ქათაიბი
ლიბანის ფალანგისტური პარტია ქათაიბი | |
---|---|
حزب الكتائب اللبنانية | |
დევიზი ქართულად | ღმერთი, ერი, ოჯახი |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | სამი ჯემაიელი |
ისტორია | |
დამფუძნებელი | პიერ ჯემაიელი |
დაფუძნდა | 1936 |
შტაბ-ბინა | ბეირუთი |
[1] |
ლიბანის ფალანგისტური პარტია ქათაიბი (არაბ. حزب الكتائب اللبنانية) —ლიბანის მემარჯვენე -ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია, რომელიც ძირითადად წარმოადგენს ლიბანელი მარონიტი ქრისტიანების ინტერესებს. დაარსდა 1936 წელს პიერ ჯემაიელის მიერ, როგორც ულტრამემარჯვენე ფალანგისტური ორგანიზაცია.[1] 1975-1990 წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში წარმოადგენდა წამყვან ძალას მემარჯვენე ქრისტიანთა ბანაკში. სირიის მიერ ლიბანის ოკუპაციის დროს პარტია კრიზისს განიცდიდა. 2005 წლის კედრების რევოლუციის შემდეგ, იგი თანდათან აღორძინდა, დაბრუნდა ჯემაიელების კლანის გავლენის ქვეშ და გადავიდა მემარჯვენე ქრისტიანული დემოკრატიის პოზიციაზე. არის „14 მარტის კოალიციის“ წევრი.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტია ქათაიბი ასევე ცნობილია როგორც „ლიბანური ფალანგა“ ან „ფალანგისტების პარტია“. ქათაიბი სიტყვა ქათიბას მრავლობითი რიცხვია, რომელიც არაბულ ენაზე ითარგმნა ბერძნული სიტყვიდან ფალანგა (ბერძ. φάλαγξ) და ნიშნავს ქვეითთა საბრძოლო წესრიგს (მწყობრს) ძველ მაკედონიაში, საბერძნეთსა და სხვა სახელმწიფოებში. 2021 წელს პარტიამ შეიცვალა თავისი ოფიციალური სახელი და გახდა "პარტია ქათაიბი —ლიბანის სოციალ -დემოკრატიული პარტია" (არაბულად: حزب الكتائب اللبنانيّة – الحزب الديمقراطي الاجتماعي اللبناني).[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიბანური ფალანგის დამფუძნებელია პიერ ჯემაიელი, მარონიტი მეწარმე, ფარმაცევტი და ლიბანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. იგი იცავდა რადიკალურ მემარჯვენე ნაციონალისტურ შეხედულებებს, თანაუგრძნობდა იტალიის ფაშისტურ პარტიას და ესპანურ ფალანგას. 936 წელს ჯემაილი დაესწრო ბერლინის ოლიმპიურ თამაშებს. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის (NSDAP) ორგანიზაციულმა სტრუქტურამ, ნაცისტების სამობილიზაციო შესაძლებლობებმა.[3][4][5]
პიერ ჯემაიელი ეწვია გერმანიას, იტალიას, ესპანეთს, ჩეხოსლოვაკიას. ყველა ამ ქვეყანაში მან გულდასმით შეისწავლა ულტრამემარჯვენე მოძრაობების პოლიტიკური და ორგანიზაციული პრინციპები. ლიბანში დაბრუნებულმა დაიწყო პარტია „ქათაიბის“ ორგანიზება. იგი ეყრდნობოდა აქტიურ ქრისტიან ახალგაზრდებს, განსაკუთრებით სპორტული მოძრაობიდან. მისი უახლოესი თანამებრძოლები იყვნენ ოთხი ლიბანელი ახალგაზრდა: ჩარლზ ელუ ( 1964 წლიდან ლიბანის პრეზიდენტი), შაფიკ ნასიფი, ემილ იარედი და ჟორჟ ნაკაში. ჟენევიევა ჯემაიელი მეუღლის პოლიტიკური თანამოაზრე გახლდათ.[6] ქათაიბის ძალოვან სტრუქტურებს სათავეში ჩაუდგა უილიამ ჰავი.[7][8][9]
იდეოლოგია და პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქათაიბის იდეოლოგია არასოდეს ყოფილა ნაცისტური. პარტიული დოქტრინა დაფუძნებული იყო ლიბანურ ნაციონალიზმზე, შეიცავდა ფინიკიზმის, აღმოსავლური კათოლიკური სოლიდარობის, მემარჯვენე სოციალური პოპულიზმის, "მესამე გზის ეკონომიკის" ელემენტებს და უფრო ახლოს იყო სამხრეთ ევროპულ —იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ —ფაშიზმთან. პარტიის დევიზი გახდა ტრიადა— ღმერთი, ქვეყანა და ოჯახი. ადრეულ წლებში ლიბანელი ფალანგისტების უნიფორმის შემადგენელი ნაწილი, ისევე როგორც გერმანელი მოიერიშეების, იყო ყავისფერ პერანგები, იყენებდნენ ნაცისტური მისალმების ფორმას. პიერ ჯემაიელმა მოგვიანებით გაიხსენა, რომ მესამე რაიხში მას განსაკუთრებით იზიდავდა დისციპლინა და ორგანიზებულობა.[10][11][12]
ფალანგისტები მკაცრად უჭერდნენ მხარს ლიბანის დამოუკიდებლობას — არა მხოლოდ საფრანგეთის მანდატისგან, არამედ არაბი მეზობლების, განსაკუთრებით სირიისგან. პარტიამ კატეგორიულად უარყო პანარაბიზმის იდეები. ამავე დროს, ლიბანის სუვერენიტეტი ფალანგისტებმა განიხილეს როგორც ღირებულება ლიბანელი ქრისტიანებისთვის, რომლებიც აღიქმებიან როგორც დამოუკიდებელი ეროვნულ-ეთნიკური საზოგადოება. ქრისტიანულ თემში ქათაიბის საყრდენი, უპირველეს ყოვლისა, მარონიტი კათოლიკები იყვნენ. ფალანგისტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოძრაობაში დამოუკიდებლობისათვის, რომელსაც მიაღწიეს 1943 წლის 22 ნოემბერს.
1950 -იანი წლების ბოლომდე ქათაიბის გავლენა არ იყო მნიშვნელოვანი. ლიბანის პოლიტიკაში დომინირებდა "მარონიტული არისტოკრატია", რომელიც ორგანიზებული იყო ბიშარა ელ-ხურის და ქამილ შამუნის საკონსტიტუციო ბლოკში. სიტუაცია მკვეთრად შეცვალა 1958 წლის ლიბანის კრიზისმა. ქათაიბი უპირობოდ უჭერდა მხარს პროდასავლურ პრეზიდენტს შამუნს. პარტიის ბოევიკებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ნასერისტებისა და პანარაბისტი მემარცხენეების აჯანყების ჩახშობაში. შამუნის გადადგომის შემდეგაც კი, პრეზიდენტ ფუად შეჰაბის დროს, პიერ ჯემაიელი გახდა მთავრობის წევრი და შემდეგ არაერთხელ დაიკავა მინისტრის სავარძელი.
ქათაიბის ლიდერმა ჯანდაცვის მინისტრის, საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და ტურიზმის მინისტრის რანგში წამოიწყო 440 ინფრასტრუქტურული პროექტი და ახალი სოციალური და შრომითი კანონმდებლობის ინიციირება მოახდინა. კატაიბის იდეოლოგიაში გაიზარდა სოციალური აქცენტები, პარტიის სახელს დაემატა მახასიათებელი "სოციალ -დემოკრატი". ეს იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ფალანგისტებსა და ქამილ შამუნის ეროვნულ -ლიბერალურ პარტიას (NLP) შორის. თავის ეკონომიკურ პროგრამაში,ქათაიბი მუდმივად მერყეობდა სოციალურ პოპულიზმსა და ეკონომიკურ ლიბერალიზმს შორის, თუმცა ჩვეულებრივ, პირველი მიმართულება ჭარბობდა.
1961 წელს ოფიციალურად შეიქმნა პარტიის ძალოვანი სტრუქტურა—ქათაიბის მარეგულირებელი ძალა, ფალანგისტური მილიცია.
1968 წელს,ქათაიბი შევიდა ქრისტიანულ კოალიციაში ეროვნულ -ლიბერალურ პარტიასთან (NLP)- ქამილ შამუნთან და რაიმონდ ედის ეროვნულ ბლოკთან. ლიბანის პარლამენტის არჩევნებში პარტიამ 99 ადგილიდან 9 მოიპოვა. ეს იყო მნიშვნელოვანი შედეგი მას შემდეგ, რაც უმრავლესობას დამოუკიდებელი დეპუტატები წარმოადგენდნენ.
სამოქალაქო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975 წელს ლიბანში სამოქალაქო ომი დაიწყო. პარტია ქათაიბი ლიბანის ფრონტის მემარჯვენე ქრისტიანული კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი წევრი იყო. ფალანგისტური მილიცია გახდა ლიბანის ძალების მემარჯვენე ქრისტიანული სამხედრო ორგანიზაციის უძლიერესი ელემენტი. მემარჯვენე ქრისტიანულ ბანაკში ლიდერობის ფასად ქათაიბმა 5000 აქტივისტი დაკარგა.
ფალანგისტმა ბოევიკებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ომის პირველ ეტაპზე მთავარ ბრძოლაში — თელ ზაატარისთვის 1976 წლის ზაფხულში. ეს იყო ომის უდიდესი იდეოლოგიზაციის პერიოდი, როდესაც გამყოფი ხაზი გადიოდა მემარჯვენე ანტიკომუნისტებისა და "მემარცხენე-მუსლიმების" ბლოკს შორის 1976 წლის 12 აგვისტოს აიღეს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (პგო) ყველაზე დიდი ბაზა. თელ ზაატარის ალყის დროს მოკლეს უილიამ ჰავი, რის შემდეგაც ქათაიბის შეიარაღებულ ფორმირებებს სათავეში პიერ ჯემაიელის ვაჟიშვილი ბაშირ ჯემაიელი ჩაუდგა სათავეში.
ამავე დროს, ფალანგისტებს ადანაშაულებდნენ სამოქალაქო პირების მკვლელობაში 1975 წლის 6 დეკემბერის შავ შაბათს და 1976 წლის 18 იანვარის კარანტინის ხოცვა-ჟლეტაში.
ფალანგისტები წარმოადგენდნენ მემარჯვენე ქრისტიანული ბანაკის მთავარ ძალას 1978 წლის ასდღიან ომში სირიის ძალების წინააღმდეგ. ხანგრძლივი სასტიკი ბრძოლები მემარჯვენე ქრისტიანების გამარჯვებით დასრულდა.
1981 წლის დასაწყისში ბექააში დაიწყო ზაჰლას ბრძოლა მემარჯვენე ქრისტიანებსა და სირიულ-პალესტინურ ძალებს შორის. ექვსთვიანი ბრძოლის შედეგად მემარჯვენე ქრისტიანებმა ბაშირ ჯემაიელის მეთაურობით მოიპოვეს სტრატეგიული გამარჯვება. ბაშირ ჯემაიელ უმცროსი, ფალანგისტური შეიარაღებული ძალების მეთაური და პარტიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაწინაურდა პარტიის დე-ფაქტო ლიდერად, თუმცა პარტიის ფორმალური თავმჯდომარე ოფიციალურად პიერ ჯემაილ უფროსი გახლდათ. 1982 წლის ივნისში ბაშირ ჯემაიელი გახდა ლიბანის პრეზიდენტის ილიას სარკისის მიერ შექმნილი ეროვნული ხსნის საბჭოს წევრი.
სამხრეთ ლიბანის საად ჰადადის არმიისგან განსხვავებით, ფალანგისტები ღიად არ თანამშრომლობდნენ ისრაელთან, მაგრამ მოქმედებდნენ ისრაელის მხარეზე პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ოპერატიულად მოქმედებდნენ ცახალთან ერთად (მაგალითად, ზაჰლის ბრძოლაში ისრაელის ავიაციამ დაბლოკა სირიის საჰაერო ძალები, რითაც ლიბანის ძალების სახმელეთო უპირატესობის უზრუნველყოფა მოახდინეს). 1982 წლის ლიბანის ომის დროს, ქათაიბმა შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი კეთილგანწყობილი ისრაელის მიმართ.
ბაშირ ჯემაიელის სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1982 წლის 23 აგვისტოს პარლამენტმა ბაშირ ჯემაიელი აირჩია ლიბანის პრეზიდენტად. ქათაიბი გახდა სამოქალაქო ომის გამარჯვებული. თუმცა,1982 წლის 14 სექტემბერს. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ბეირუთის ტერორისტული აქტით. ბაშირ ჯემაიელი დაიღუპა მანამ, სანამ ის ოფიციალურად დაიკავებდა თანამდებობას. ძლიერი ნებისყოფის, პოპულარული და ქარიზმატული ლიდერის სიკვდილი მძიმე დარტყმა იყო კატაიბისათვის, რამაც პარტიის გავლენა შეუქცევადად შეარყია.
პრეზიდენტად აირჩიეს პიერ ჯემაიელის უფროსი ვაჟი, ბაშირ ჯემაიელის ძმა—ამინ ჯემაიელი.[13]
1983 წლის 17 მაისს მან დადო სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელთან. ამინ ჯემაიელი მხარს უჭერდა ყველა პალესტინელი ლტოლვილის ლიბანიდან დეპორტაციას. თუმცა, უფროს ძმას არ გააჩნდა უმცროსის ენერგია და ავტორიტეტი, არ ჰქონდა შესაბამისი დონის პოლიტიკური და ძალოვანი მხარდაჭერა.
ამჟამინდელი მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლიდან ქათაიბის თავმჯდომარეა სამი ჯემაიელი. საპატიო პრეზიდენტი —ამინ ჯემაიელი, პარტიის ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოლანჟ ჯემაიელი, ბაშირის ქვრივი, პიერის, ამინისა და სამის ბიცოლა, ყველაზე განსაკუთრებულ, რადიკალურ პოზიციას იკავებს ნადიმ ჯემაიელი — ბაშირისა და სოლანჟის ვაჟი, რომელიც მიდრეკილია „ლიბანის ძალებთან“— სამირ ჯააჯასთან ალიანსისკენ. ქათაიბის წევრია იუმნა ჯემაიელი, ბაშირისა და სოლანჟის ქალიშვილი. ფუად აბუ ნადერმა, რომელიც ასევე არის თავისუფლების ფრონტის მოძრაობის ლიდერი, აღადგინა თავისი წევრობა პარტიაში.[14][15][16][17]
2014-2016 წლების ლიბანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქათაიბმა მხარი დაუჭირა სამირ ჯააჯას კანდიდატურას „14 მარტის კოალიციის“ შემადგენლობაში. თუმცა, 2016 წელს ჯააჯამ მოულოდნელად მხარი დაუჭირა თავისი დიდი ხნის მოწინააღმდეგის მიშელ აუნის კანდიდატურას. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია კონფლიქტი „ლიბანის ძალებსა“ და ქათაიბს შორის. სამი ჯემაილმა უარი თქვა მხარი დაეჭირა ჯააჯას ალიანსისთვის აუნთან.[18]
პარტიის ლიდერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი პირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პიერ ჯემაიელი (1936-1984)
- ელი ქარამი (1984-1986)
- ჟორჟ საადე (1986-1998)
- მუნირ ჰაჯი (1998-2001)
- ქარიმ პაკრადუნი (2001-2007)
- ამინ ჯემაილი (2005-2007 წლებში, როგორც პრეზიდენტი; 2007-2015 წლებში, თავმჯდომარე)
- სამი ჯემაიელი (2015 წლიდან)
- მმართველი გუნდი 2015 წლიდან
- სამი ჯემაიელი — თავმჯდომარე
- ჯოზეფ აბუ ხალილი — თავმჯდომარის პირველი მოადგილე
- სალიმ საიე — თავმჯდომარის მეორე მოადგილე
- რაფიკ განეტი — გენერალური მდივანი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Denise Ammoun, Histoire du Liban contemporain: Tome 2, 1943–1990, Fayard, Paris 2005. ISBN 978-2-213-61521-9 (ფრანგ).
- Rex Brynen, Sanctuary and Survival: the PLO in Lebanon, Boulder: Westview Press, 1990.
- Robert Fisk, Pity the Nation: Lebanon at War, London: Oxford University Press, ISBN 0-19-280130-9 (3rd ed. 2001).
- Matthew S. Gordon, The Gemayels (World Leaders Past & Present), Chelsea House Publishers, 1988. ISBN 978-1-55546-834-7
- Michael Maschek, Myrtom House Building: Un quartier de Beyrouth en guerre civile, L'Harmattan, 2018.
- Jonathan Randal, The Tragedy of Lebanon, Just World Books, 1983.
- Frank Stoakes, The Super vigilantes: the Lebanese Kata'eb Party as Builder, Surrogate, and Defender of the State, Middle East Studies 11, 3 (October 1975): 215236.
- John P. Entelis, Pluralism and party transformation in Lebanon: Al-Kata'ib, 1936–1970, E. J. Brill, Leiden 1974.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1936 تأسيس حزب الكتائب اللبناني (არაბ.)
- ↑ "بالصورة- تعديل اسم حزب "الكتائب"". (არაბ.)IMLebanon. 26 March 2021. Retrieved 27 March 2021.
- ↑ Mark Ensalaco. Middle Eastern terrorism: from Black September to September 11. — Philadelphia: University of Pennsylvania Press, 2008. — p. 85. —p. 318 . — ISBN 978-0812240467.
- ↑ Phalange Party // Lebanon, a country study / Thomas Collelo, Harvey Henry Smith. — Washington: Federal Research Division, Library of Congress, 1987. — v. 550. — (Area handbook series).
- ↑ Michael Johnson. All honorable men: the social origins of war in Lebanon — London: I.B. Tauris, 2001. — p. 148. — 298 p. — ISBN 978-1860647154.
- ↑ Genevieve Gemayel passes away aged 95[მკვდარი ბმული]
- ↑ Lee Griffith, The war on terrorism and the terror of God (Wm. B. Eerdmans Publishing Company, 1 June 2004), p. 3, ISBN 0-8028-2860-4
- ↑ Mark Ensalaco, Middle Eastern terrorism: from Black September to September 11 (University of Pennsylvania Press, 30 November 2007), p. 85, ISBN 0-8122-4046-4
- ↑ El Kataeb – Founder Archived 4 December 2008 at the Wayback Machine
- ↑ New Lebanese Front
- ↑ Sheikh PIERRE GEMAYEL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-17. ციტირების თარიღი: 2021-11-09.
- ↑ Thomas Collelo, ed. Lebanon: A Country Study. Washington: GPO for the Library of Congress, 1987. "Phalange Party" chapter
- ↑ Amine Gemayel
- ↑ Lebanon's Kataeb Party says its three MPs resigning from parliament in wake of Beirut blast[მკვდარი ბმული] Reuters. 8 August 2020.
- ↑ Abu Khalil: Samy Gemayel Reminds Me of His Grandfather[მკვდარი ბმული] (არაბ.). ციტირების თარიღი 5 ივლისი 2017. დაარქივებულია 6 სექტემბერი 2017 .
- ↑ Sami Gemayel elected new leader of the Kataeb Party
- ↑ Lebanese politician Fouad Abou Nader
- ↑ Liban: l’alliance Samir Geagea-Michel Aoun bouleverse le jeu politique[მკვდარი ბმული]