კარსნის მეთუნეთა ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარსნის მეთუნეთა ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისი-მცხეთის საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე, კარსნისხევის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ძვ. წ. I და ახ. წ. I-III საუკუნეებით. ძეგლი 1975 წელს გაითხარა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიერ, ა. აფაქიძის ხელმძღვანელობთ.

ნამოსახლარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამოსახლარი ტერასულადაა განლაგებული ბორცვის თხემსა და ძირში. გამოვლინდა კარგად გამოკვეთილი სამი სამშენებლო ფენა. საცხოვრებელი შედგებოდა საცხოვრებელი სახლისა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობისაგან. გეგმით ოთხკუთხა შენობები ნაგებია ნატეხი ქვშაქვით და ტალახით. მათი უმეტესობა გადახურული ყოფილა მცხეთური ღარიანი და ბრტყელი კრამიტებით. თიხის იატაკის ცენტრალურ ნაწილში ქვითა და თიხით ნაგები კერებია. ნამოსახლარზე დიდი რაოდენობით გამოვლინდა მოვარდისფრო-მოწითალოდ გამომწვარი თხელკეციანი სამეორნეო დანიშნულების კერამიკა, სუფრისა და სამზარეულოს თიხის ჭურჭელი, ლითონისა და თიხის ქანდაკებები, რკინის დანები, მონეტები, ქვის სატყორცნი ჭურვები და სხვა.

სახელოსნო უბნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელოსნო უბანი ნამოსახლრიდან 60 მეტრის მოშორებით, აღმოსავლეთით მდებარეობს. აქ აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ქურები და მასთან დაკავშირებული ფარდულის ტიპის ნაგებობების ნაშთები. ქურების ნაწილი ორსართულიანი ყოფილა. მათი ქვედა საცეცხლე განყოფილება გადახურულია ალიზის დიდი აგურებისაგან შეკრული თაღებით, რომლებშიც ცეცხლის ამოსასვლელად ღია ადგილებია დატოვებული. ალი ადიოდა მეორე სართულზე, სადაც ჭურჭლის გამოწვა ხდებოდა. საწარმო უბანზე გარდა ე. წ. ვერტიკალური ქურებისა არის ასევე ოვალური გუმბათისებრთაღიანი ქურა. საწარმოო ობანზე, ქურებში და მათ მახლობლად აღმოჩნდა წითელი წერნაქით მოხატული გვიანდელი ელინისტური ხანის თიხის ჭირჭელი.

სამაროვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამაროვანზე გაითხარა ძირითადად კრამიტსამარხები. აქ ასევე დადასტურდა ორმოსამარხები, კომბინირებული სამარხები, ფილასამარხი და ქვევრსამარხი. კრამიტსამარხები ძირითადად ბრტყელი და ღარიანი კრამიტებით ნაგები ორფერდასახურავიანი კრამიტყუთებია, რომლებიც მიწაში ამოთხრილ ორმოებში ყოფილა ჩადგმული. ზოგიერთ კრამიტსამარხს იატაკიც კრამიტის ჰქონდა. მიცვალებულები მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე ესვენა, კიდურებმოკეცილი. სამარხებში აღმოჩნდა მოვარდისფროდ გამომწვარი თიხის სამტუჩა ხელადები, რელიეფული სარყლითა და კოპებით შემკული ხელადისებური ჭურჭელი, კოჭობები, მინის სანელსაცხებლები, ოქროს საყურეები და სასაფეთქლე რგოლები, რომაული და პართული მონეტები, გემიანი ბეჭდები და სხვა.

საწნახელი და მარანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარსნიხევის ნამოსახლართან ახლოს გამოვლინდა საწნახელის და მარნის ნაშთი. ჰიდრავლიკური ხსნარით მოკირყლულ-შემოზღუდული მოედანი ეკვრის კერამიკული ფილებით ნაშენ წაგრძელებულ ოთხკუთხა აბაზანისებურ ნაგებობას. ისინი იატაკში გაჭრილი ხვრელებით უერთდებიან კერამიკულ მილსადენს. საწნახელი ფერდობზე, მოსოწრებულ ტერასაზე დგას. მას უკავშირდება საურმე გზა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]