კახიანოური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კახიანოური.
ქუთაისის სპორტის სასახლე

კახიანოური — უბანი ქუთაისის სამხრეთ ნაწილში, გაშლილია მშრალი ხიდიდან რიონის სადგურამდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უხსოვარი დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახიანოური უხსოვარი დროიდან დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მკვლევართა მუშაობის შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა დროს ნაპოვნი ცალკეული მასალები, რომლებიც განეკუთვნება კლასობრივი საზოგადოებისწინა ხანას და ნივთები, რომლებიც აქ საქალაქო კულტურის არსებობასაც ადასტურებენ. ასეთებია: გვიანი ბრინჯაოსა და გვიანი ბრინჯაო-ადრერინის ხანის სამეურნეო იარაღები.

შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიკოს ნოე ბალანჩივაძის მტკიცებით, ამ ადგილზე მეფეებს საზამთრო სადგომი ჰქონდათ აშენებული. ბალახუანის სამხრეთით ვახუშტი ბატონიშვილს აღნიშნული აქვს "კახნიაური", რომელსაც უწოდებს მეფის საზამთრო სადგურს. გერმანელი მოგზაურის, გიულდენშტედტის, სიტყვით, ეს ადგილი იმერეთის სამეფოს უფლისწულის საჯდომი იყო, სადაც იდგა პატარა დანგრეული ციხე კახნიაური. აქ ლითოფონის ქარხნის ტერიტორიაზე დღესაც შეიმჩნევა ქვითკირის ნაშენი კედლის ფრაგმენტები, რომელთა სიძველე ეჭვს არ ტოვებს. იგი კახნიაურის ციხე სადგომის ნაშთი უნდა იყოს.

სახელის წარმოშობის ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი კახნიაურის წარმოშობის შესახებ სხავადასხვა აზრია გაბატონებული ქართულ საისტორიო წყარობსა და მწერლობაში. ენათმეცნიერი მიხეილ ალავიძე წერს: "კახიანაური" მიღებულია ფორმიდან "კახნიაური" ნ თანხმოვნის გადასმით.

ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ სახელი წარმოიშვა გვარი კახიანისგან, როგორც ირკვევა აზნაური კახიანები, რომელთა გვარიც სოფელ ეწერიდან მოდიოდა, კახიანოურის მიწას ფლობდნენ.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისტორიკოს ვახტანგ სიდამონიძეს სრულიად განსხვევბული ვერსია აქვს. ის გვიამბობს, რომ შესაძლოა სახელი კახნიაური წარმოიშვა XVII საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ცნობილია, 1614 წელს აღმოსავლეთ საქართველოს შემოესია შაჰ-აბასი. ქართლის მეფე ლუარსაბმა და კახეთის მეფე თეიმურაზმა იმერეთის სამეფოს დროებითი თავშესაფარი სთხოვეს. იმერეთის მეფემ ისინი გულთბილად მიიღო, უმასპინძლა და შეიფარა.

ვიკიციტატა
„მაშინ წარვიდა მეფე ლუარსაბ და კახთ-ბატონი თეიმურაზ მეფე იმერეთს და მიეგება მპყრობელი იმერეთისა გიორგი, ითვისა კეთილად და მიუჩინა ალაგები და დააყენა" - ბერი ეგნატაშვილი“

მალე ლუარსაბ მეფე შაჰ-აბასმა მოტყუებით გადაიყვანა იმერეთიდან ქართლში და ირანში გაიწვია. თეიმურაზი კი იმერეთში დარჩა. მართალია. თეიმურაზი 1615 წელს ისევ დაეპატრონა კახეთს, მაგრამ შემდეგ თეიმურაზი კვლავ დამარცხდა ქართლის მეფე როსტომთან ბრძოლაში და ისევ იმერეთში დაბრუნება მოუწია. მან არა მარტო მეფის სახლობა, არამედ არისტოკრატია და 700 კაციანი არმია გაიყოლა. იმერეთის მეფემ თეიმურაზს ციხე-სიმაგრე გადასცა, რათა საცხოვრებელი პირობები შეექმნა საკუთარი ხალხისთვის. ისინი აქ 7 წლის განმავლობაში დარჩნენ.

ამ ციხე-სიმაგრეს და მის სანახებს იმერლებმა უწოდეს კახნიაური, ე. ი. კახელების დასახლების ადგილი, ქართული სიტყვის მარცვალი "ური", კუთვნილების მაჩვენებელია. ამრიგად, უნდა დავასკვნათ, რომ კახნიაურის, როგორც სახელწოდების, წარმოშობა, იმერეთში კახელთა დასახლებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.