კასიმა-ძინგუ
| კასიმა-ძინგუ | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 35°58′08″ ჩ. გ. 140°37′54″ ა. გ. / 35.96889° ჩ. გ. 140.63167° ა. გ. |
| ქვეყანა | იაპონია |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| თარიღდება | ძვ. წ. 660 წელი |
| კასიმა-ძინგუ | |
კასიმა-ძინგუ (იაპონ. 鹿島神宮) — შინტოისტური ტაძარი, რომელიც მდებარეობს იაპონიაში, იბარაკის პრეფექტურის ქალაქ კაშიმში. იგი წარმოადგენს მთავარ ტაძარს იაპონიის მასშტაბით არსებულ დაახლოებით 600 კაშიმას სალოცავს შორის.[1][2][3]
მითოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძარში თაყვანს სცემენ კამი (ღვთაება) ტაკემიკაძუტის („მამაცი და დამაშინებელი ღმერთი“). „კოძიკის“ თანახმად, იგი იმ სისხლისგან იშვა, რომელიც ღმერთ იძანაგის მახვილზე მოხვდა, როდესაც მან ცეცხლის ღმერთი კაგუცუტი მოკლა (ამ უკანასკნელმა დაბადებისას დედას — იძანამის — სასიკვდილო დამწვრობა მიაყენა). მითის სხვა ვერსიების მიხედვით, ტაკემიკაძუტი იცუ-ნო ოჰაბარის ვაჟი ან მიკაჰაიახის შთამომავალია.[1][2]
იაპონურ მატიანეში აღწერილია, თუ როგორ ჩამოვიდნენ ზეციდან იძუმოში ტაკემიკაძუტი და ღვთაება ფუცუნუში, რათა ღმერთ ოკუნინუშის თავისი სამფლობელოები ამატერასუს შვილიშვილისთვის — ნინიგი-ნო მიკოტოსთვის გადაეცა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ტაკემიკაძუტი ამ სიუჟეტს მოგვიანებით დაემატა, ორიგინალურ მითში კი მხოლოდ ფუცუნუში ფიგურირებდა.[1][2]
იაპონური მატეანეს მიხედვით, „კასიმას ღმერთი“ გამოეცხადა იმპერატორ ძიმუს და უთხრა: „თუ თაყვანს მცემ, მაშინ ყველა პროვინციას... შენს მმართველობაში გადმოგცემ“. ამის შემდეგ ძიმუმ მას ლოცვა-ვედრება აღუვლინა.[1] არსებული ვერსიის თანახმად, სადაც კასიმას ტაძრის ღვთაება მოხსენიებულია როგორც ამე-ნო-კაკუ-ნო-კამი, ადგილობრივი ღვთაება თანდათანობით ინტეგრირდა იმპერატორის მითოლოგიაში. სხვა თეორიის მიხედვით კი, ეს ღვთაება მოცემულ მხარეში იამატოს ჯარებმა შემოიყვანეს.[2]
ტრადიციულად, ტაკემიკაძუტის და ფუცუნუშის ქვეყნის მცველებად მიიჩნევდნენ. შუა საუკუნეებში ისინი მეომრებისა და საბრძოლო ხელოვნების მფარველებად ითვლებოდნენ. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ ტაკემიკაძუტის მიწისძვრებისგან დაცვაც შეუძლია.[1][2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგენდის თანახმად, კასიმა-ძინგუ იამატოს სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად, ძვ. წ. 660 წელს დაარსდა. მკვლევართა აზრით, ეს სალოცავი აღმოსავლეთ იაპონიის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. იგი შეტანილი იყო „ენგიშიკის“ სიაში. 750 წელს აქ დაარსდა ერთ-ერთი უძველესი სინტოისტურ-ბუდისტური კომპლექსი (ძინგუ-ძი). ჰეიანის ეპოქაში, ისე-ძინგუსა და კატორი-ძინგუსთან ერთად, იგი უმაღლესი კატეგორიის სამ სალოცავს (ძინგუ) შორის ერთ-ერთად ითვლებოდა. გარდა ამისა, იგი იყო 16 ტიოკუსაისიდან (სპეციალური ტაძრები) ერთ-ერთი, სადაც იმპერატორის ელჩები ღვთაებებისათვის განკუთვნილი ძღვენით იგზავნებოდნენ. შუა საუკუნეებში კასიმა პროვინციის მთავარ სინტოისტურ ტაძარს წარმოადგენდა.[1][2]
1871 წლიდან 1946 წლამდე სალოცავი ოფიციალურად მიეკუთვნებოდა კამპეი-ტაისიას (დიდი იმპერატორული ტაძრები) — სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სალოცავების უმაღლეს კატეგორიას.[1]
არქიტექტურა და დაგეგმარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძარი ამავე სახელწოდების სარკინიგზო სადგურიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. ქვის კასიმა-ტორიდან ბილიკი მიემართება კინოვარით (მკვეთრი წითელი საღებავით) შეღებილი რომონის ჭიშკრისკენ, რომელიც, ზოგიერთი მტკიცებით, ერთ-ერთი უდიდესია იაპონიაში არსებულ მსგავს სამ ჭიშკარს შორის. ჭიშკრის მიღმა განთავსებულია მეორე სეგუნის, ტოკუგავა ჰიდეტადას ბრძანებით აგებული ჰონდენი და ჰაიდენი. შენობები აგებულია გონგენ-ძუკურის სტილში, სადაც ჰონდენი და ჰაიდენი ერთმანეთთან დაკავშირებულია პატარა ოთახით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ჰეიდენს წარმოადგენს. ამ სტილის სალოცავების უმეტესობისგან განსხვავებით, კასიმა-ძინგუს თითოეული ნაგებობა ცალკეული სახურავითაა გადახურული. 3х3 მალის ზომის ჰონდენი უხვად არის მორთული ჩუქურთმებითა და მოოქროვილი დეტალებით.[2]
ბილიკის მეორე მხარეს მდებარეობს კარიდენი, რომელიც ადრე დროებით ჰონდენად გამოიყენებოდა სალოცავის გადაკეთების (სენგუ) დროს, დღეს კი მას რემონტის დროს იყენებენ. ბილიკის მოშორებით მდებარეობს ოკუ-ნო-მია — ტოკუგავა იეიასუს მიერ 1605 წელს აგებული სალოცავი, რომელიც ადრე ამჟამინდელი ტაძრის ადგილზე იდგა.[2]
მაცური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველწლიურად, 1-2 სექტემბერს, სალოცავში იმართება შემოდგომის დღესასწაული (მაცური), რომლის დროსაც ფანრებით მორთულ ქალაქის ქუჩებში გამოაქვთ მიკოსი (სატარებელი ტახტი) და მუსიკოსებითა და სხვადასხვა ისტორიული ფიგურებით გაფორმებული პლატფორმები — დასი.[2]
12 წელში ერთხელ, ცხენის წელიწადში (მაგალითად, 2014 და 2026 წლებში), 2 სექტემბერს ტარდება განსაკუთრებული რიტუალი ოფუნა-მაცური, ოფუნე-მაცური ან მიფუნე-საი (御船祭). ცერემონიის დროს მიკოსი გადააქვთ ხომალდზე, რომელიც კიტაურას ტბის, ვანი-კანის სრუტისა და ნასაკაურას ტბის გავლით მიემართება კატორი-ძინგუს ტაძრის მიკოსით დატვირთული ხომალდის შესახვედრად. ეს შეხვედრა სიმბოლურად გამოხატავს კამის (ღვთაების) მობრძანებას სალოცავებში და მათ მჭიდრო კავშირს. სავარაუდოდ, ეს ცერემონია იმპერატორ ოძინის დროს (ახ. წ. III საუკუნე) ჩამოყალიბდა. სენგოკუს პერიოდში ტრადიცია შეწყდა, თუმცა 1870 წელს კვლავ აღადგინეს. ეს დღესასწაული იაპონიაში ყველაზე მასშტაბურ და პომპეზურ წყლის მაცურად ითვლება.[1][2][4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Горбылев А. М., Основные святилища и их устройство // Боги, святилища, обряды Японии - энциклопедия синто, Москва: изд. центр РГГУ, 2010(Orientalia etClassica - труды Института восточных культур), ISBN 978-5-7281-1087-3.
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Cali, Joseph, Shinto Shrines: A Guide to the Sacred Sites of Japan's Ancient Religion, Honolulu, 2013. — გვ. 328, ISBN 9780824837754.
- ↑ 鹿島神宮について. ციტირების თარიღი: 2021-11-26
- ↑ 御船祭. ციტირების თარიღი: 2021-11-30
