კაქექსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაქექსია (< ძვ. ბერძნ. κακός – ცუდი და ἔξις – მდგომარეობა) — სხეულის მასის პათოლოგიური კლება. კაქექსიის დროს მისმა დეფიციტმა შესაძლოა 50% და მეტი შეადგინოს. ყველაზე ხშირად კაქექსიის მიზეზია ეგზოგენური ფაქტორები, მაგალითად, ქრონიკული დაავადებები, ინფექციები, მოწამვლა, სრული ან ნაწილობრივი (უფრო მეტად — გახდომის მიზნით) შიმშილობა, საკვების დაბალი კალორიულობა. არც ისე იშვიათად კაქექსიას იწვევს თვითონ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, ანუ ენდოგენური ფაქტორები, მაგალითად, კუჭში საჭმლის მოხვედრის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი გავლისა და მონელების დარღვევები; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რაც იწვევს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციათა დარღვევას; ხანგრძლივი სტრესი; შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების პათოლოგიის სხვადასხვა ფორმა; კვების ქრონიკული დარღვევები (მალაბსორბციის სინდრომი).[1]

კაქექსიის განვითარების მექანიზმები დამოკიდებულია მის მიზეზებზე. მაგალითად, შიმშილობის დროს ორგანიზმის გამოფიტვის შედეგად ორგანიზმში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ითრგუნება ბიოლოგიური ჟანგვისა და ორგანიზმის სტრუქტურათა სინთეზის პროცესები, რასთან დაკავშირებითაც პროგრესიულად მცირდება სხეულის მასა. ნერვულ-ფსიქოლოგიური აშლილობის დროს შეიძლება დაირღვეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამომუშავება, მაგალითად ჰორმონების ან ციტოკლინების, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის, უჯრედული და უჯრედგარე სტრუქტურების წარმოქმნისა და რეპარაციის პროცესების ეფექტურობის კლებას და, შედეგად, — სხეულის მასის შემცირებას. კაქექსია ასევე შეიძლება იყოს ბიოლოგიური ჟანგვისა და ბიოსინთეზის დათრგუნვის შედეგიც, მაგალითად, სიმსივნის ზრდის, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავისა და ენდოკრინული აშლილობების განვითარების დროს.[1]

სხეულის მასის კლებასთან ერთად, კაქექსიას თან ახლავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური აქტივობისა და შრომისუნარიანობის შემცირება, ორგანოთა ფუნქციების უკმარისობა, შეშუპებები, მოდუნებულობა, კანის სიმშრალე და დანაოჭება, ფრჩხილების სიმყიფე, თმის ცვენა, ნაწოლები და სხვა აშლილობები.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Литвицкий П. Ф. Кахексия // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 388.