კვირინალის ბორცვი

კვირინალის ბორცვი(იტალ. Quirinale (colle)), (ლათ. Collis Quirinalis) — რომის შვიდი ბორცვიდან ერთ-ერთი, ქალაქის ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით. იგი წარმოადგენს იტალიის სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური რეზიდენციის ადგილმდებარეობას, რომელიც ცხოვრობს კვირინალის სასახლეში; მეტონიმიით „კვირინალი“ იტალიის პრეზიდენტის აღმნიშვნელი გახდა. კვირინალის სასახლის ფართობია 1.2 მილიონი კვადრატული ფუტი (11 ჰა; 28 აკრი).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომაული ლეგენდის თანახმად, კვირინალის ბორცვი იყო საბინების პატარა სოფლის ადგილმდებარეობა, და მეფე ტიტუს ტატიუსი თურმე აქ ცხოვრობდა რომაელებსა და საბინელებს შორის მშვიდობის დამყარების შემდეგ. ამ საბინელებს აუგიათ საკურთხევლები თავიანთი ღმერთის კვირინუსის პატივსაცემად (ბორცვიც ამ ღმერთის სახელით დაარქვეს).
აღმოჩენილია სამარხები ძვ.წ. VIII საუკუნიდან ძვ.წ. VII საუკუნემდე, რაც ადასტურებს საბინელების დასახლების არსებობის ალბათობას; ბორცვზე იყო კვირინუსის სამარხი, რომელიც ლუციუს პაპირიუს კურსორმა ტაძრად გარდაქმნა მესამე სამნიტურ ომში გამარჯვების შემდეგ. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია კაპიტოლიუმის ტრიადის (იუპიტერი, მინერვა, იუნონა) კულტი აქ აღინიშნებოდა მანამ, სანამ იგი კაპიტოლიუმის ბორცვთან დაკავშირდებოდა. აქვე იყო ფლორას, ოსკო-საბინური ქალღმერთის, საკურთხეველიც.[1]
ლივიუსის თანახმად, ბორცვი პირველად გახდა რომის ქალაქის ნაწილი, ვიმინალის ბორცვთან ერთად, სერვიუს ტულიუსის, რომის მეექვსე მეფის, მმართველობის პერიოდში, ძვ.წ. VI საუკუნეში.[2]
ძვ.წ. 446 წელს კვირინალზე ტაძარი იქნა კურთხეული სანკუსის პატივსაცემად, და შესაძლებელია, რომ ეს ტაძარი სხვა ტაძრის ნანგრევებზე აიგო. ავგუსტუსმაც უბრძანა ტაძრის აშენება, რომელიც მარსს მიეძღვნა. კვირინალის ბორცვის ფერდობზე იყო სალუსტიუსის ვრცელი ბაღები.
კვირინალის ბორცვზე კონსტანტინე დიდმა ბრძანა თავისი აბანოების აშენება, უკანასკნელი თერმების კომპლექსი, რომელიც იმპერიულ რომში აიგო. ეს ნაგებობები ახლა დაკარგულია, რენესანსის რომის შემადგენელი ნაწილი გახდა, და მხოლოდ XVI საუკუნის რამდენიმე ნახაზი შემორჩა.
შუა საუკუნეებში აშენდა ტორე დელე მილიციე (მილიციების კოშკი) და წმინდა პეტრესა და დომენიკეს მონასტერი, ხოლო კონსტანტინეს ნაგებობის თავზე აიგო პალაცო პალავიჩინი-როსპილიოზი; ორი ცნობილი მარმარილოს უზარმაზარი ქანდაკება ცხენების მომთვინიერებლებისა, რომლებიც საზოგადოდ დიოსკურებად არიან მიჩნეული ცხენებთან ერთად და ახლა პიაცა კვირინალეზე დგანან, თავდაპირველად ამ პალაცოში იყო განთავსებული. მათ კვირინალს მიანიჭეს შუა საუკუნეების სახელი მონტე კავალო (ცხენების მთა), რომელიც XIX საუკუნემდე შემორჩა, როდესაც ბორცვი შეუცნობლად შეიცვალა გაერთიანებული იტალიის მზარდი დედაქალაქის ურბანიზაციის შედეგად. იმავე პალაცოში იყო აგრეთვე მდინარის ღმერთების ორი ქანდაკება, რომლებიც მიქელანჯელომ პალაცო სენატორიოს საფეხურებზე გადაიტანა კაპიტოლიუმის ბორცვზე.
რომის ცენტრის პოლიტიკური დაყოფის თანახმად, ეს ბორცვი ეკუთვნის რიონე ტრევის.
კვირინალის სასახლე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კვირინალის ბორცვი დღეს ასოცირდება კვირინალის სასახლესთან, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციასთან რომში და სახელმწიფოს ერთ-ერთ სიმბოლოსთან. 1946 წელს იტალიის მონარქიის გაუქმებამდე, ეს იყო იტალიის მეფის რეზიდენცია, ხოლო 1871 წლამდე, თავდაპირველი დანიშნულებისამებრ, პაპის რეზიდენცია.
კვირინალის ბორცვის ჯანსაღმა[3] გრილმა ჰაერმა მიიზიდა არისტოკრატები და საპაპო ოჯახები, რომლებმაც ააშენეს ვილები იქ, სადაც ანტიკურ ხანაში სალუსტის ბაღები იყო. კარდინალ ლუიჯი დ'ესტეს ვილაში ვიზიტმა 1573 წელს დაარწმუნა პაპი გრიგოლ XIII დაეწყო საზაფხულო რეზიდენციის მშენებლობა მომდევნო წელს, ვატიკანის ბორცვსა თუ ლატერანთან შედარებით უფრო ჯანსაღად მიჩნეულ ადგილას: მისი არქიტექტორები იყვნენ ფლამინიო პონციო და ოტავიანო ნონი, წოდებული მასკერინოდ; პაპ სიქსტუს V-ის დროს, სამუშაოები გააგრძელეს დომენიკო ფონტანამ (მთავარი ფასადი მოედანზე) და კარლო მადერნამ, და ჯოვანი ლორენცო ბერნინიმ პაპ კლემენტ XII-სათვის. ბაღები მადერნოს მიერ იქნა შექმნილი. XVIII საუკუნეში, ფერდინანდო ფუგამ ააშენა გრძელი ფრთა, სახელად „მანიკა ლუნგა“ (გრძელი სახელო), რომელიც 360 მეტრზე გადაჭიმულია ვია დელ კვირინალეს გასწვრივ. წინ მდებარეობს დახრილი პიაცა დელ კვირინალე, სადაც 1588 წელს ხელახლა აღმართეს რომაული მარმარილოს გიგანტური წყვილი „ცხენების მომთვინიერებლები“, რომლებიც წარმოადგენენ კასტორსა და პოლუქსს და ნაპოვნი იყო კონსტანტინეს აბანოებში. ჯოვანი ბატისტა პირანეზის მიერ გრავირებულ ხედში, ეს ვრცელი ღია სივრცე მოუკირწყლავია. კვირინალის სასახლე პაპების რეზიდენცია იყო 1870 წლამდე, თუმცა ნაპოლეონმა პიუს VI და პიუს VII საფრანგეთში გადაასახლა და კვირინალი საიმპერიო სასახლედ გამოაცხადა. როდესაც რომი იტალიის სამეფოს შეუერთდა, კვირინალი მეფეების რეზიდენცია გახდა 1946 წლამდე.
დღეს, სასახლე მასპინძლობს სახელმწიფოს მეთაურის ოფისებსა და აპარტამენტებს და, მის გრძელ მხარეს გასწვრივ „ვია XX სეტემბრეზე“ (ე.წ. „მანიკა ლუნგა“), აპარტამენტებს, რომლებიც მოწყობილი იყო უცხოელი მონარქების ან დიგნიტარების ყოველი ვიზიტისთვის.
ამ პალაცოში რამდენიმე კოლექციაა, მათ შორის გობელენები, ნახატები, ქანდაკებები, ძველი ეტლები (კაროცები), საათები, ავეჯი და ფაიფური.
პირანეზის ხედში, მარჯვნივ მდებარე სასახლე არის „პალაცო დელა საკრა კონსულტა“, თავდაპირველად ვილა, რომელიც აშენდა კონსტანტინეს აბანოების ნანგრევებზე და რომელიც სიქსტუს V-მ სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლოდ გადააკეთა. დღევანდელი ფასადი 1732-1734 წლებში ააშენა არქიტექტორმა ფერდინანდო ფუგამ პაპ კლემენტ XII კორსინის ბრძანებით, რომლის გერბიც, ორი „ფამეს“ მიერ საყვირით აღნიშნული, კვლავ ამაღლებულია სახურავის ბალუსტრადაზე, როგორც პირანეზის ხედშია. ადრე აქ მუსოლინის კოლონიურ საქმეთა სამინისტრო მდებარეობდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Samuel Ball Platner, A Topographical Dictionary of Ancient Rome: Quirinal Hill
- Rossini's etching
- Guide to the Quirinal area
- (in Italian) "Palazzo del Quirinale" official site.
- More info about Quirinal Area
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Valone, Carolyn (1994). „Women on the Quirinal Hill: Patronage in Rome, 1560-1630“. The Art Bulletin. 76 (1): 129–146. doi:10.2307/3046006. JSTOR 3046006.
- ↑ Livy, Ab urbe condita, 1.44
- ↑ Before mosquitos were identified as the vector of Rome's seasonal malaria ("bed air") a miasma exuded by low-lying ground was thought to be the cause.