კიდურყვავილოვანი დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკორწმინდის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული მეორედ მოსვლის კომპოზიციის ფრაგმენტი და მისი განმარტებითი კიდურყვავილოვანი წარწერა

კიდურყვავილოვანი დამწერლობაქართული ასომთავრულის ერთ-ერთი დეკორატიული სახეობა. კიდურყვავილოვანი დამწერლობის ასოთა კიდურებში, აგრეთვე ზოგჯერ ასოს ტანის სხვა ადგილას, ქარაგმის ხაზის ბოლოებში გამოყვანილია ფოთლის ფორმის ნიშნები. ძირითადად XI საუკუნეში იყო გავრცელებული, თუმცა ამ კალიგრაფიული სახეობით შესრულებული ასომთავრული ლაპიდარული, ჭედური და ფრესკული წარწერები შედარებით გვიანაც გვხვდება. კიდურყვავილოვანი დამწერლობა ფართოდ გამოიყენებოდა ხელნაწერებშიც, უპირველესად საზედაო ასოების სახით. ტერმინი „კიდურყვავილოვანი“ ასომთავრულის ამ სახეობისათვის პირველად ივანე ჯავახიშვილმა გამოიყენა.

კიდურყვავილოვანი დამწერლობით შესრულებული ლაპიდარული წარწერებია, მაგალითად, ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის წარწერა ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთი კარის ბალავრის ქვაზე, ნიკორწმინდის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული მეორედ მოსვლის კომპოზიციის განმარტებითი წარწერა და სხვა.

კიდურყვავილოვანი დამწერლობა განსაკუთრებით გავრცელებული იყო ჭედურ წარწერებში. აქ ამგვარ ნაწერს, გარდა ფუნქციურისა, დეკორატიული ფუნქციაც ჰქონდა და მოჭედილობის გაფორმებას წარმოადგენდა. ამისი მაგალითებია ჯუმათის წმინდა გიორგის ხატის განმარტებითი და ქტიტორული წარწერები, ნიკიფარის (ზემო სვანეთი) წმინდა გიორგის ხატის განმარტებითი წარწერა, ხიდისთავის წმინდა გიორგის ხატის წარწერა, ლაკლაკისძეთა ხატის განმარტებითი და ქტიტორული წარწერები ზარზმიდან და სხვა.

კიდურყვავილოვანი დამწერლობის ფრესკული ძეგლები, რომლებიც XIII საუკუნით თარიღდება, XIX საუკუნის 30-იან წლებში, ფრედერიკ დიუბუას ცნობით, ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო გეგუთის სასახლის მოხატულობის ფრაგმენტებში. ასომთავრულის ამ კალიგრაფიული სახეობითაა შესრულებული ზოგიერთი წარწერა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ხელნაწერებში A-87, H-1667 და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. სილოგავა, ენციკლოპედია ქართული ენა, თბილისი, 2008, გვ. 269-270
  • ივ. ჯავახისვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949
  • ც. გაბაშვილი, ზედა ვარძია, თბილისი, 1985