შინაარსზე გადასვლა

კევინ კარტერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კევინ კარტერი
მშობლიური სახელი Kevin Carter
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1960
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 27 ივლისი, 1994
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა
მოქალაქეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
საქმიანობა ფოტოკორესპონდენტი
მშობლები მამა: ჯიმი კარტერი
დედა: რომა კარტერი
ჯილდოები პულიცერის პრემია

კევინ კარტერი (ინგლ. Kevin Carter; დ. 13 სექტემბერი, 1960 — გ. 27 ივლისი, 1994) — სამხრეთ აფრიკელი ფოტოკორესპონდენტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი. „Bang-Bang Club“-ის სახელით ცნობილი ფოტოჟურნალისტების გაერთიანების წევრი.

მოშიმშილე ბავშვის ფოტო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კევინ კარტერი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1993 წლის 25 მარტს სუდანში გადაიღო შიმშილით დასუსტებული გოგონას ფოტო, რომლის უკანაც მოსჩანს ფასკუნჯი, რომელიც ელოდა მის სიკვდილს. ამ ფოტოსთვის კევინ კარტერმა 1994 წლის აპრილში მიიღო პულიცერის პრემია. ფოტო შეიძინა „New York Times“-მა, რომლის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოება შოკში აღმოჩნდა[1]. კევინ კარტერი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებიც მას ადანაშაულებდნენ სიმკაცრესა და არაჰუმანურობაში. ფლორიდაში გამომავალი გაზეთი „St. Petersburg Times“ წერდა:

ვიკიციტატა
„ადამიანი, რომელიც თავის ობიექტივს მომართვს მხოლოდ იმისათვის, რომ ტანჯულ ბავშვს გადაუღოს წარმატებული ფოტო, იგი თავად ჰგავს მტაცებელს, თავადაა ფასკუნჯი.“

სამხედრო ფოტოგრაფის ჟოაო სილვას მოგონებების მიხედვით, რომელიც ასევე იყო „Bang-Bang Club“-ის ყოფილი წევრი, სუდანში ამ მოგზაურობის დროს კარტერი გახდა მასობრივი შიმშილის მოწმე და შოკირებული იყო ამ სიტუაციით. ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვის მშობლები ამ პერიოდისათვის დაკავებულიები იყვნენ თვითმფრინავის ჩამოტვირთვით, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება ჰქონდა ჩამოტანილი და სულ მცირე ხნის წინ დატოვეს მარტო ღონემიხდილი ბავშვი, ამ პერიოდში მის სიახლოვეს დაჯდა ფასკუნჯი. მას შემდეგ რაც ორივე, ბავშვიც და ფასკუნჯიც მოაქცია ობიექტივში, კარტერი ნელ-ნელა მიუახლოვდა გოგონას, ცდილობდა არ დაეფრთხო ფრინველი, გადაიღო ფოტოების სერია დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე, რის შემდეგაც გააგდო მტაცებელი ფრინველი.

ორმა ესპანელმა ფოტოგრაფმა ხოსე მარია ლუის არანსანამ და ლუის დავილამ, ისე, რომ არ იცოდნენ კარტერის ფოტოს შესახებ, ამავე ადგილზე გადაიღეს მსგავსი კადრები[2]. მათი აზრით მსგავსი კადრის გადაღება არ არის რთული, რადგან აქ ფასკუნჯი საკმაოდ გავრცელებული ფრინველია და ბავშვებიც იმდენად არიან შიმშილისაგან ღონემიხდილნი, რომ ისინი ცხედრებისაგან არც კი განსხვავდებიან.

საბოლოოდ გაირკვა, რომ გოგონაზე (რომელიც ბიჭი აღმოჩნდა, სახელად კონგ ნიონგი) ზრუნავდა გაეროს სასურსათო დახმარების სამსახური. კონგ ნიონგი მათი ოჯახის წევრების სიტყვებით გარდაიცვალა 2008 წელს[3].

პულიცერის პრემიის მიღებიდან სამ თვეში 33 წლის ასაკში კევინ კარტერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა[4][5]. 1994 წლის 27 ივლისს ჩაჯდა თავის პიკაპში, შლანგის ერთი ნაწილი წამოაცვა გამონაბოლქვის მილს, ხოლო მეორე ნაწილი პიკაპის კუთხის ფანჯრის გავლით სალონში შეაცურა და მანქანა დაქოქა. კარტერი გარდაიცვალა გამონაბოლქვით მოწამვლის შედეგად. სიკვდილის წინ დაწერა წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ამბების შედეგად იგი ღრმა დეპრესიაში იყო.

ვიკიციტატა
„ძალიან, ძალიან ვწუხვარ. სიცოცხლის ტკივილი ისე საგრძნობლად აღემატება სიხარულს, რომ სიხარული აღარც არსებობს. დეპრესიაში... უტელეფონოდ... ფული ქირისათვის... ფული ბავშვთა დასახმარებლად... ფული სესხებისათვის... ფული!!!.. შეპყრობილი ვარ მკვლელობების, გვამების, სიბრაზისა და ტკივილის მკვეთრი მოგონებებით... მოშიმშილე ან დასახიჩრებული ბავშვებით, იარაღზე შეყვარებული მანიაკებით, პოლიციით, მკვლელი ჯალათებით... წავედი, რომ შევუერთდე კენს[6], თუ ასეთი იღბლიანი ვარ...“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. S. Macleod. The Life and Death of Kevin Carter დაარქივებული 2008-03-11 საიტზე Wayback Machine. // Time Magazine - US Edition. — Monday, Sept. 12, 1994.
  2. კარტერის მსგავსი ფოტო
  3. Kong Nyong, el niño que sobrevivió al buitre
  4. „Kevin Carter, a Pulitzer Winner for Sudan photo, is dead at 33“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 2, 2016.
  5. Carlin, John (31 ივლისი 1994). „Obituary: Kevin Carter“. The Independent. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი 2017.
  6. ბოლო ფრაზა ეხება მის კოლეგას, კენ ოოსტერბროეკს, რომელიც კარტერის სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე მოკლეს.