კაფე ფანტაზია
კაფე „ფანტაზია“, საზოგადოებაში აგრეთვე ცნობილი სახელით „რვაფეხა“ — ყოფილი კაფე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო). ნაგებობა დგას ბულვარში, ზღვის პირას, ბათუმის უნივერსიტეტის გვერდით. თავდაპირველად მას გასცქეროდა ძველი პანსიონატი "ბათუმი", რომლის ადგილას ამჯერად Hilton Batumi შენდება.[1]
შენობის, რომელიც იმავდროულად არის ფუნქციური ქანდაკება, ავტორები არიან ქართველი არქიტექტორი გიორგი ჩახავა[2] და სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ზურაბ კაპანაძე. შემოქმედებით ჯგუფში შედიოდნენ აგრეთვე არქიტექტორი ზურა ჯალაღონია და ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ნოდარ მალაზონია. პროექტზე მუშაობდა საგზაო ინჟინერი პაატა დობორჯგინიძე. მშენებლობა გაგრძელდა 8 თვე.
შენობა აიგო 1975 წელს. გახსნისთანავე კაფე "ფანტაზია" იქცა ბათუმის მკვიდრთა და საპორტო ქალაქის მრავალრიცხოვან სტუმართა თავშეყრის ადგილად, განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებს შორის.
საბჭოთა პერიოდში აქ იყიდებოდა თურქული ყავა, ნაყინი წონით და არაალკოჰოლური სასმელი. იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირისა და ნატოს წევრი თურქეთის საზღვართან ბათუმის რვაფეხა ძალიან ახლოს მდებარეობდა, 10 საათის შემდეგ კაფეში დაჯდომა აკრძალული იყო.
არქიტექტურული და მხატვრული ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენობა არის რვა ფეხზე შემდგარი და რვა ღიობით გახსნილი კონსტრუქცია, რომელიც სპეციალური ესკიზებისა და პროექტის საფუძველზე ადგილზე მოჭიმული და შედუღაბებული რკინის კარკასია. კარკასს გადაკრული აქვს რკინისავე ბადე, რომელიც შელესილია და მოპირკეთებულია ფერადი მოზაიკური ქვებით, სმალტით. სმალტა ავტორების მიერ სპეციალურად შემუშავებული ტექტნოლოგიით იქნა დამზადებული ქალაქ ლენინგრადში და დაპატენტებული. შენობა ფაქტობრივად მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენს და შუა ნაწილები ფუყე აქვს, შესაბამისად საკმაოდ ფაქიზია. მისი სიმყარის უნიკალურობა კონსტრუქციულ გენიალურობაშია, რომლის დიდოსტატებიც იყვნენ ნაგებობის ავტორები. ეს არის ერთგვარი მრუდე ფორმების გარსული გადახურვა, რომლის "თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ მისი სისქე მის სხვა განზომილებებთან შედარებით უმნიშვნელო სიდიდეს წარმოადგენს და ამიტომ არის შესაძლებელი საოცრად ელეგანტური, თხელკანიანი, რთული ფორმის კონსტრუქციების მშენებლობა. საქართველოში ასეთი კონსტრუქციების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთანაც იგივე დროს, იგივე პროცესებს ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ რკინის ფარდის უკან ვცხოვრობდით." [3]
მნიშვნელოვანია შენობის ადგილმდებარეობა და ზედაპირის მოპირკეთება. არქიტექტორი გიორგი ჩახავა ამბობდა, რომ „მისი შემოქმედების მთავარი შთაგონება იყო მისი სამშობლოს სხვადასხვა მხარის უნიკალური ბუნება თავისი ინდივიდუალიზმითა და მშვენიერებით“.
მოზაიკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რვაფეხას, რომლის ზედაპირი თითქოს მოლივლივე ზღვას ირეკლავს, სხეულზე ასხია სხვადასხვა ზღვის ბინადარნი, მათ შორის ბათუმის სიმბოლო-დელფინები, ზღვის ცხენები, წყლის ვარსკვლავები, სხვადასხვა შეფერილობის თევზები.
ნაგებობა დგას სპეციალურად მოპირკეთებულ ზედაპირზე, რომელიც სასტუმროდან დაბალი საფეხურებითა და შადრევნების კასკადით მიემართება რვაფეხასკენ. ბაქანი მოკირწყლულია ღია ფონზე წითელი-ტერაკოტისფერი კოპლებით. კოპლების თემას ემატება ზღვისა და ცის ანარეკლი მოზაიკის პრიალა ზედაპირზე.
რვაფეხა დასავლურ ხელოვნებასთან მიმართებაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსგავსი კონსტრუქციული მეთოდითაა აშენებული დასავლეთის ცნობილ არქიტექტორთა შემდეგი შენობები: შუხოვის ლითონის ჰიპერბოლური ანძა, 1958 წლის იანის ქსენაკისის და ლე კორბუზიეს პროექტით აშენებული განთქმულ ფილიპსის პავილიონი, ფელიქს კანდელას ჰიპერბოლური პარაბოლოიდებისგან შემდგარი ულამაზესი შენობები, ეერო საარნინენის ჯ.ფ.კენედის აეროპორტი, ბაკმინსტერ ფულერის გეოდეზიური გუმბათები, იორნ უცონის სიდნეის ოპერის თეატრი, ცნობილი შვეიცარელი ინჟინრის ჰაინც იზლერის კონსტრუქციები, ელადიო დიესტეს ავტობუსის გაჩერებები, აღმოსავლეთ გერმანელი ინჟინრის ულრიხ მიუთერის ზღვისპირა პავილიონები და ბევრ სხვა სახელგანთქმული შენობა (ნინო ჩაჩხიანი, ორმაგი სიმრუდე).
კაფე "ფანტაზია" -ს მოზაიკები და თემატიკა უახლოეს პარალელს ჰპოვებს ანტონიო გაუდის მოზაიკებთან გუელის პარკში, ბარსელონაში და განსაკუთრებით კი მის ცნობილ ხვლიკთან.
ამ ფანტასმაგორიული და სიურეალისტური ნაგებობის გარშემო მიწის ზედაპირის კოპლებით "მოხატვა" და კოპლების მხატვრულ-გამომსახველობით ენად გამოყენება თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედის იაიოი კუსამას სახელს უკავშირდება. მისი კოპლები, რომელიც იდენტურია რვაფეხას კოპლებისა, ერთგვარი რევოლუცია იყო, რომელმაც ბევრი წლის შემდეგ დიდი აღიარება მოიპოვა და მიმდინარე ხელოვნების განუყრელ ნაწილად იქცა. მაგალითად დამიან ჰირსტის კოპლები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნამუშევარია.
ბათუმის "რვაფეხა" არის ჰიპური ხელოვნების ნიმუში, თავისი სიჭრელით, მხიარულობით, ინდივიდუალიზმითა და არაძალადობრიობით, რაც ასე გამოარჩევს მას იმავე პერიოდის საბჭოთა ხელოვნებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა შექმნილია საბჭოთა პერიოდში, თავისი მოწინავე კონსტრუქციული ტექნოლოგიითა და არასტანდარტული სურეალისტური ფორმებით ბათუმის კაფე „ფანტაზია“ არა თუ საბჭოთა ხელოვნების, არამედ ანტისაბჭოური ხელოვნების ნიმუშად ითვლება.
წინააღმდეგობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წლიდან მოყოლებული კაფე არ ფუნქციონირდა, იყო მიტოვებული, რამაც გამოიწვია შენობის ზედაპირული დაზიანება და მიმდებარე ტერიტორიის ანტისანიტარიის ბუდედ ქცევა. ცალკე შენობა უძრავ ძეგლთა სიაში არ არის შეტანილი. 2018 წლიდან დაიწყო ინტენსიური სამუშაოები „რვაფეხას" აღსადგენად და 2019 წლის 14 აგვისტოს დასრულდა, ხოლო 26 აგვისტოს სახელმწიფო ოფიციალური პირებთან და საზოგადოებასთან ერთა ოფიციალურადვე გაიხსნა.[4]
მედიით გავრცელებული ინფორმაციით[5], Hilton-ს სურს[1]მიმდებარე ტერიტორიების ადაპტაცია და ინვესტიციების ჩადება. ვარაუდობენ, რომ განაშენიანებას, რაც ბასეინების, კაფეების და მწვანე საფარის მოწყობას გულისხმობს, შესაძლოა შეეწიროს „რვაფეხაც“.
გაჟღერდა მოსაზრება, რომ „რვაფეხა“ იმდენად არის დაზიანებული, რომ რესტავრაციას არ ექვემდებარება. თუმცა, ბევრი თვლის, რომ სერიოზული დაზიანებები შენობას არ გააჩნია.
აგრეთვე საუბარია ნაგებობის სხვა ადგილას გადატანის შესაძლებლობაზეც, თუმცა კონსტრუქციული სისტემების გათვალისწინებით ეს თითქმის შეუძლებელია. მრუდე ფორმები რკინის არმატურის დაღუნვისა და მოჭიმვის ხარჯზეა მიღებული, ამიტომ სიმრთელის დარღვევა კარკასის სრულ დაშლას გამოიწვევს.
ბათუმის მოსახლეობა, არქიტექტურის სპეციალისტები და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები აპროტესტებენ ახალ მშენებლობას. მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვებაც. [6] ამ პრობლემის განსახილველად შექმნილია ცალკე Facebook-გვერდიც.[7] სპეციალისტებმა Hilton-ის წარმომადგენლებს ურჩიეს, სწორად შეეფასებინათ შენობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა კაფე „ფანტაზია“-სთან ინტეგრირებით ჩატარებულიყო. მათი აზრით, სასტუმროს ფერადი მინებით მოპირკეთებული ფასადები უკვე ესადაგება კაფე „ფანტაზია“-ს ფერად მოზაიკებს.
2014 წლის 6 დეკემბრის შპს „ტურინვესტის“ და Hilton Batumi-ს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „კაფე „ფანტაზიის“ დანგრევა არასდროს ყოფილა ჩვენი განზრახვა.“ [8]
რვაფეხისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მიზნით განაცხადი წარდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში. სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მოწვეულ ექსპერტთა საბჭო მიიღებს, წერს გაზეთი ბათუმელები.
2020 წლის 27 ივლისს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "რვაფეხას" ძეგლის სტატუსი მიენიჭა.https://ajaraheritage.ge/en/news/rvafekhasrsquorsquodzeglis-statusis-mienicha/285
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38159
- ცაგო კახაბერიძე, „ჰილტონ ბათუმი“, რვაფეხა და ოფშორი, ბათუმელები, 2014.05.27
- ირინე გივიაშვილი, “რვაფეხა ტიპური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია”, ბათუმლები, 2015. 14.02 https://batumelebi.netgazeti.ge/news/9659/
- ლელა დუმბაძე, მიტოვებული კაფე „რვაფეხა", ბათუმელები, 012.08.29
- "ბათუმელები", "დაიცავი რვაფეხა!“ - ბათუმში აქცია იგეგმება, 2014.12.03, ბათუმელები
- ნანა კვაჭაძე, „რვაფეხა“ სააგენტოს გადაწყვეტილების მოლოდინში, დაარქივებული 2015-01-23 საიტზე Wayback Machine. ბათუმელები, 2014.12.27
- დაიცავი რვაფეხა
- ნანა კვაჭაძე, ვინ გადაარჩინა ბათუმის „რვაფეხა“, ბათუმელები, 2019. 22.08. [1]
- პეტიცია რვაფეხას დასაცავად http://manifest.ge/main/item/118
- ნანა კვაჭაძე, ბათუმის „რვაფეხას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ბათუმელები, 27.07.2020
- ნატო გენგიური, "ფერადი" არქიტექტურა საბჭოთა საქართველოში, XX საუკუნის ხელოვნება, კულტურათა დიალოგი XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში, თბილისი, 2017, 289-390
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Hilton Batumi
- ↑ კაფეს შესახებ გიორგი ჩახავას პერსონალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-23. ციტირების თარიღი: 2014-12-06.
- ↑ ორმაგი სიმრუდე, ნინო ჩაჩხიანი, netgazeti.ge
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-28. ციტირების თარიღი: 2019-08-28.
- ↑ „ჰილტონ ბათუმი“, რვაფეხა და ოფშორი, ცაგო კახაბერიძე, 27 მაისი 2014
- ↑ პეტიცია ბათუმის რვაფეხას დასაცავად!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-21. ციტირების თარიღი: 2014-12-06.
- ↑ კაფე "ფანტაზია" Facebook-ზე
- ↑ შპს „ტურინვესტის“ და ჰილტონ ბათუმის ერთობლივი განცხადება, ინტერნეტ-გამოცემა ბათუმელები, 6 დეკემბერი 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-21. ციტირების თარიღი: 2014-12-06.