კელინ ჯორჯესკუ
| კელინ ჯორჯესკუ | |
|---|---|
| რუმ. Călin Georgescu | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 26 მარტი, 1962[1] (64 წლის) |
| დაბადების ადგილი | ბუქარესტი[1] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest |
| calingeorgescu.ro | |
კელინ ჯორჯესკუ (რუმ. Călin Georgescu, დაბ. 26 მარტი, 1962, ბუქარესტი, რუმინეთი) — რუმინელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ცნობილია თავისი პრორუსული შეხედულებებით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კელინ ჯორჯესკუ დაიბადა 1962 წლის 26 მარტს ბუქარესტში, სკარლატ და ანეტა ჯორჯესკუების ოჯახში.[2] 1986 წელს დაამთავრა ბუქარესტის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა და ვეტერინარიის უნივერსიტეტი, ხოლო 1999 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ნიადაგმცოდნეობის სფეროში.
1990-იან წლებში მუშაობდა რუმინეთის გარემოს დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. 2010-2012 წლებში იკავებდა ადამიანის უფლებებისა და საშიში ნარჩენების საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის თანამდებობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში. შემდეგ, 2013-2015 წლებში, იყო რომის კლუბის ევროპული მხარდაჭერის ცენტრის პრეზიდენტი ვინტერთურში, ხოლო 2015-2016 წლებში – გაეროს გლობალური მდგრადი განვითარების ინდექსის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ჟენევასა და ვადუცში.[3]
ჯორჯესკუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამჯერ წარადგინეს — 2011, 2012 და 2016 წლებში. 2020 წელს მისი კანდიდატურა შესთავაზა პარტიამ „რუმინელთა კავშირისთვის ალიანსი“, რომელმაც დეკემბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ადგილი მოიპოვა.[4] 2021 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ფლორინ კიცუს გადაყენება გამოიწვია, ამავე პარტიამ კიდევ ერთხელ წარადგინა მისი კანდიდატურა.[5]
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯორჯესკუმ დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი. პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა და 8 დეკემბრისთვის დაგეგმილ მეორე ტურში გავიდა ელენა ლასკონისთან ერთად.[6] თუმცა, 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები გააუქმა, დასაბუთებით, რომ აუცილებელი იყო „არჩევნების პროცესის სისწორის უზრუნველყოფა“. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კელინ ჯორჯესკუს კამპანიის სავარაუდო უკანონო დაფინანსებისა და რუსეთის ფედერაციის შესაძლო ჩარევის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.[7]
2025 წლის 26 თებერვალს ჯორჯესკუს ბრალდება წაუყენეს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში წაქეზებისთვის, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის და ფაშისტური, რასისტული ან ქსენოფობიური ორგანიზაციის შექმნის ან ინიცირებისათვის. გამოძიების ვერსიით, ჯორჯესკუსთან დაახლოებულმა სამხედრო ინსტრუქტორმა, ჰორაციუ პოტრამ, დააფუძნა ფაშისტური და ქსენოფობიური ორგანიზაცია, რომლის წევრებსაც კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში, იარაღის უკანონო ბრუნვასა და გენოციდში დამნაშავე პირების კულტის საჯარო პროპაგანდაში ადანაშაულებენ. კელინ ჯორჯესკუს ავტომობილი გააჩერა პოლიციამ და იდი გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიებად 60-დღიანი სასამართლო კონტროლი დაეკისრა — ის თავისუფლებაში დარჩა, თუმცა გარკვეული ქმედებები აეკრძალა.[8]
პრეზიდენტის არჩევნების ახალი პირველი ტური 2025 წლის 4 მაისს დაინიშნა. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს კანდიდატურის რეგისტრაციის სრული პროცედურის თავიდან გავლა მოუწიათ.[9] 2025 წლის 8 მარტს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჯორჯესკუს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა და მისი რეგისტრაციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები უარყო.[10] თუმცა, 9 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 წევრიდან 10-მა ხმა მისცა ჯორჯესკუს კანდიდატად რეგისტრაციის უარყოფას. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მან ვერ შეასრულა არჩევნებში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები და ვერ უზრუნველყო დემოკრატიის დაცვა რუმინეთში. ამის შემდეგ, ჯორჯესკუმ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა აპელაციით, თუმცა 11 მარტს სასამართლომ ის ერთხმად უარყო.[11] საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირის კანდიდატურის რეგისტრაციის უარყოფა, რომელიც არღვევს კონსტიტუციურ პრინციპებსა და ღირებულებებს, არ გულისხმობს ამ პირის უფლების უვადოდ შეზღუდვას რუმინეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით. ეს ასპექტები თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე განიხილება და მათ აქვთ დროებითი ხასიათი, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების ციკლურობასთან და კანდიდატის მიერ კონსტიტუციური პრინციპებისა და ღირებულებების პატივისცემის შეფასებასთან.“[12]
პოლიტიკური შეხედულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის ნოემბერში ჯორჯესკუმ განცხადება გააკეთა, რომელშიც მესამე რაიხის მოკავშირე დიქტატორი იონ ანტონესკუ და ულტრამემარჯვენე „რკინის გვარდიის“ ლიდერი კორნელიუ ზელა კოდრიანუ გმირებად მოიხსენია. მისი თქმით, „ის ცხოვრობდა ეროვნული ისტორიით და არა გლობალისტური სახელმწიფოების ლაქიების მსგავსად, რომლებიც დღეს დროებით მართავენ რუმინეთს.“[13]
ზოგიერთი მედია აკრიტიკებდა ჯორჯესკუს მისი პრორუსული განცხადებების გამო და ზოგიერთი მას რუსეთის ინტერესების წარმომადგენლადაც კი განიხილავდა რუმინეთში.[14][15] ამან ჯორჯესკუ 2022 წელს „რუმინელთა კავშირის ალიანსიდან“ გამოსვლამდე მიიყვანა.[16] ჯორჯესკუ ხშირად აკრიტიკებდა ევროკავშირსა და ნატოს, ხოლო დევესელუში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას „დიპლომატიის სირცხვილად“ მოიხსენიებდა.[17][18] ასევე, მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „კაცად, რომელიც თავის ქვეყანას უყვარს“ აღწერა და განაცხადა, რომ რუმინეთმა „რუსულ სიბრძნეს“ უნდა მისდიოს. ამასთან, მან უკრაინა „გამოგონილ სახელმწიფოდ“ მოიხსენია, თუმცა საკუთარ თავს პრორუსად არ აღიარებს.
ჯორჯესკუ რამდენიმე შეთქმულების თეორიის მხარდამჭერია. ის არ აღიარებს COVID-19-ის არსებობას და უარყოფს NASA-ს მიერ მთვარეზე გაფრენას.[19] ასევე, ამტკიცებდა, რომ „ადამიანებს ჩიპავენ გაზიანი სასმელების მეშვეობით“ და კლიმატის ცვლილებასაც უარყოფს.[20][21]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Cele mai căutate cuvinte în DEX după ce Călin Georgescu a ieșit pe primul loc în urma rezultatelor provizorii
- ↑ Mircea, Virginia. (2020-12-17) Călin Georgescu, fișă de cadre ro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-25. ციტირების თარიღი: 2024-11-24
- ↑ В чем причина успеха на выборах в Румынии «антинатовского» кандидата. РБК (2024-11-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-28. ციტირების თარიღი: 2024-11-26
- ↑ AUR a anunțat pe cine va propune ca premier: "Călin Georgescu este un român patriot". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-06-04. ციტირების თარიღი: 2024-11-25
- ↑ Simion: "AUR propune un premier independent, care să respecte interesele națiunii române" ro (2021-10-11). ციტირების თარიღი: 2024-11-25
- ↑ Far-right candidate takes first round, PM out, in shock Romania presidential poll en (2024-11-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-25. ციტირების თარიღი: 2024-11-25
- ↑ Andrew HigginsMatei Barbulescu and Alan Yuhas (2024-12-06). „Romanian Court Annuls Presidential Election Results and Orders a New Vote“. Ney Your Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-12-06. ციტირების თარიღი: 2024-12-06.
- ↑ „Как Джорджеску стал фигурантом дела о попытке переворота в Румынии“. РБК. 2025-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-03-01. ციტირების თარიღი: 2025-03-01.
- ↑ „Конституционный суд Румынии не допустил Джорджеску к участию в выборах президента“. Интерфакс. 2025-03-11. ციტირების თარიღი: 2025-03-15.
- ↑ „Джорджеску допустили к участию в президентских выборах в Румынии“. ТАСС. 2025-03-08. ციტირების თარიღი: 2025-03-15.
- ↑ „КС Румынии отказал Джорджеску в участии в президентских выборах“. РБК. 2025-03-11. ციტირების თარიღი: 2025-03-15.
- ↑ „Джорджеску сможет участвовать в президентских выборах в Румынии в будущем“. ТАСС. 2025-03-14. ციტირების თარიღი: 2025-03-15.
- ↑ Cine este Călin Georgescu, propunerea AUR pentru funcția de premier ro. Digi24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-26. ციტირების თარიღი: 2024-11-25
- ↑ "Călin Georgescu-AUR, rusofil pe față la Pandele TV, promovat de Sputnik: "Șansa României este înțelepciunea rusească. Complexul militar industrial american este interesat să împingă către un conflict" - Ziariștii", Ziariștii, 2021-04-07, https://ziaristii.com/calin-georgescu-aur-la-pandele-tv-promovat-de-sputnik-sansa-romaniei-este-intelepciunea-ruseasca-complexul-militar-industrial-american-este-interesat-sa-impinga-catre-un-conflict/. წაკითხვის თარიღი: 2024-11-25
- ↑ Cum propagă grupurile de Facebook ale AUR propaganda rusă, Europa Liberă România, https://romania.europalibera.org/a/aur-si-propaganda-rusa/31498813.html. წაკითხვის თარიღი: 2024-11-25
- ↑ Who is Calin Georgescu, the far-right populist who won the 1st round of Romania’s presidential race? en (2024-11-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-30. ციტირების თარიღი: 2024-11-25
- ↑ Shock in Romania as hard-right Nato critic Calin Georgescu takes lead in presidential election en (2024-11-25). ციტირების თარიღი: 2024-11-25
- ↑ Far-right candidate takes shock lead in Romania presidential election en (2024-11-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-29. ციტირების თარიღი: 2024-11-25
- ↑ CABESCU, Paula. Covid, Ukraine, Climate: Romanian Presidential Front-runner's False Claims. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-12-06. ციტირების თარიღი: 2024-12-06
- ↑ Pavel, Stefania (26 November 2024). „Ce dosar penal i s-a deschis candidatului Călin Georgescu: 'Nu înțeleg să fac apologia unei mișcări extremiste'“. Ziare.com (რუმინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-12-06. ციტირების თარიღი: 2024-12-06.
- ↑ Voicu. (2024-11-26) Ce spunea Călin Georgescu despre sucurile carbogazoase: 'S-a predat marfa de plastic, tot ce înseamnă nanocipuri, și intră în tine ca într-un laptop'. Gândul. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-26. ციტირების თარიღი: 2024-11-26