კვინტუს ფაბიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს რულიანუსი (რულუსი) (ლათ. Quintus Fabius Maximus Rullianus) — მარკუს ფაბიუს ამბუსტუსი ძე, ხუთგზის კონსული[1] და სამნიტური ომების გმირი.

მხედართა მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვინტუს ფაბიუსის დაბადების თარიღი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის რომ იგი პატრიციუს მარკუს ფაბიუსის ოჯახში დაიბადა. ძვ. წ. 325 წელს, როდესაც იგი ახალგაზრდა ჭაბუკი იყო, იგი დაინიშნა, სამნიტებთან ომისთვის არჩეული დიქტატორის ლუციუს პაპირიუს კურსორის მხედართა მეთაურად.

ლაშქრობა გაურკვეველი მკითხაობებით დაიწყო, ამიტომ დიქტატორი იძულებული იყო რომში დაბრუნებულიყო ხელმეორედ სამკითხაოდ. მან უბრძანა კვინტუს ფაბიუსს არ ჩართულიყო ბრძოლაში მისი ბრძანების გარეშე. ფაბიუსმა კი მზვერავთა მეშვეობით შეიტყო, რომ მტრის ბანაკში სრული უწესრიგობა სუფევს. ამიტომ მიუხედავად ბრძანებისა, იგი გაემართა იმბრინიუმისკენ და დაიწყო სამნიტებთან ბრძოლა.

რომაელებმა ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. კვინტუს ფაბიუსმა მოგროვილი მტრის შეიარაღება დაწვა და გამარჯვების შესახებ წერილი დიქტატორს კი არა, სენატს გაუგზავნა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურდა რომ დიქტატორს მისი დიდება წაერთმია ან გაეზიარებინა. განრისხებული დიქტატორი უმალვე გაემართა სამხედრო ბანაკისკენ. ფაბიუსს შეატყობინეს ამის შესახებ და მან შეკრიბა მეომრები და სთხოვა მათ დაცვა. მეომრებმა სრული მხარდაჭერა აღუქვეს.

დიქტატორმა ჩამოსვლის თანავე შეკრიბა მეომრები და ფაბიუსი დაადანაშაულა სამხედრო დისციპლინის დარღვევაში და დიქტატორის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობაში. მან უკვე უბრძანა ლიქტორებს ფაბიუსის შეპყრობა, როდესაც მისი ერთგული მეომრები რომში გაქცევაში დაეხმარნენ.

რომში მამის რჩევით კვინტუსი სენატში მივიდა და იჩივლა დიქტატორის სისასტიკეზე. მას ჯერ არ ჰქონდა დასრულებული სიტყვა, როდესაც ლიქტორებმა დიქტატორის მოვლა გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა რომ სენატი კვინტუსის სასარგებლოდ იყო განწყობილი, პაპირიუსი მაინც მოითხოვდა მის დასჯას. მაშინ მარკუს ფაბიუსმა მოითხოვა საქმის განსახილველად სახალხო კრებისთვის გადაცემა.

სახალხო კრებაზე კი იგი სიტყვით გამოვიდა, თქვა რომ არადროს არ ყოფილა რომ თუნდაც დამარცხებული მხედართმთავარი დაესაჯათ და გამარჯვებულს კი ჯილდოს მაგივრად სასიკვდილოთ იმეტებს განრისხებული დიქტატორი. სენატიც, ხალხის და მეომრებიც მის მხარეს იყვნენ. საბოლოოს კვინტუს ფაბიუსი მხოლოდ ხალხის ერთსულოვანმა ვედრებამ იხსნა და დიქტატორმა უარი თქვა მის დასჯაზე.

დიქტატორი დაბრუნდა სამხედრო ბანაკში, ფაბიუსს კი ქალაქში დარჩენა უბრძანა, მას არ შეეძლო ფაბიუსის დათხოვნა, ვინაიდან დიქტატორი და მხედართა მეთაური ერთად უნდა გადამდგარიყვნენ, ამიტომ აუკრძალა მას თანამდებობის გამოყენება.

პირველი კონსულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 322 წელს კვინტუს ფაბიუსი კონსულად იყო არჩეული. მიუხედავად ამისა მას არ მიუღია სამნიტებთან ომში აქტიური მონასწილებობა, ვინაიდან ომისთვის დიქტატორი ავლუს კორნელიუს არვინუსი იყო დანიშნული. მეტი ცნობები კვინტუს ფაბიუსზე ამ პერიოდში არ მოგვეპოვება.

პირველი დიქტატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაბიუსის ცხოვრების შესახებ ძვ. წ. 315 წლამდე ცნობები არ მოგვეპოვება. ამ წელს კი იდი დიქტატორად დანიშნეს საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. წინამორბედისგან ჯარების გადასაბარებლად იგი დამატებითი ჯარით სატიკულუმისკენ წავიდა. ამასობაში სამნიტებმა ძალები მოიკრიფეს, პლისტიკუმის ალყას შეეშვნენ და ისევ რომაელებთან საბრძოლველად გამოემართნენ.

პირველი ბრძოლა სპონტანურად გაიმართა. რომაელებს მხედართა მეთაური კვინტუს ავლიუს ცერეტანუსი ხელმძღვანელობდა. ისიც და სამნიტთა მხედართმთავარიც დაიღუპნენ ბრძოლაში, მაგრამ გამარჯვება მაინც რომაელებს ხვდათ წილად. ამ დამარცხების შემდეგ სამნიტებმა ისევ მიატოვეს სატიკულუმი და ისევ პლასტიკუმისკენ გაემართნენ. რამდენიმე დღეში სატიკულუმი რომაელებს ჩაბარდა, ხოლო პლისტიკუმი სამნიტებს.

სატიკულუმის დაცემის შემდეგ საბრძოლო მოქმედებებმა რომაული დასახლება სორასკენ გადაინაცვვლა. აქ ადგილობრივმა მოსახლეობამ გაჟლიტა რომის მოქალაქეები და ეს დასახლება სამნიტების მხარეს გადავიდა. რომაული ჯარი, დიქტატორის მეთაურობით, სწრაფი მარშით გაემართა სორასკენ, მათ კი ფეხდაფეხ სამნიტური ჯარი მოსდევდა. რომაელები მტრის დასახვედრად გაემართნენ და ლავტულუმთან მოხდა ბრძოლა. დღე ისე დასრულდა რომ გამარჯვებული მხარე არ იყო გამოკვეთილი. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით მხედართა მეთაური კვინტუს ავლიუსი სწორედ ამ ბრძოლაში დაიღუპა.

ავლუსის ნაცვლად დანიშნული გაიუს ფაბიუსი რომიდან გამოემართა ახალი ჯარებით, მან შიკრიკების მეშვეობით კარგად იცოდა დიქტატორის გეგმები, რასაც შეუთანხმა საკუთარი მოქმედების გეგმა. იგი თავისი ჯარებით მიიმალა კარგად დაცულ ადგილას. ამასობაში კი დიქტატორი რამდენიმე დღის მანძილზე ჯარებს ბანკში აკავებდა.

რამდენიმე დღეში დიქტატორმა გასცა ბრძოლის ბრძანება. მან დაუმალა მეომრებს რომ დასახმარებლად მხედართა მეთაურია ახალი ჯარით მოსული, რათა მხოლოდ საკუთარი თავის იმედათ ყოფნა უფრო შეაგულიანებდა ჯარისკაცებს. იგი გამოვიდა ჯარისკაცების წინაშე და წარმოთქვა სიტყვა, რომ მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ, უკან დასახევი გზა არ აქვთ და რომ არავის არ ჰქონდეს ბანაკში დაბრუნების იმედი, იგი ბრძანებს მის დაწვას. გამარჯვების შემთხვევაში კი მეომრები მდიდარი ნადავლის სახით მიიღებდნენ კომპენსაციას.

სიტუაციის უიმედობამ და ცეცხლმოდებული ბანაკის ხილვამ, (თუმცა დიქტატორმა მხოლოდ იმ ნაწილის დაწვა ბრძანა რომელიც ბრძოლის ველიდან ჩანდა), უფრო გაასასტიკა მეომრები და შეჰმატა მათ ბრძოლის ჟინი. რომაელები შეერკინნენ მტერს. ცეცხლწაკიდებული ბანაკი გაიუს ფაბიუსისთვის იმის ნიშანი იყო, რომ მას და მის მეომრებს ზურგიდან უნდა შეეტიათ სამნიტებისთვის. ორივე მხრიდან ალყაშემორტყმულმა სამნიტებმა დაიწყეს ბრძოლის ველიდან გაქცევა, ხოლო ვინც ვერ მოასწრო რომაელებმა ადგილზე გაჟლიტეს.

მტრის ბანაკი აიღეს და გაძარცვეს, შემდეგ დიქტატორმა მეომრები უკან საკუთარ ბანაკში წაიყვანა და რომაელებს გამარჯვებაზე მეტად ის უხაროდათ, რომ მათი ბანაკი პატარა მონაკვეთის გარდა ხელუხლებელი აღმოჩნდა.

მეორე კონსულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორედ კვინტუს ფაბიუსი კონსულად ძვ. წ. 310 წელს აირჩიეს გაიუს მარციუს რუტილუსთან ერთად. ფაბიუსმა თავის თავზე სიტრიუმთან ომი აიღო. ეტრუსკები სუტრიუმის ალყით იყვნენ დაკავებულნი, როდესაც ფაბიუსი დამატებითი ჯარებით მიისწრაფოდა სიტრიუმელების დასახმარებლად.

რომაელებს გზა ეტრუსკთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა მოუჭრა და იქვე ბრძოლაც გაიმართა. რომაელებმა მალე მოიპოვეს გამარჯვება, უკან დახეულ ეტრუსკებს კი გზა რომაელმა მხედრებმა მოუჭრეს, მაშინ ეტრუსკები ბანაკის ნაცვლად ტყეებში გაიქცნენ. ერტუსკთა ბანაკი კი რომაელებმა აიღეს.

შემდეგ კვინტუს ფაბიუსს უნდა გაეარა უღრანი ციმინიუმის ტყე. კავდიუმის მშვიდობა ჯერ არ იყო დავიწყებული, ასე რომ ეს დიდი რისკი იყო. კვინტუსმა დასაზვერად თავისი ძმა მარკუს ფაბიუსი გააგზავნა, რომელმაც მოუტანა ამბავი რომ, კამერინელი უმბრები მათ მხარეზე არიან. კვინტუს ფაბიუსი თავისი ლეგიონებით უმალვე დაიძრა ტყისკენ. როდესაც რომაელები ციმინიუმის ქედზე ავიდნენ, მათ ეტრუსკი პოვსტანცები შეხვდნენ. რომაელებმა ისინი უპრობლემოდ დაამარცხეს და გაძარცვეს.

ამ დროს რომაულ ბანაკში მოვიდნენ სენატისგან შიკრიკები, რათა აეკრძალათ კონსულისთვის ციმინიუმის მთებზე გადასვლა, მაგრამ როდესაც ნახეს რომ უკვე გვიან იყო, კმაყოფილები დაბრუნდნენ ბანაკში.

ციმინიუმის ქედზე გადასვლამ ომი უფრო ფართომასშტაბიანი გახადა. რომაელთა წინააღმდეგ სურტიუმთან გამოვიდნენ ეტრუსკებიც და უმბრებიც. ეტრუსკები მაშინვე საბრძოლო მწყობრით დადგნენ, ხოლო რომაელები არ ჩქარობდნენ ბრძოლის დაწყებას. კონსულმა მათ მოთმინება უბრძანა, ვინაიდან საიდუმლო იარაღი გააჩნია. მეომრებმა ჩათვალეს რომ საქმე მოწინააღმდეგეთა რიგებში მოღალატეს ეხება და დამშვიდნენ. საღამოთი ეტრუსკები მიუახლოვბნენ რომაულ ბანაკს და გადაწყვიტეს ღამეც იქ დარჩენა, რათა განთიადზე თავს დასხმოდნენ და აეღოთ ბანაკი. რომაელებს კი კონსულმა საღამოთი ადრე დაწოლა ურჩია. გამთენიისას რომაელები ადგნენ და თავს დაესხნენ მათ ბანაკთან მძინარე ეტრუსკებს.

ამ პერიოდში მეორე კონსულის მდგომარეობა სამნიუმში არ იყო სახარბიელო, ფაბიუსის ციმნიუმზე გადასვლამაც ბევრი მითქმა მოთქმა გამოიწვია რომში, რის სედეგადაც სენატმა გადაწყვიტა დიქტატორის დანიშვნა. ცხადი იყო რომ დიქტატორად ლუციუს პაპირიუს კურსორი უნდა დაენიშნათ. სენატს ეშინოდა რომ ამით საქმე უარესად არ წამხდალიყო, ვინაიდან ფაბიუსი და კურსორი პირადი მტრები იყვნენ. ამიტომ ფაბიუსთან გაგზავნეს ელჩები, რათა დაერწმუნებინათ იგი მიეღო სენატის გადაწყვეტილება. როდესაც ელჩებმა აუხსნეს კვინტუსს შექმნილი სიტუაცია, მან პასუხი არ გასცა მათ და ისე დატოვა, ხოლო შემდეგ, წესისამებრ ღამით გამოაცხადა დიქტატორად კურსორი, თავისი საქციელი მან არაფრით არ ახსნა. ელჩებმა ადიდეს იგი საკუთარ თავთან ბრწყინვალე გამარჯვებისთვის და დაბრუნდნენ რომში.

ზოგი მძინარე ჩახოცეს, ვინც კი მოასწრო გარვიძება, ვერ შეძლეს რომაელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. იმ დღეს 60 000-მდე მტერი გაანადგურეს ან ტყვეთ აიყვანეს. ზოგი ისტორიკოსის ცნოით ეს ამბავი მოხდა პერუზიასთან. ეტრურიის მთავარი ქალაქებიდან რომში ელჩები გაემართნენ 30 წლიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. შემდეგ წელს კი დიქტატორი იყო დანიშნული.

კვინტუს ფაბიუსმა კიდევ ერთხელ ადვილად დაამარცხა პერუზიაში ეტრუსკების ჯარები, რომლებმაც თვითონ დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება და პერუზიასაც აიღებდა, იქაურები თვითონ რომ არ ჩაბარებულიყვნენ რომაელებს. ამის შემდეგ კვინტუსი ეტრუსკ ელჩებთან ერთად რომში დაბრუნდა სადაც ტრიუმფი გადაიხადა.

მესამე კონსულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამედ კინტუს ფაბიუსი კონსულად ძვ. წ. 308 წელს აირჩიეს პუბლის დეციუს მუსთან ერთად. ამჯერად ფაბიუსს საომრად სამნიუმი ერგო. კონსულმა აიღო ალფატერიუმის ნუცერიუმი.

ამ დროს კი ეტრურიაში რომაელებს უმბრებმა უღალატეს. მათმა მეთაურებმა დეციუსის ლეგიონებთან ბრძოლას რომისგენ წასვლა ამჯობინეს. როდესაც ამის შესახებ შეიტყო დეციუსმა, იგი სწრაფი მარშით გაემართა დედაქალაქისკენ. რომაელებმა კი გადაწყვიტეს ფაბიუსის მოხმობაც უმბრების წინააღმდეგ.

ფაბიუსი კი სწრაფი მარშით უმბრიის ქალაქ მევანიუმისკენ გაემართა. მეორე კონსულის უეცარმა გამოჩენამ ისე დააფრთხო უმბრები, რომ მათ ომზე უარის თქმა გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა მათ შორის ერთი ბრძოლა მაინც მოხდა, რომელშიც რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

უმბრებთან გამარჯვების შემდეგ კვინტუს ფაბიუსი სამნიუმში დაბრუნდა. მისი კონსულობის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი სამნიუმში პროკონსულად დატოვეს.

ძვ. წ. 306 წელს კვინტუს ფაბიუსმა კიდევ ერთხელ დაამარცხა სამნიტები და მათი მოკავშირეები ალიფიუმთან. ბრძოლის მეორე დღეს კი სამნიტური ჯარის ნარჩენები რომაელებს ჩაბარდა ტყვეთ.

ძვ. წ. 304 წელს კვინტუს ფაბიუსი ცენზორად იყო არჩეული.

მეოთხე კონსულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხედ კონსულად კვინტუს ფაბიუსი ძვ. წ. 297 წელს აირჩიეს ისევ პუბლიუს დეციუს მუსთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ მას არ სურდა კონსულობა და იმიზეზებდა თავის ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა ამ დროს იგი 50 წლამდე უნდა ყოფილიყო. მან თვითონ მოითხოვა რომ მისი კოლეგა პუბლიუს დეციუს მუსი ყოფილიყო. ამ დროს უკვე მესამე სამნიტური ომი იყო დაწყებული, პარალელურად ეტრუსკებთან ომიც მიმდინარეობდა. ეტრუსკებმა ამ წელს ზავი მოითხოვეს, ამიტომ ორივე კონსულმა სამნიუმის წინააღმდეგ გაილაშქრა. სამნიტების დასაბნევად ფაბიუსმა და დეციუსმა ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს.

მძიმე ბრძოლა დაიწყო, რომაელებმა სცადეს სამნიტების მოტყუება და მხედრების სამნიტების ზურგში გაშვება, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. ამის შემდეგ ფაბიუსი სხვა ეშმაკობაზე წავიდა, მან ხმამაღლა განაცხადა რომ დეციუსი თავისი ლეგიონებით მათ უახლოვდებათ, ამ ცნობამ შეაგულიანა რომაელები და დააფრთხო სამნიტები. სწორედ ამან მოუტანა რომაელებს ბრძოლაში გამარჯვება.

ფაბიუსმა სამნიუმში ომი წარმატებით განაგრძო, მან 86ჯერ აიღო მტრის ბანაკი და დაიკავა ქალაქი ციმეტრიუმი. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსი რომში დაბრუნდა არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა ცენტურიამ იგი აირჩია კონსულად, მასთან ერთად აირჩიეს აპიუს კლავდიუსი ასევე პატრიციუსი, თუმცა კანონის თანახმად ერთ-ერთი კონსული პლებეი უნდა ყოფილიყო. მან უარი განაცხადა თანამდებობაზე და ნახევარი წლით დაინიშნა პროკონსულად სამნიუმთან ომისთვის.

პროკონსულმა ფაბიუსმა სამნიუმში საქმე იქამდე მიიყვანა რომ სამნიტთა ჯარები ეტრურიაში გაიქცნენ, რათა ეტრუსკები თავისკენ გადმოებირებინათ. ამასობეში კვინტუს ფაბიუსმა რამდენიმე მდიდარი სამნიტური ქალაქი აიღო. ამის შემდეგ იგი პროკონსულად დანიშნეს ლუკანიუმში.

მეხუთე კონსულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 295 წელს არავის არ გაკვირვებია არჩევნებზე ისევ ფაბიუსის გამარჯვება. მასთან ერთად ლუციუს ვოლუმნიუსმა გაიმარჯვა, მაგრამ ფაბიუსმა კოლეგად ისევ პუბლიუს დეციუსი მოითხოვა.

მიუხედავად იმისა რომ ორი კონსული უკვე მესამეჯერ იყვნენ კოლეგები და ერთად იყვნენ ცენზორები, მათ შორის პირველად მოხდა განხეთქილება. პატრიციებმა მოითხოვეს რომ ეტრუსკებთან ომი წილის ყრის გარეშე ფაბიუსს რგებოდა, ხოლო პლებეები მოითხოვდნენ წილის ყრას. ფაბიუსმა ბოლო ბოლო დაარწმუნა კოლეგა რომ უმჯობესია მან განაგრძოს მის მიერ წარმატებით დაწყებული ეტრუსკული ომი.

როდესაც კი ფაბიუსმა განაცხადა მეომრების შეკრება, ყველა ცდილობდა მის ჯარში ჩაწერილიყო. ფაბიუსმა კი საომრად მარტო 4 000 ქვეითი და 600 მხედარი წაიყვანა. იგი გაემართა აქარნის ციხესიმაგრისკენ, სადაც რომაელთა ბანაკი იყო აპიუს კლავდიუსის ჯარებით. ჯარისკაცები ფაბიუსს დიდი სიხარულით შეეგებნენ. ფაბიუსი დაბანაკდა კლუზიუმთან და გაემართა რომში სამხედრო საკითხებზე მოსათათბირებლად. რომში ჩასვლის მიზნებზე სხვადასხვა ვერსიებიც არსებობს, ზოგი ცნობებით აპიუს კლავდიუსი იქ ფაბიუსის წინააღმდეგ ხრიკებს აწყობდა, და იგი სენატმა გამოიძახა. ასეა თუ ისე ფაბიუსი სამხედრო ბანაკსი დეციუს მუსთან ერთად დაბრუნდა.

ამასობაში კლუზიუმთან რომაელთა სამხედრო ბანაკს გალები დაესხნენ თავს და ყველა გაჟლიტეს. გალები სამნიტებთან, ეტრუსკებთან და უმბრებთან შეიკრნენ და ყველანი რომაელთა წინააღმდეგ დაილაშქრნენ. მტრები ერთმანეთს სენტინუმთან შეხვდნენ. მარჯვენა ფრთაზე სამნიტები იყვნენ, მათ პირისპირ ფაბიუსი იდგა, ხოლო მარცხნივ გალების პირისპირ დეციუსი იდგა.

თავდაპირველად ბრძოლა თანაბარი იყო. მარჯვნივ ფაბიუსი უფრო თავს იცავდა ვიდრე ესხმოდა, რადგან მან კარგად იცოდა სამნიტების საბრძოლო ტაქტიკა, დღის ბოლოსთვის ისინი დაიღლებიან და მათი ძლევა უფრო ადვილი იქნება. გალები კი, რომლებსაც ძალიან უჭირთ სიცხის ატანა, საშიშნი არიან ბრძოლის დასაწყისში, ბოლოსკენ კი ძალიან სუსტდებიან.

დეციუსი კი პირიქით მოიქცა, მან ჯერ ქვეითები გაუშვა თავდასხმაში, შემდეგ კი მხედრები. მათ წინააღმდეგ გალმა მხედრებმა გამოილაშქრეს და უკან დაახევინეს რომაელებს. დეციუი ამაოდ ცდილობდა უკან დახეული რომაელების შეჩერებას, ბოლოს კი როდესაც ვერაფრით ვერ მოახერხა ეს, გადაწყვიტა გაემეორებინა თავისი მამის ბედი, მან მოუწოდა პონტიფიკუსს მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩასატარებლად. პონტიფიკუსმა ქვესკნელის ღმერთებს უბოძა მტრის ლეგიონები და დეციუს მუსი. რიტუალის ჩატარების შემდეგ პუბლის დეციუსმა იქითკენ გააჭენა ცხენი, სადაც გალები უფრო მჭირდოდ იდგნენ და იქვე დაიღუპა.

რომაელებმა შეწყვიტეს უკან დახევა და ისევ თავდასხმაში გადავიდნენ. მტრები კი ამ მსხვერპლშეწირვამ შეაშინა და ბრძოლა რომაელების უპირატესობით გაგრძელდა.

მარჯვენა ფრთაზე კი ფაბიუსს უწინდებურად გაყავდა დრო. ბოლოს კი როდესაც იგრძნო რომ მტრები დაიღალნენ დაიწყო შეტევა, ხოლო მხედრებს უბრძანა სამნიტებისთვის გვერდიდან შეეტიათ. სამნიტებმა პირველებმა დაიხიეს უკან. რომაელებმა სწრაფად აიღეს სამნიტების ბანაკი, გალებს კი ზურგიდან დაარტყეს და ისე დაამარცხეს. დეციუსის ლაშქრიდან 7000 დაიღუპა, ფაბიუსის ლაშქრიდან კი 1500. პაბიუსმა დეციუსი დიდი პატივით დაკრძალა.

ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსმა სასტიკად ჩაახშო პერუზიელთა აჯანყება. ფაბიუსმა დეციუსის ლეგიონები ეტრურიაში დატოვა, თვითონ კი რომში ტრიუმფით დაბრუნდა, სადაც ხალხი ადიდებდა მას როგორც დიდ მხედართმთავარს და მისი კოლეგის დიდებულ სიკვდილს.

ძვ. წ. 292 წელს კონსულად ფაბიუსის ვაჟი ფაბიუს გურგესი აირჩიეს. მას მოუწია სამნიტების წინააღმდეგ გალაშქრება, მაგრამ მისი ლაშქრობა არ იყო წარმატებული. სენატს მისი გამოწვევა უნდოდა, მაგრამ კვინტუს ფაბიუსი ჩაერია და მოითხოვა მისი ლეგატად გაგზავნა შვილთან. მამის რჩევებით კონსულმა შეძლო სამნიტების დამარცხება და რომში ტრიუმფით დაბრუნდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hans Georg Gundel: Fabius II. 38. In: Der Kleine Pauly (KlP). Band 2, Stuttgart 1967, Sp. 493.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტუს ლივიუსი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zur Ämterlaufbahn des Fabius Maximus Rullianus siehe: T. Robert S. Broughton: The Magistrates Of The Roman Republic. Band 1: 509 B.C. – 100 B.C. (= Philological Monographs. Bd. 15, Teil 1, თარგი:ZDB). American Philological Association, New York NY 1951, S. 147 f. (Magister equitum 325), S. 149 f. (Konsul I 322), S. 156 f. (Diktator 315), S. 161–163 (Konsul II 310), S. 164 (Konsul III 308), S. 175 (Konsul IV), S. 177–179 (Konsul V 295), (Unveränderter Nachdruck 1968).