კიკიას საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღდგენილი კიკიას საყდარი

კიკიას საყდარიარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოთხასიოდე მეტრზე. თარიღდება XVlll-XlX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (13,5x8,1 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. გარეთა კუთხეების და არქიტექტურული ელემენტების წყობაში გამოყენებულია კვადრატული აგური. კედლების ზედაპირი გარედან გასწორებულია სქელი ბათქაშით, რომელიც საპირე ქვებს თითქმის მთლიანად ფარავს.

ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია გადახურვა, ეკლესიის ოთხივე კედელი კამარის ქუსლის დონემდეღაა შემორჩენილი. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. დასავლეთ კარი შესაბამისი კედლის ღერძზეა გაჭრილი, სამხრეთისა კი კედლის დასავლეთ ბოლოსთან. ორივე კარი შეისრულთაღოვანია და მთლიანად აგურითაა გამოყვანილი. შიგნით შესასვლელები ჩასმულია ღრმა, თარაზულად გადახურულ (შემორჩენილია კვალი) არეში. სავარაუდოდ, ორივე შესასვლელი შიგნით ნახევარწრიული თაღით იყო დასრულებული, რომელიც მოგვიანებით (შესაძლოა მშენებლობის პერიოდშივე) ამოუშენებიათ და ორივე არე ხის ძელებით გადაუხურავთ (დასავლეთ შესასვლელის გადახურვის თავზე, აშკარად იკითხება რიყის ქვით ნაწყობი, მოგვიანებით ამოშენებული, ნახევარწრიული თაღი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული, ღრმა აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო, მაღალი სარკმელია გაჭრილი. შიგნით სარკმელი შეისრული თაღითაა გადახურული, ხოლო გარედან - ნახევარწრიულით. შიგნით სარკმლის გვერდები და წირთხლები რიყის ქვითაა ნაწყობი. თაღი კი - აგურით. სარკმლის გარეთა ღიობი თითქმის მთლიანად აგურითაა გამოყვანილი. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, ორ-ორი შეისრულთაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კუთხეებში ორსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღები იყო გადაყვანილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო მსგავსი სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა. შენობის დასავლეთ სარკმელს ზედა ნაწილი აკლია. ეკლესიის ორივე შესასვლელი გარედან, კედლის მცირედ შეღრმავებულ, ოთხკუთხა არეშია ჩასმული, რომელსაც ერთრიგად ნაწყობი აგურის ხერხულა ფრიზი აგვირგვინებს. დასავლეთ კარის გვერდები და თაღი ორსაფეხურიანია. ორივე შესასვლელის თაღის ირგვლივ მოქცეული სიბრტყე კი ნაძვის წიწვისებრად დაწყობილი აგურითაა გაფორმებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]