შინაარსზე გადასვლა

კელჩი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კელჩი
Kelč

ქალაქის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ზლინი
შიდა დაყოფა Babice[1] , Komárovice[1] , Lhota[1] , Němetice[1] და Q56415781?
კოორდინატები 49°28′42″ ჩ. გ. 17°48′55″ ა. გ. / 49.47833° ჩ. გ. 17.81528° ა. გ. / 49.47833; 17.81528
მმართველი კარელ დავიდი
პირველი ხსენება 1131
ფართობი 27,84 კმ²
ცენტრის სიმაღლე 307 მ
მოსახლეობა 2 673[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 96 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 756 43
საავტომობილო კოდი Z
ოფიციალური საიტი kelc.cz
კელჩი — ჩეხეთი
კელჩი

კელჩი (ჩეხ. Kelč) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის მხარეში. მდებარეობს ვსეტინის რაიონში. ქალაქის ცენტრს ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. კელჩი ხუთი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება.

ძველი გადმოცემების თანახმად კელჩის სახელწოდება მამაკაცის სახელი „კელეჩიდან" წარმოიშვა, თუმცა ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოა. სავარაუდოდ დასახლების სახელწოდება ძველი სლავური სიტყვა „კელ“-იდანაა წარმოშობილი, რაც ქართულად „ეშვს" ნიშნავს. პტოლემეს რუკის მიხედვით, კელჩის წინამორბედ დასახლებას „ებურუმი" ეწოდებოდა. „ebur“ ლათინურად „მამონტის ეშვს“ ნიშნავს. სავარაუდოდ აქ მოგვიანებით მოსულმა სლავებმა სახელწოდება სლავურად თარგმნეს.[3]

კელჩი ქალაქ ვსეტინიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრში მდებარეობს. მისი მუნიციპალური ტერიტორია მორავია-სილეზიის მთისწინეთშია. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი წეტილი 412 მეტრია ზღვის დონიდან. კელჩში მიედინება პატარა მდინარე იუჰინე.

ისტორიულ წყაროებში კელჩი პირველად 1131 წელსაა მოხსენიებული, ამ დროს ქალაქი ოლომუცის ეპარქიას ეკუთვნოდა.[4] კელჩმა მის განვითარების პიკს 1251 წლის შემდეგ, ეპისკოპოს ბრუნო ფონ შაუენბურგის მმართველობის დროს მიაღწია. ქალაქის ტაძრის გარშემო ეპისკოპოსმა ახალი უბანი გააშენა და მას „ახალი კელჩი“ უწოდა.[5]

XIV საუკუნის ბოლოს კელჩი მძიმედ დაზარალდა ლუქსემბურგთა დინასტიის წარმომადგენლების, ორი ბიძაშვილის იობსტ მორავიელისა და პროკოპ მორავიელის ძალაუფლებისთვის ომის დროს. XV საუკუნეში ქალაქს თავს დაატყდა ჰუსიტური ომები და ამით ძალიან დასუსტდა.

ქალაქი XVI საუკუნეში აღდგა და აქ დაარსდა ლუდსახარში, რომელიც ქალაქის მოსახლეობის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა. დროებით შექმნილი ეს კეთილდღეობა ოცდაათწლიანი ომით დასრულდა. ამ ომის დროს ქალაქი რამდენჯერმე გადაწვეს და გაძარცვეს, ხოლო მოსახლეობა 80%-ით შემცირდა. კელჩი ამ ომის შედეგად პატარა სოფლად იქცა. ქალაქის სტატუსი მან XVIII საუკუნის ბოლოს დაიბრუნა.[5] XIX საუკუნეში კელჩმა სახელი გაითქვა ჩიბუხების წარმოებით. ამ საუკუნის მეორე ნახევარში კი ავეჯის წარმოება აყვავდა. მიუხედავად ხელოსნობის განვითარებისა, მრეწველობის განვითარება მაინც ვერ მოხერხდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კელჩმა ქალაქის სტატუსი კვლავ დაკარგა და 1994 წლამდე სოფელი იყო, ამ წელს ის ისევ ქალაქი გახდა.[5]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კელჩის ციხე

კელჩის მთავარი ღირსშესანიშნაობა კელჩის ციხეა. ის 1585–1596 წლებში გვიანდელი გოტიკური არქიტექტურით აიგო. XVII საუკუნეში ციხესიმაგრე რენესანსის სტილის ციხესიმაგრედ გადააკეთეს. მოგვიანებით შენობას კვლავ შეუცვალეს არქიტექტურული სტილი და ბაროკოს სტილის შენობად აქციეს. დღეს მასში საშუალო პროფესიული სკოლაა განთავსებული.[5]

კელჩის წმინდა პეტრესა და პავლეს სამრევლო ეკლესია პირველად 1247 წელსაა ნახსენები ისტორიულ წყაროებში. ეკლესიის ამჟამინდელი იერსახე 1780-იანი წლებით თარიღდება, როდესაც ის გვიანი ბაროკოს სტილში აღადგინეს. ეკლესიას იმპერიული სტილის ძვირფასი ინტერიერი აქვს. კელჩის ქალაქის მერია ადრეულ XVII საუკუნეშია აგებული.[5]

წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია



ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 4 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
  2. ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. ↑ Historie: Otázky prehistorie města Kelče cs. Město Kelč. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-04. ციტირების თარიღი: 2023-01-04
  4. ↑ Historie: O kelečský hrad cs. Město Kelč. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-01-27. ციტირების თარიღი: 2023-01-04
  5. 1 2 3 4 5 Historie a památky cs. Město Kelč. ციტირების თარიღი: 2021-12-29[მკვდარი ბმული]