კაწარეთის საეპისკოპოსო
კაწარეთის საეპისკოპოსო — აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ საეპისკოპოსო, რომელიც უძველესი დროიდან კახეთის ეპარქიათა შორის ერთ-ერთ საეპისკოპოსო ცენტრად ითვლებოდა. საეპისკოპოსოს ცენტრი იყო კაწარეთი.
ეპარქიის საზღვრების დადგენა, წყაროების სიმწირის გამო შეუძლებელია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იგი მდებარეობდა დღევანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავდა უჯარმას, ხაშმს და გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მათ ახლო მდებარე სოფლებს. ასევე უცნობია კაწარეთის საეპისკოპოსოს დაარსების თარიღიც. თუმცა, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ კაწარეთის საეპისკოპოსო კათედრა უნდა დაარსებულიყო V საუკუნის დასასრულს ან VI საუკუნის დასაწყისში.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაწარეთის საეპისკოპოსო არ მოიხსენიება ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ კათედრათა სიაში. კაწარეთი ცნობილია „მოქცევაჲ ქართლისაჲში“, სადაც ნათქვამია, რომ წმინდა ნინომ პირველად ამ ადგილზე მონათლა კუხელნი და სუჯნი.
„ნინო შთავიდა კხოეთა და დადგა კაწარეთს და მონათლნა კუხოელნი და სოჯნი ერითურთ მათით...[2]“
|
506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე 24 ქართველ ეპისკოპოსს შორის მოხსენიებულია კაწარელი ეპისკოპოსი ზაქარია.[3][4]
XIII საუკუნის „განგება დარბაზობის“ მიხედვით, კაწარელ ეპისკოპოსს ეკავა მე-19 ადგილი წილკნელის შემდგომ და ურბნელის წინ.[5]
1447 წლის ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში კაწარეთიც მოიხსენიება. აქ ჩამოთვლილია კახეთის და ქართლის სოფლები, რომლებიც მცხეთის საკათალიკოსოში შედიოდა, მეფე მათ ათარხნებს და შეუვალობას ანიჭებს. კაწარეთი ნახსენებია მხოლოდ ასეთ კონტექსტში:
„კაწარეთს აქეთ ღელე ჩასწორ, გაღმა სამგორთ, თამარ მეფის აღებულს რუს აქათ ჩავლით ნაგებს მზღვრამდი...[6]“
|
თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად ქართლსა და კახეთში მრავალი საეპისკოპოსო განადგურდა, მათ შორის იყო კაწარეთიც, რომელიც XVI საუკუნის II ნახევარში ლევან კახთა მეფემ (1520-1574 წწ.) აღადგინა. დაახლოებით, 1556-1560 წლების კახეთის ეპისკოპოსების ერთგულების წიგნში დომენტი კათოლიკოსისადმი, მოიხსენიება კაწარელი ეპისკოპოსი ეგნატი (დოკუმენტს თარიღი არ აქვს და დათარიღებულია კათალიკოს დომენტი I-ის კათალიკოსობის წლებით (1556-1560 წწ.).[7]
XVII-XVIII საუკუნეებიდან, ტერმინი „კაწარეთი“ თანდათან იკარგება და მისი ჩანაცვლება ხდება ტერმინ „სამებით“, თუმცა დროდადრო კაწარეთი მაინც ჩნდება საისტორიო წყაროებში. ვახუშტი ბატონიშვილი კაწარეთის საეპისკოპოსოს არ იხსენიებს, მხოლოდ აღნიშნავს, რომ
„სამებას ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამას ზეითის ქვეყნისა ერწოდმდე.[8]“
|
1766 წელს მეფე ერეკლე II და კათალიკოსი ანტონ I კაწარეთის საეპისკოპოსოს დროებით რუსთველ დომენტის და ნინოწმინდელ საბა ტუსისშვილს აბარებენ. ამ ორმა მღვდელმთავარმა ერთდროულად გაინაწილა კაწარეთის საეპისკოპოსოს ტერიტორიები და გავლენის სფეროები.[9]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მაია შაორშაძე, კაწარეთის (სამების) საეპისკოპოსოს ისტორიიდან (V-XVIII სს.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, X, თბ., 2016 გვ., 138
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წ. I, (V-X სს.). ილია აბულაძის რედ. თბ. 1963, გვ. 89
- ↑ ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. I. თბ. 1960, გვ. 300
- ↑ კაკაბაძე ს., ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები, „საისტორიო მოამბე,“ № 1. ტფ. 1924, გვ. 50-52
- ↑ ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, საერო-საკანონმდებლო ძეგლები (X-XIX სს.) ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ. თბ. 1965, გვ. 47-49.
- ↑ ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ. თბ. 1970, გვ. 190
- ↑ ქართული სამართლის ძეგლები ტ. III, გვ. 268-269
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 530
- ↑ Д. Пурцеладзе, Грузинские церковные гуджари (грамоты). Тиф. 1881, გვ. 30