შინაარსზე გადასვლა

კერპთაყვანისმცემლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კერპთაყვანისმცემლობა — რელიგიური პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს კერპების თაყვანისცემას, რაც ძირითადად პოლითეისტური სარწმუნოებისთვისაა დამახასიათებელი. აბრაამისეულ რელიგიებში ეს ტერმინი აღნიშნავს ნებისმიერი ადამიანის ან რაიმეს თაყვანისცემას ერთი ღმერთის გარდა და ითვლება ცრუ ღვთაებების თაყვანისცემად. ეს პრაქტიკა მკაცრად აკრძალულია რელიგიური მცნებებით, განსაკუთრებით ათი მცნებით.[1]

იუდაიზმში კერპთაყვანისმცემლობა აღინიშნება ტერმინით ავოდა ზარა (ებრ. עבודה זרה‎ - „უცხოური სამსახური“) და გაგებულია, როგორც არარსებული ღვთაებების თაყვანისცემა. ებრაული დოქტრინა მკაცრად კრძალავს კერპთაყვანისმცემლობის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის ცაში, მიწაზე ან წყალში არსებული ნებისმიერი ნივთის ხატების შექმნას. მაიმონიდეს თანახმად, კერპთაყვანისმცემლობა მძიმე ცოდვად ითვლება, რადგან ის უარყოფს ღმერთის ყველგანმყოფობას და მას მატერიალურ თვისებებს მიაწერს. იუდაიზმი ხაზს უსვამს, რომ ღმერთს არ აქვს ხილული ფორმა და რომ მისი ერთადერთი „ხატი“ ადამიანია, როგორც მოაზროვნე და ცოცხალი არსება. მკაცრი აკრძალვების მიუხედავად, ებრაელებში ძველად არსებობდა საოჯახო კერპების (თერაფიმის) თაყვანისცემის პრაქტიკა და კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ხალხის რელიგიურ ისტორიაში.[2]

ქრისტიანობაში კერპების მიმართ დამოკიდებულება, კერძოდ, მოციქულ პავლეს სიტყვებს ეფუძნება, რომ „კერპი არაფერია ამქვეყნად“. ეკლესიის ისტორია სავსეა წარმართულ რიტუალებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო მოწამეობრივი სიკვდილის შემთხვევებით. ქრისტიანული თეოლოგია განასხვავებს თაყვანისცემას (ლატრია), რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, და წმინდა ხატების თაყვანისცემას. მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ტრადიციებში ხატების თაყვანისცემა არქეტიპისადმი მიმართვად განიხილება, ხოლო ღმერთის გამოსახვის შესაძლებლობა გამართლებულია იესო ქრისტეს განკაცების დოქტრინით. ამავდროულად, პროტესტანტული კონფესიების მრავალი წარმომადგენელი უარყოფს ხატების თაყვანისცემას, მას კერპთაყვანისმცემლობის ფორმად ან პოტენციურ ცდუნებად მიიჩნევს, თუმცა ისინი უშვებენ ხატების გამოყენებას საგანმანათლებლო და საგამომცემლო მიზნებისთვის.

ისლამში კერპთაყვანისმცემლობა მკაცრად აკრძალულია და კლასიფიცირდება, როგორც შირკის ცოდვა - ალაჰისთვის თანაზიარის მიჩნევა. ისლამურ თეოლოგიაში შირკი ყველაზე სერიოზულ ცოდვად ითვლება, რომელსაც ღმერთი არ პატიობს მონანიების გარეშე. ისლამის ზოგიერთ შტოში ეს კონცეფცია ფართოდ არის განმარტებული და მოიცავს ერთი ღმერთის გარდა ვინმეს ან რაიმეს გაღმერთების აკრძალვა ნებისმიერ ფორმაში.[3]

  1. Leone, Massimo (2016-04). „Smashing Idols: A Paradoxical Semiotics“. Signs and Society (ინგლისური). 4 (1): 30–56. doi:10.1086/684586. ISSN 2326-4489. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Judaism and hermeneutics (1988 : Philadelphia, PA) (1992). Judaism and hermeneutics : Annual meeting : Revised papers, Internet Archive, University Press of America. ISBN 978-0-8191-7925-8. 
  3. Hawting, G. R. (1999-12-09). The Idea of Idolatry and the Emergence of Islam: From Polemic to History (en). Cambridge University Press. ISBN 978-1-139-42635-0.