კარლოუს ციხე-სიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლოუს ციხე-სიმაგრის დასავლეთი კედელი

კარლოუს ციხე-სიმაგრე მდებარეობს მდინარე ბაროუს ნაპირებზე, ქალაქ კარლოუსთან, ირლანდიის რესპუბლიკაში. ოდესღაც ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნორმანდიული ციხე-სიმაგრე ირლანდიაში, მაგრამ დღემდე შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კედელი და ორი კოშკი. ამჟამად ციხე-სიმაგრე წარმოადგენს ირლანდიის ძეგლების აღორძინების კომპანიის ყურადღების ცენტრს.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე-სიმაგრის სამხრეთ-დასავლეთი კოშკი

ციხე-სიმაგრე არის დონჟონი, რომელიც შედგება ოთხი განყოფილების, ოთხი კედლისა და სამი სართულისგან ცილინდრული ფორმის კოშკების აგებულებით. ის შედგებოდა ჰორიზონტალურად დაწყობილი რიყის ქვებისგან გრძელი წვრილი ჩაღრმავებებით. თავდაპირველად დონჟონი იყო ორსართულიანი, მესამე სართული აიგო XV საუკუნეში. ციხე-სიმაგრის აღმოსავლეთი ნაწილი 1814 წელს დაინგრა და განადგურდა. დასავლეთი კედელი კოშკებთან ერთად დღემდე შემორჩა. ციხე-სიმაგრე თითქმის მთლიანად აგებულია კირქვისგან. ის განლაგებულია ხელოვნურად გასწორებულ ქვიან ბორცვზე, ორი მდინარის — ბაროუსა და ბარენის — შეერთების ადგილას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონჟონი წარმოადგენდა სამსართულიან მართკუთხა კონსტრუქციას კუთხეებში ცილინდრული კოშკებით. შესაძლოა, ციხე-სიმაგრე ააგო 1207 წლიდან 1213 წლამდე პერიოდში უილიამ მარშალმა 1180-იან წლებში ჰიუ დე ლეისის მიერ აგებულ მოტისა და ბეილის ადგილას. შესაძლოა, ეს არის ერთ-ერთი უძველესი ოთხკოშკიანი დონჟონი ბრიტანეთსა და ირლანდიაში. პირველ სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ყველა სართულზე ასასვლელი გადიოდა ქვის კიბეზე. 1306 წელს ციხე-სიმაგრე გადავიდა სამეფო ხელისუფლების ხელში, შემდეგ კი საჩუქრად გადაეცა ნორფოლკის გრაფებს, რომლებიც ციხე-სიმაგრეს ფლობდნენ 1537 წლამდე. ჯეიმზ ფიცჯერალდმა დაიპყრო ციხე-სიმაგრე 1494 წელს, შემდეგ ის აღებულ იქნა ტომას ფიცჯერალდის მიერ 1535 წელს და რამდენიმეჯერ გადავიდა ხელიდან ხელში, სანამ ის არ იყიდა დონაჰ ო'ბრაიანმა, ტორმონდის გრაფმა, 1616 წელს. ციხე-სიმაგრე დაეცა ირლანდიის გაერთიანებული ომების დროს 1642 წელს. ამავე წელს ორმონდის გრაფის ჯარიდან გამოყოფილმა რაზმმა გადაარჩინა 500 მოშიმშილე ინგლისელი ტყვე ამ ციხე-სიმაგრიდან. მოგვიანებით, ჰენრი აირტონის გათავისუფლების შემდეგ, 1650 წელს ნაგებობა ორმონდებს დაუბრუნდა. უფრო გვიან ის გადაეცა ჰამილტონების ოჯახს.

1813 წელს ჰამილტონების ოჯახმა ციხე-სიმაგრე მიაქირავა ექიმ ფილიპ პერი პრაის მიდლტონს, რომელმაც 2000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა ციხე-სიმაგრის საგიჟეთად ქცევის მცდელობაში. 1814 წლის 13 თებერვალს ექიმმა, მიწისქვეშა კორიდორის გაკეთების მცდელობისას, გამოიყენა ასაფეთქებელი ფხვნილი, რამაც აღმოსავლეთი კედლისა და კოშკების განადგურება გამოიწვია. ქვის წყობა საბოლოოდ დაინგრა.