კიანტი (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიასკო - შუიდან ქვემო ნაწილამდე მომრგვალებული, ჩალის კალათში გახვეული ტრადიციული კიანტის ბოთლი

კიანტი ეწოდება ნებისმიერ ღვინოს, რომელიც ცენტრალურ ტოსკანაში მდებარე კიანტის რეგიონშია წარმოებული. ის ისტორიულად ასოცირებულია ფიასკოსთან (fiasco იტალ. მათარა). ის ერთგვარი მრგვალი სხეულისა და ქვედანაწილის მქონე ბოთლია, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ ჩალის კალათი ფარავს. თუმცა დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელიღა თუ იყენებს ფიასკოს და კიანტის ღვინოთა უმრავლესობა უფრო სტანდარტული ფორმის ბოთლებშია ჩამოსხმული. მე-19 საუკუნის შუაში, ბარონმა ბეტინო რიკასოლიმ (მოგვიანებით იტალიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი) შექმნა კიანტის რეცეპტი, რომელიც სანჯიოვესეს (70%), კანაიოლოს (15%) და მალვასია ბიანკას (15%) ჯიშის ყურძნებისგან შედგებოდა.[1]

1970-იანი წლებიდან, მწარმოებლებმა კიანტიში თეთრი ყურძნის შემცველობის შემცირება დაიწყეს. 1995 წელს, 100% სანჯიოვესეს ჯიშის ყურძნებით კიანტის დამზადება ლეგალური გახდა. იმისათვის რომ ღვინო კიანტიდ იწოდებოდეს, მასში სანჯიოვესეს ყურძნების შემცველობა მინიმუმ 80%-ს უნდა შეადგენდეს.[2] დაძველებული კიანტი (4-7 თვის ნაცვლად 38 თვის) შესაძლოა მარკირებული იყოს როგორც რიზერვა. კიანტი რომელიც უფრო მკაცრ მოთხოვნებს (მეტი ალკოჰოლის შემცველობა, სიმშრალე და ა.შ) აკმაყოფილებს, შესაძლოა დახარისხებული იყოს როგორც კიანტი სუპერიორე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"კიანტის ღვინის" ყველაზე ადრეული დოკუმენტური წყარო მე-13 საუკუნითაა დათარიღებული, როცა ფლორენციის ირგვლივ მდებარე "კიანტის მთებში" მევენახეობა განვითარდა და გაიფურჩქნა. ახლომდებარე რაიონების ვაჭრებმა ლეგა დელ კიანტი, ანუ კიანტის ლიგა ჩამოაყალიბეს, ადგილობრივი ღვინის წარმოებისა და პოპულარიზაციისთვის. 1716 წელს, ტოსკანის დიდმა ჰერცოგმა კოზიმო III მედიჩიმ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ლეგა დელ კიანტის სამი სოფელი (კასტელინა, გაიოლე და რადა), ასევე სოფელი გრევე და გრევეს ჩრდილოეთით გადაჭიმული 3.2 კილომეტრიანი მონაკვეთი იყვნენ კიანტის აღიარებული ოფიციალური მწარმოებლები. ასეთი განსაზღვრება არსებობდა 1932 წლამდე, სანამ იტალიის მთავრობამ კიანტის ზონა გააფართოვა. 1967 წელს, მომდევნო გაფართოების შედეგად კი კიანტის ზონამ ცენტრალური ტოსკანას ძალიან დიდი არეალი მოიცვა.

ყურძნები და კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიანტის დასამზადებლად გამოყენებული სანჯიოვესეს ჯიშის ყურძენი

1996 წლიდან კიანტისა და კიანტი კლასიკოს დასამზადებლად 75-100% სანჯიოვესე, 10%-მდე კანაიოლო და 20%-მდე ნებისმიერი სანქცირებული წითელი ყურძნის ჯიში გამოიყენებოდა. 2006 წლიდან, კიანტი კლასიკოში თეთრი ყურძნის ჯიშების გამოყენება, როგორებიცაა მალვასია და ტრებიანო აიკრძალა.[3] კიანტი კლასიკოს მინიმუმ 12% უნდა ჰქონდეს ალკოჰოლის შემცველობა და სულ ცოტა 7 თვე იყოს მუხის კასრში დაძველებული. კიანტი კლასიკო დახარისხებული როგორც რისერვა, სულ ცოტა 24 თვით უნდა დაძველდეს ღვინის ქარხანაში და მინიმუმ 12.5% ჰქონდეს ალკოჰოლის შემცველობა.[2] მოსავლის რაოდენობა შეზღუდულია. კიანტი კლასიკოსთვის ის არაუმეტეს 7.5 ტონას შეადგენს ჰექტარზე, ხოლო ჩვეულებრივი კიანტისთვის 9 ტონას.

ჯენსის რობინსონი (ბრიტანელი ღვინის კრიტიკოსი და მწერალი) აღნიშნავს, რომ კიანტის ზოგჯერ იტალიურ ბორდოს უწოდებენ, მაგრამ მისი სტრუქტურა ნებისმიერი ფრანგული ღვინისგან ბევრად განსხვავდება.[3]

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს გადაღებულ ცნობილ ფილმში კრავთა დუმილი, ჰანიბალ ლექტერის ყველაზე ციტირებადი ხაზი ასეთია: "ერთხელ აღმწერმა ჩემი გამოცდა სცადა. მე კი მისი ღვიძლი მივირთვი, ცერცვის მარცვლებთან და მშვენიერ კიანტისთან ერთად". თომას ჰარისის იგივე დასახელების თავდაპირველ წიგნში ჰანიბალ ლექტერი აღნიშნავს, რომ მან ეს კერძი ამარონესთან (იტალიური მშრალი, წითელი ღვინო) მიირთვა. ფილმისთვის კიანტი აირჩა მისი ცნობადობის გამო.[4][5][6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. J. Robinson (ed) The Oxford Companion to Wine Third Edition pg 162–163 Oxford University Press 2006 ISBN 0-19-860990-6
  2. 2.0 2.1 M. Ewing-Mulligan & E. McCarthy Italian Wines for Dummies pg 147–159 Hungry Minds 2001 ISBN 0-7645-5355-0
  3. 3.0 3.1 Jancis Robinson "Chianti Classico - thoroughly red now Archived 26 January 2013 at the Wayback Machine" 5 July 2008
  4. Millar, Rupert (30 January 2015). Chianti, Meds and Hannibal Lector The Drinks Business. Retrieved 16 May 2018.
  5. St. John, Bill (15 February 2012). Chianti growing up with style Chicago Tribune. Retrieved 16 May 2018.
  6. Szumskyj, Benjamin (2008). Dissecting Hannibal Lecter Essays on the Novels of Thomas Harris. McFarland. ISBN 9780786432752.