კეიტლინ სტეისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კეიტლინ სტეისი
Caitlin Stasey by Gage Skidmore.jpg
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1990
მელბურნი, ავსტრალია
ეროვნება ავსტრალიელი
მოქალაქეობა ავსტრალია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2003-დღემდე
მეუღლე(ები) ლუკას ნეფი

კეიტლინ სტეისი (ინგლ. Caitlin Stasey, დ. 1 მაისი, 1990, მელბურნი, ავსტრალია) — ავსტრალიელი მსახიობი და მომღერალი. სახელი გაითქვა სერიალ „მეზობლებში“ შესრულებული რეიჩელ კინსკისა და ისტორიულ სერიალ „სამეფოში“ შესრულებული ლედი კენას როლებით. იგი აგრეთვე ცნობილია დრამა „გთხოვ მოგეწონო-ში“ მონაწილეობით.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეიტლინი დაიბადა 1990 წლის 1 მაისს მელბურნში, ავსტრალიაში. იგი არის დეივიდ და სალი სტეისების უფროსი ქალიშვილი. კეიტლინი თავის უმცროს დასთან, ვიქტორიასთან ერთად აღიზარდა.

2000 წელს, 10 წლის კეიტლინმა როგორც „ავსტრალიელ გოგონათა ნაკრების“ წევრმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეისის სამსახიობო კარიერა 2003 წლის სექტემბერში დაიწყო საბავშვო სატელევიზიო სერიალ „ძილის კლუბში“ შესრულებული ფრანჩესკა თომასის, იგივე „ფრენკის“ როლით, სადაც იგი ფაქტობრივად საკუთარ თავს განასახიერებდა, ოღონდ „ფრენკის“ სახელით. იგი ამ სერიალში 2006 წლამდე მონაწილეობდა.

2005 წლის აპრილში იგი სერიალ „მეზობლებში“ დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, რეიჩელ კინსკის როლზე. აქ მიღებული წარმატებული როლის გამო მან ერთ წელიწადში მიატოვა „ძილის კლუბი“ და მთლიანად ახალ სერიალზე გადაერთო, რომელშიც 2009 წლამდე თამაშობდა.

2008 წელს თავის სერიალში ჯეისონ მრაზთან ერთად შეასრულა სადებიუტო სიმღერა „მე შენი ვარ“, რითაც საფუძველი ჩაეყარა კეიტლინის, როგორც მომღერლის კარიერასაც.

სერიალებისა და მომღერლის კარიერის პარალელურად კეიტლინს უხდებოდა ჯერ სკოლის, ხოლო შემდეგ კოლეჯის გამოცდების ჩაბარება, რაც როგორც თავად აღნიშნა „ხელს უშლიდა თავისი შესაძლებლობების გამოვლენასა და კონცენტრაციაში“. 2008 წლის დეკემბერში, შობის დღეს მან ნორვიჩის სამეფო თეატრში შეასრულა ფიფქიას როლიც.

მოგვიანებით მან დატოვა მშობლიური ავსტრალია და აშშ-ში, კერძოდ კი ლოს-ანჯელესში გადასახლდა. აქ იგი 2013 წელს მალევე დაამტკიცეს სერიალ „სამეფოს“ ერთ-ერთ მთავარ, ლედი კენას როლზე. ეს სერიალი დედოფალ მარიამ სტიუარტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ლედი კენა კი მას საფრანგეთში ჩაჰყვა შოტლანდიიდან და აქტიურად აუწყო ფეხი სამეფო კარის ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ ლედი კენა გამოგონილი პერსონაჟია და არა ნამდვილი ისტორიული ფიგურა, რაც ბევრის გაოცებას იწვევს, რადგან „სამეფო“ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორიული სერიალია, რეალური პერსონაჟებით. მართალია სერიალის გადაღებები 2017 წლამდე მიმდინარეობდა, თუმცა კეიტლინის გმირი 2015 წლიდან აღარ ჩანს სერიალში.

ამის პარალელურად, 2013-16 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ABC2-ის სერიალში „გთხოვ მომიწონო“. ასევე 2013 წელს, იგი გადაიღეს ფილმში „ყველა ჩირლიდერი კვდება“, სადაც მედის როლს ასრულებს.

2016 წლის 22 თებერვალს იგი ფილმში „APB“, ადა ჰამილტონის როლზე დაამტკიცეს[1]. მისი პრემიერა მხოლოდ 2017 წლის თებერვალში შედგა. 2018 წლიდან იგი მონაწილეობს სერიალში „ხალხისათვის“, სადაც მან აგენტ ანია უმსის როლი მოირგო[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Caitlin Stasey To Co-Star In Fox Pilot 'APB'". Deadline. 22 February 2016.
  2. Vick, Megan (15 May 2018). "For the People Exclusive: Is Kate Getting Cold Feet With Her ATF Girlfriend?". TV Guide. Retrieved 23 December 2018.