შინაარსზე გადასვლა

კასტრა პრეტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასტრა პრეტორიის ნანგრევები

კასტრა პრეტორია (ლათ. Castra Praetoria) — უძველესი ბანაკები, რომლებიც ეკუთნოდა რომის იმპერიის პრეტორიანელ მცველებს.

რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის მიხედვით, ბანაკები ააშენეს 23 წელს ლუციუს ელიუს სეიანუსის ბრძანებით, რომელიც იყო პრეტორიანელთა პრეფექტი და მსახურობდა იმპერატორ ტიბერიუსის დროს.

ბანაკები აღმართეს ქალაქ რომის გარეთ და გარშემორტყმული იყო მყარი ქვის კედლით, რომლის ზომებია 440 მეტრი 380 მეტრზე. კედლის ოთხიდან სამი გაერთიანდა ავრელიანეს კედელთან ერთად და ნაწილი დღესაც ჩანს.

კასტრა პრეტორია რომის ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის ადგილი იყო. სწორედ ამ ბანაკში მოიყვანეს კლავდიუსი მისი დისშვილის, კალიგულას მკვლელობის შემდეგ, რის შემდეგაც იგ გახდა პირველი იმპერატორი, რომელიც პრეტორიანელებმა გამოაცხადეს. აქვე პრეტორიანულმა გვარდიამ აუქციონზე გაიტანა იმპერატორის ტიტული იმპერატორ პერტინაქსის მკვლელობის შემდეგ.

193 წლის 28 მარტს ტიტუს ფლავიუს კლავდიუს სულპიციანუსი ბანაკში იმყოფებოდა და ცდილობდა ჯარისკაცების დამშვიდებას, როდესაც დაიწყო ფულადი ჯილდოს შეთავაზება მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ ტახტისთვის. ამავდროულად, დიდიუს იულიანუსიც მივიდა ბანაკში და რადგან მისი შესვლა აკრძალული იყო, ყვიროდა შეთავაზებებს გვარდიისადმი. რამდენიმე საათიანი ვაჭრობის შემდეგ, სულპიციანუსმა ყოველ ჯარისკაცს 20 000 სესტერცი შესთავაზა. იულიანუსმა, რომელსაც ეშინოდა, რომ სულპიციანუსი ტახტს მიიღებდა, 25 000 შესთავაზა. გვარდიამ იულიანუსის შეთავაზება მიიღო, გააღო ბანაკის კარიბჭე და ის იმპერატორად გამოაცხადა. ეს ასევე იყო ადგილი, სადაც 222 წელს პრეტორიანელებმა მოკლეს იმპერატორი ელაგაბალუსი და მისი დედა იულია სოემიასი. 238 წელს ბანაკს თავს დაესხნენ რომის მოქალაქეები, რომლებიც აჯანყდნენ იმპერატორ მაქსიმინუსის წინააღმდეგ.

კასტრა პრეტორია დაანგრია კონსტანტინე I-მა, რომელმაც ასევე დაშალა პრეტორიანული გვარდია იტალიის დაპყრობისას, მაშინ როდესაც მაქსენციუსი მართავდა როგორც დასავლეთ რომის იმპერატორი იტალიაში. მათი ბოლო ბრძოლა იყო მილვიის ხიდის ბრძოლა 312 წელს. კონსტანტინეს გამარჯვების შემდეგ მან ოფიციალურად დაშალა პრეტორიანული გვარდია, გაგზავნა რა ისინი იმპერიის სხვადასხვა კუთხეში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]