კაროლინა ლემი
კაროლინა ლემი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 13 ნოემბერი, 1785[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | დორსეტი |
გარდაცვალების თარიღი | 26 იანვარი, 1828[2] [3] [5] (42 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
დასაფლავებულია | ჰერტფორდშირი |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი და რომანისტი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
მეუღლე | უილიამ ლამბი[7] |
ლედი კაროლინა ლემი (ინგლ. Lady Caroline Lamb, დაბადებით პონსონბი (ინგლ. Ponsonby), დ. 13 ნოემბერი, 1785, დორსეტი — გ. 26 იანვარი, 1828, ლონდონი) — ბრიტანელი არისტოკრატი და მწერალი. ცნობილია თავისი სასიყვარულო რომანით ლორდ ბაირონთან 1812 წელს. მისი ქმარი იყო უილიამ ლემი, რომელიც მოგვიანებით გახდა მელბურნის ვიკონტი .[8]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაროლინა ლემი ფრედერიკ პონსონბისა, ბესბოროს მე-3 გრაფისა (1758-1844) და მისი მეუღლის, ლედი ჰენრიეტა სპენსერის (1761-1821) უფროსი ქალიშვილი იყო. მშობლების ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ლორდი ბესბორო, მოთამაშე და თავქარიანი კაცი, ხშირად საჯაროდ ამცირებდა მეუღლეს. თავად ჰენრიეტა კი სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და ვერ ახერხებდა შვილების აღზრდას.
მშობლებისგან მიტოვებული, ლედი კაროლინა სამ წლამდე იტალიაში ცხოვრობდა მოსამსახურეების მზრუნველობის ქვეშ, ხოლო შემდეგ, თავის ცნობილ დეიდასთან, ჯორჯიანა კავენდიშთან, დევონშირის ჰერცოგინიასთან იზრდებოდა. ათი წლიდან იგი ბებიასთან, ლედი სპენსერთან იზრდებოდა, სადაც შესანიშნავი განათლება მიიღო. სწავლობდა ფრანგულ, იტალიურ, ბერძნულ და ლათინურ ენებს, მუსიკას და ხატვას. დიდ დროს უთმობდა აკვარელს და განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა კარიკატურის შექმნისადმი.
ცამეტი წლის ასაკში მან გაიცნო თავისი მომავალი ქმარი, მაშინ უილიამ ლემი ოცი წლის იყო. მოგვიანებით, ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს საზოგადოებაში, სადაც ახალგაზრდა კაროლინა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მოხდენილი და ელეგანტური, დაბალი ტანის, მუქი კარამელისფერი თვალებით და ოქროსფერი თმით, დაბალი მუსიკალური ხმით, უშიშარი მოჯირითე, ის სავსე იყო იდეებით და ძლიერ წარმოსახვით. მეგობრები მას „სილფიდას“, „ციყვს“, „ქარიშხალს“ და „ველურს“ ეძახდნენ. უილიამ ლემი, როგორც ოჯახის მეორე ვაჟი, არ ითვლებოდა პერსპექტიულ სასიძოდ და კაროლინას ნათესავები სერიოზულად არ განიხილავდნენ მას. თუმცა 1805 წელს მისი უფროსი ძმა გარდაიცვალა, რის შემდეგაც უილიამი ოჯახის მემკვიდრე გახდა და კაროლინას ხელი სთხოვა. თავდაპირველად კაროლინამ მას უარი უთხრა, ამტკიცებდა, რომ მისი ხასიათი მათ ქორწინებას უბედურს გახდიდა, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა.

ქორწილი 1805 წლის 3 ივნისს გაიმართა. პირველი წლები წყვილი ძირითადად ლონდონში ცხოვრობდა, სადაც მათ ვაიტჰოლში საკუთარი ბინა ჰქონდათ. 1807 წლის 11 აგვისტოს მათ შეეძინათ ვაჟი, ჯორჯი, ხოლო 1809 წელს — ქალიშვილი, რომელიც ნაადრევად დაიბადა და ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ლედი კაროლინამ რთულად გადაიტანა ორივე ორსულობა და მშობიარობა, რის გამოც დიდხანს საჭიროებდა აღდგენას. მისი ვაჟი სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით დაიბადა (შესაძლოა, აუტიზმით). იგი 1836 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა. შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ, ქმრის სამსახურთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და ოჯახურ ცხოვრებაში წარმოშობილმა სირთულეებმა კაროლინას ბედნიერება ჩაახშო. მას განსაკუთრებით უჭირდა ურთიერთობა ქმართან დედამისის შურისა და ქმრის ოჯახის წევრების მტრული დამოკიდებულების გამო, რაც საბოლოოდ მისი თითქმის ყველა უბედურების მიზეზი გახდა.

1812 წლის გაზაფხულზე ლედი კაროლინასა და სახელგანთქმულ ლორდ ბაირონს შორის რომანი დაიწყო. მათი ურთიერთობა დაახლოებით ცხრა თვეს გაგრძელდა. თავდაპირველად, პოეტს მოსწონდა მაღალი წრის ქალბატონის ყურადღება. კაროლინა მას საკუთარ ლექსებს უკითხავდა, რომლებსაც ბაირონი უქებდა. თუმცა, მალე ის მისით დაიღალა. გადაწყვეტილება რომანის დასრულების შესახებ ლედი კაროლინასთვის მძიმე დარტყმა იყო. სასოწარკვეთილი ქალი დედამისმა სამი თვით ირლანდიაში წაიყვანა, სადაც ბაირონი მას მაინც უმნიშვნელო, თუმცა, ნაზ წერილებს სწერდა. თუმცა, როდესაც კაროლინა ლონდონში დაბრუნდა, პოეტმა ცხადად მიანიშნა, რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებდა. ამას მოყვა კაროლინასგან საჯარო სცენები, ისტერიკები და უიმედო მცდელობები ყოფილი საყვარლის დაბრუნებისა. ბაირონისადმი მისმა აკვიატებამ გავლენა მოახდინა მის შემდგომ ცხოვრებაზე და, საბოლოოდ, მის შემოქმედებაზეც. 1816 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ყველაზე ცნობილი გოთიკური რომანი „გლენარვონი“, სადაც ლორდ ბაირონთან ურთიერთობა მხატვრულად აღწერა. წიგნი უდიდესი წარმატებით სარგებლობდა, მაგრამ საბოლოოდ კაროლინას რეპუტაცია შეარყია.

თავდაპირველად ლორდ უილიამ ლემი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა თავისი მეუღლის ხმაურიან რომანს და მის გატაცებას ბაირონით, იგნორირებას უკეთებდა. თუმცა, დედის ზეწოლის ქვეშ მოექცა და გააცნობიერა, რომ კაროლინას საქციელი მის პოლიტიკურ კარიერას აზიანებდა. საბოლოოდ, 1825 წელს ისინი ცალ-ცალკე ცხოვრებდნენ. შეთანხმების მიხედვით, ლედი კაროლინა უმეტეს დროს ბროკეტ-ჰოლში ატარებდა თავის მამამთილთან, ლორდ მელბურნთან. მიუხედავად დაშორებისა, ის წერილებს სწერდა მეუღლეს და მათ შორის თბილი ურთიერთობა შენარჩუნდა. ცხოვრების ბოლო წლებში კაროლინა დროის უმეტეს ნაწილს ახალგაზრდა თაყვანისმცემლების გარემოცვაში ატარებდა, ალკოჰოლსა და ოპიუმს მიეძალა. გულის დაავადების გამო მას ძლიერი შეშუპებები აწუხებდა.
1827 წლის დეკემბერში, სამედიცინო დახმარების მისაღებად, იგი ლონდონში გადაიყვანეს, სადაც 1828 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია წმინდა ეთელრედას ეკლესიის სასაფლაოზე, ჰატფილდში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
- ↑ Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ 5.0 5.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 265. — ISBN 978-1-85743-228-2
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2008.
- ↑ Kindred Britain
- ↑ Каролина не успела стать виконтессой Мельбурн, так как умерла прежде, чем он унаследовал титул, и вошла в историю как леди Каролина Лэм (именование, полагавшееся ей как дочери графа).