. იმავე წელს, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მან მიიღო დოქტორის ხარისხი.

ქორწინება და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიკო კავაშიმა 1990 წელს

კიკომ იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს უმცროსი ვაჟი, აკიშინოს პრინცი ფუმიჰიტო გაქუშუინის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო. წყვილს ერთმანეთი მალევე შეუყვარდა, რის შემდეგაც უკვე 1986 წლის 26 ივნისს ფუმიჰიტომ კიკოს ცოლობა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო, თუმცა საიმპერატორო საბჭოს თანხმობის გარეშე ნიშნობა არაოფიციალური იყო. 1989 წლის 12 სექტემბერს საიმპერატორო საბჭომ წყვილს ქორწინების ნება დართო, რასაც 1990 წლის 12 იანვარს მოჰყვა ნიშნობის გრანდიოზული ცერემონია. აღსანიშნავია, რომ ქორწინების თარიღი ერთი წლის მანძილზე არ დაინიშნა, რადგან მიმდინარეობდა ფუმიჰიტოს პაპის, იმპერატორ ჰიროჰიტოს ერთწლიანი სამგლოვიარო პერიოდი, რომელიც 1989 წლის იანვარში გარდაიცვალა.

1990 წლის 29 ივნისს, ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში შედგა კიკო კავაშიმასა და პრინც ფუმიჰიტოს ქორწილი. სულ მალე პარლამენტმა პრინც დინასტიის ახალი შტოს დაარსების ნება დართო (რადგან დინასტიის ძირითადი ხაზი მის უფროს ძმას უნდა გაეგრძელებინა), რის შემდეგაც მათ მიენიჭათ აკიშინოს პრინც-პრინცესას წოდება, აქედან გამომდინარე კი შეიქმნებოდა აკიშინოს საგვარეულო შტო.

ქორწინებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც ფუმიჰიტოს უფროსი ძმა, კრონპრინცი ნარუჰიტო ჯერ კიდევ დაუქორწინებელი და შესაბამისად უშვილო იყო. ამის გამო მათ ქორწინებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. უხერხულობას იწვევდა ისიც, რომ კიკოს ოჯახი დიდად შეძლებული არ იყო. აღსანიშნავია, რომ არც იმპერატორის მეუღლე მიჩიკო იყო არისტოკრატიული წარმოშობისა, თუმცა მამამისი ფქვილის მსხვილი საწარმოს მმართველი და მდიდარი კაცი, იყო რაც წოდებრივ შეუსაბამობას შედარებით ფარავდა.

პრინცესა კიკომ მალევე განაცხადა, რომ ქორწინების მიუხედავად სურდა განათლების დასრულება, რისი უფლებაც უპრობლემოდ დართეს. 1995 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ იგი აქტიურად ჩაება საქველმოქმედო საქმიანობაში. პრინცესა კიკო განსაკუთრებულად მფარველობს იაპონელი ყრუ და სმენა დაქვეითებული ადამიანების კავშირს. აღსანიშნავია, რომ ასეთი ადამიანებისადმი ტოლერანტული განწყობის გამოსახატავად მან მუნჯური ენაც ისწავლა. 2008 წლის ოქტომბერში იგი დაესწრო „ყრუ ქალთა 28-ე ეროვნულ კონფერენციას“. 2013 წელს პრინცესა კიკომ ბრძოლა გამოუცხადა ტუბერკულოზს და დიდი თანხებიც გაიღო ამ დაავადებით დასნეულებული ადამიანების დასახმარებლად.

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს, მესამე ბავშვზე ორსულობისას კიკოს პლაცენტის პრაევიის დიაგნოზი დაუსვეს. გარდა ამისა, მას აწუხებს კარპალური გვირაბის სინდრომი და ბავშვთა მეძუძურობით გამწვავებული ოსტეოპოროზი, რაც 2017 წელს მისი პირადი ექიმის განცხადებით შუა ხნის ასაკის მიღწევასთან ერთად გამოვლინდა.

2019 წლის 1 მაისს მისი მამამთილი, იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგა და ტახტზე კიკოს მაზლი, იმპერატორი ნარუჰიტო ავიდა. იმპერატორს თავის მეუღლე მასაკოსთან მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავს, მეტი ბავშვის გაჩენას კი აღარ აპირებენ, რის გამოც ტახტის კრონპრინცი და კრონპრინცესა ფუმიჰიტო და კიკო გახდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნარუჰიტოსა და მასაკოს გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ტახტს ისინი დაიკავებენ.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პრინცესა მაკო (დ. 23 ოქტომბერი, 1991);
  • პრინცესა კაკო (დ. 29 დეკემბერი, 1994);
  • პრინცი ჰისაჰიტო (დ. 6 სექტემბერი, 2006), ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე;

ტიტულები და წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 11 სექტემბერი, 1966 - 29 ივნისი, 1990: ქალბატონი კავაშიმა კიკო;
  • 29 ივნისი, 1990 - 30 აპრილი, 2019: მისი იმპერიული უდიდებულესობა პრინცესა აკიშინო;
  • 1 მაისი, 2019 - დღემდე: მისი იმპერიული უმაღლესობა იაპონიის კრონპრინცესა;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]