კიბერპანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიბერპანკული ქალაქის პეიზაჟი

კიბერპანკი (ინგლ. cyberpunk) — სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი, სადაც ასახულია კაცობრიობის კულტურის ვარდნა ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე კომპიუტერების ეპოქაში. თავად ტერმინი წარმოადგენს ინგლისური სიტყვების „cybernetics“ (კიბერნეტიკა) და „punk“ (პანკი) ნაზავს. ტერმინი პირველად გამოიყენა მწერალმა ბრიუს ბეთკემ თავისი მოთხრობის დასათაურებლად. როგორც წესი, კიბერპანკთან დაკავშირებულ ნაწარმოებში აღწერილია ანტიუტოპიური მომავლის სამყარო, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი, როგორიც არის საინფორმაციო ტექნოლოგიები და კიბერნეტიკა, ეთავსება სოციალური წესწყობილების ვარდნას ან რადიკალურ გარდაქმნას.[1]

კიბერპანკი სათავეს იღებს 1960-1970-იანი წლების ეგრეთ წოდებული სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი ტალღის მოძრაობიდან, როდესაც მწერლებმა, როგორებიც არიან ფილიპ კინდრედ დიკი, როჯერ ჟელიაზნი, ჯეიმზ ბალარდი, ფილიპ ხოსე ფარმერი და ჰარლან ელისონი, გამოიკვლიეს ნარკოკულტურის, ტექნოლოგიებისა და სექსუალური რევოლუციის გავლენა ადრეული სამეცნიერო ფანტასტიკის უტოპიური ტენდენციებისთვის თავის არიდების გზით.[2]

პირველი კომიქსი, რომელშიც ასახულია კიპერპანკული თემები, არის „მსაჯული დრედი“, გამოცემული 1977 წელს. უილიამ გიბსონის 1984 წლის რომანმა „ნეირომანსერი“ გაამყარა კიბერპანკი როგორც ჟანრი. კიბერპანკის სხვა გამორჩეული ავტორები არიან ბრიუს სტერლინგი და რუდი რიუკერი.

იაპონური კიბერპანკი სათავეს იღებს 1982 წლიდან, მას შემდეგ რაც გამოვიდა კაცუჰირო ოტომოს მანგას სერია „აკირა“, რასაც 1988 წელს მოჰყვა ამავე სახელწოდების ფილმის გამოშვება, რამაც ხელი შეუწყო იაპონური კიბერპანკის პოპულარიზაციას. ამას მოჰყვა სხვა ცნობილი მანგა და ანიმე სერიების გამოსვლა, მათ შორის: „მოჩვენება აბჯარში“, „მებრძოლი ანგელოზი ალიტა“, „კოვბოი ბიბოპი“ და „ლეინის ექსპერიმენტები“.

კიბერპანკის ჟანრის ადრეული ფილმია 1982 წელს გამოსული რიდლი სკოტის „სამართებელზე მორბენალი“, დაფუძნებული ფილიპ კინდრედ დიკის რომანზე „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“, ასევე „ჯონი მნემონიკი“ (1995),[3]„სასტუმრო ახალი ვარდი“ (1995)[4][5] (ეს ორი უკანასკნელი დაფუძნებულია უილიამ გიბსონის მოთხრობებზე) და ვაჩოვსკების მატრიცის ტრილოგია (1999-2003). ჟანრის უფრო ახალი ფილმებია „სამართებელზე მორბენალი 2049“ (2017), რომელიც წარმოადგენს ორიგინალი ფილმის გაგრძელებას, „აპგრეიდი“ (2018), „ალიტა: მებრძოლი ანგელოზი“ (2019) და კომპანია Netflix-ის ტელესერიალი „სახეცვლილი ნახშირბადი“, დაფუძნებული რიჩარდ მორგანის 2002 წლის ამავე სახელწოდების რომანზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hassler, Donald M. (2008). New Boundaries in Political Science Fiction. University of South Carolina Press, გვ. 75–76. ISBN 1-57003ს-736-1 Invalid ISBN. 
  2. JOHN R. PARKER. (20 აგვისტო, 2011) ‘NEW WORLDS': ONE OF THE MOST INFLUENTIAL SCI-FI MAGAZINES RETURNS THIS FALL. Сomicsalliance.com. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2018.
  3. CTheory.net. CTheory.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-22. ციტირების თარიღი: 2009-03-20.
  4. DVD Verdict Review – New Rose Hotel. Dvdverdict.com (2000-01-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-28. ციტირების თარიღი: 2009-03-20.
  5. 'New Rose Hotel': Corporate Intrigue, Steamy Seduction“. Nytimes.com. 1999-10-01. ციტირების თარიღი: 2009-03-20.