კეინზიანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კეინსიანიზმი)
ჯონ მეინარდ კეინზი

კეინზიანიზმი — ერთ-ერთი ძირათადი მიმართულება ეკონომიკურ თეორიაში, რომელიც აღმოცენდა მაკროეკონომიკური წონასწორობის კეინზიანური თეორიიდან და დიდი როლი შეასრულა ეკონომიკური ზრდის თანამედროვე თეორიების ჩამოყალიბებაში. ამ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა XX საუკუნის გამოჩენილმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა, რომლის თეორია ძირითადად აისახა მის ცნოვილ ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“.

კეინზიანიზმი წარმოიშვა როგორც რეაქცია 1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და მისი შემდგომი პერიოდის დეპრესიაზე, როდესაც არ არსებობდა სტიმულები არა მარტო ახალი ინვესტიციებისათვის, არამედ კაპიტალის განახლებისათვისაც. კეინზმა თავისი არგუმენტები და დასკვნები დაუპირისპირა კლასიკური თეორიის არგუმენტებსა და დასკვნებს, რომლის პოსტულატები, მისი აზრით, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემშხვევაში - როდესაც ეკონომიკური სიტუაცია გამოხატავს შესაძლო წონასწორობის საუკეთესო შემთხვევას, კეინზის თეორია კი, ძირითადად, ეკონომიკის კრიზისული პროცესების ანალიზს ეძღცვნება. იგი უმთავრესად იკვლევს საწარმოთა ქრონიკული დაუტვირთაობის, მასობრივი უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპების გამომწვევ მიზეზებს. ამიტომ მას ხშირად „დეპრესიული“ ან „სტაგნაციური“ ეკონომიკის თეორიას უწოდებენ.

კეინზის თეორიის ცენტრალური იდეა კვლევის მაკროეკონომიკური მეთოდია, მაშინ როდესაც კეინზიანამდელ ეკონომიკურ თეორიაში გაბატონებული იყო მიკროეკონომიკური მიდგომა. აქედან გამომდინარე, კვლევის ცენტრში იდგა ცლაკეული ფირმა, მისი დანახარჯების მინიმიზაციისა და მოგების, როგორც კაპიტალის დაგროვების წყაროს, მაქსიმიზაციის პრობლემა.

კეინზიანური მაკროეკონომიკური თვალთახედვით, ერთი რომელიმე ფირმის აყვავების პირობები შეიძლება არ ემთხვეოდეს მთელი ეკონომიკის განვითარების პირობებს. მათ შორის წარმოშობილი წინააღმდეგობების დაძლევა შესაძლებელია არა ცალკეული ფირმების მოგების მაქსიმიზაციით, არამედ ეროვნული ეკონომიკური პროპორციების აღდგენითა და კვლავწარმოების საერთო პირობების სრულყოფით. კეინზის აზრით, საზოგადოების ყველა სასიცოცხლო პრობლემის გადაჭრის გზა უნდა მოიძებნოს არა რესურსების მიწოდებაში, არამედ მოთხოვნის გაზრდაში, რაც უზრუნველყოფს ამ რესურსების რეალიაზაციას. მან წინა პლანზე დააყენა "ეფექტიანი მოთხოვნა" და, აქედან გამომდინარე რეალიზაციის პირობების რეგულირების პრობლემა. კეინზმა პირველმა განიხილა უმუშევრობა, როგორც "ეფექტიანი მოთხოვნის" არასკმაო დონის შედეგი. ეკონომიკურ მეცნიერებაში მან პირველმა გამოთქვა აზრი, რომ "ეფექტიანი მოთხოვნის" შექმნისათვის აუცილებელია ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება, რომ სახელმწიფომ უნდა იკისროს მაკროპროპორციების დაცვა, ბაზრის "შეცდომების გამოსწორებისათვის" მან თავის თავზე უნდა აიღოს მთელი ეკონომიკის მასშტაბით დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის ბალანსირების უზრუნველყოფა. კეინზის ვარაუდით, სახელმწიფო, დანახარჯების გაზრდით ან გადასახადების შემცირებით, ან ორივე ამ ღონისძიების შერწყმით, შეძლებდა გადახდისუნარიანი მოთხოვნილების ამაღლებას და ამით გააფართოვებდა წარმოებას, რომელიც ეკონომიკას დაუბრუნებდა სრულ დასაქმებას. ეს იყო "კეინზიანური რევოლუციის" მთავარი იდეა. კეინზის მაკროეკონომიკური წონასწორობის თეორიამ ხელი შეუწყო ეკონომიკური ზრდის ნეოკეინზიანური კონცეფციის ჭარმოშობას, რომელიც არ არის მისი იდენტური.

ომის შემდგომ წლებში, ვირე 70-იანი წლების შუა ხანებამდე, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში წარმატებით გამოიყენებოდა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების კეინზიანური მოდელი. მისი რეალური განსახიერებაა შერეული, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შექმნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სკანდინავიისა და დასავლეთის სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]