კვარციტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კვარციტები)
კვარციტი
კვარციტი
ცნობები
ტიპი მეტამორფული
შეფერილობა თეთრი, რუხი, ან მოწითალო
გამოიყენება მშენებლობაში

კვარციტიმეტამორფული ქანი, რომელიც შედგება კვარცის უწვრილესი მარცვლებისაგან. მაგარი და მტკიცე ქანია; თეთრი, რუხი, ან მოწითალო ფერისაა. წარმოიქმნება რეგიონული მეტამორფიზმის დროს კვარციანი ქვიშაქვების გადაკრისტალების შედეგად. დიდი რაოდენობით შეიცავს SiO2-ს (95-99%). ცეცხლგამძლეობა — 1710-1770°С-მდე. დამახასიათებელია მექანიკური სიმტკიცე.[1] კვარციტს უწოდებენ მასიურ კვარციან ქვიშაქვებსაც და ზოგჯერ გამოფიტვის ქერქში მეტასომატურად წარმოქმნილ კვარციან მარცვლოვან ქანებსაც (ჰიპერგენული კვარციტი). განარჩევენ აგრეთვე მჟავე და საშუალო ეფუზიური ქანებისა და მათი ტუფების, იშვიათად მჟავე ინტრუზიული ქანების, ჰიდროთერმულ-მეტასომატური გზით გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ მეორეულ კვარციტებს. კვარციტი კარგი სამშენებლო და მჟავაგამძლე მასალაა, იყენებენ ნედლეულად ცეცხლგამძლე აგურისა და მინის წარმოებაში, აგრეთვე მეტალურგიაში.[2] დასამუშავებლად რთული ქანია. კვარციტის ძირითადი საბადოებია რუსეთში, აშშ-ში, აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კვარციტი — დიდი რუსული ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-12. ციტირების თარიღი: 2021-04-24.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 490.