შინაარსზე გადასვლა

კარლოს რობერტო რეინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლოს რობერტო რეინა
კარლოს რობერტო რეინა
რეინა 1997 წელს
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 იანვარი, 1994 – 27 იანვარი, 1998
ვიცე-პრეზიდენტი  ვოლტერ ლოპეს რეიესი

დაბადებული13 მარტი, 1926
გარდაცვლილი19 აგვისტო, 2003
პოლიტიკური პარტიაჰონდურასის ლიბერალური პარტია
მეუღლებესი უოტსონი
პროფესიაიურისტი, დიპლომატი, პოლიტიკოსი

კარლოს რობერტო რეინა იდიაკესი (დ. 13 მარტი, 1926; გ. 19 აგვისტო, 2003) — ჰონდურასელი პოლიტიკოსი, იურისტი და დიპლომატი. იკავებდა ჰონდურასის პრეზიდენტის თანამდებობას 1994-დან 1998 წლამდე. იყო ჰონდურასის ლიბერალური პარტიის წევრი.

რეინა დაიბადა ჰონდურასის ქალაქ კომაიაგუელაში. ჰყავდა მეუღლე, ბესი უოტსონი, რომელიც იყო ამერიკის მოქალაქე და ორი ქალიშვილი. განათლება მიიღო ჰონდურასის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებებში. შემდგომ სწავლა გააგრძელა ლონდონსა და პარიზში.[1]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რეინამ მრავალი პოლიტიკური, სამთავრობო და საერთაშორისო თანამდებობა დაიკავა, როგორებიცაა მოსამართლე ტეგუსიგალპის სასამართლოში, სამშვიდობო წევრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, ჰონდურასის ელჩი საფრანგეთში და ლიბერალური პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, სხვა მნიშვნელოვან თანამდებობებთან ერთად.

რეინა რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საქმიანობის გამო, რომელიც სამხედრო მთავრობების წინააღმდეგ იყო მიმართული მისი ახალგაზრდობის წლებში. პირველად ეს 1944 წელს მოხდა დიქტატორ ტიბურსიო კარიასის წინააღმდეგ პროტესტის გამო. შემდეგ, 1960-იან წლებში, გენერალმა ოსვალდო ლოპესმა, რომელმაც სამხედრო ძალით ხელში ჩაიგდო ჰონდურასის მთავრობა, ის ორჯერ პატიმრობაში გაამწესა. ამან რეინა სიცოცხლის დარჩენილ ნაწილში ადამიანის უფლებების დამცველად აქცია. 1979 წელს ის ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს თავმჯდომარედ დაასახელეს.

კარლოს რეინა პრეზიდენტი გახდა 1993 წლის ნოემბერში ჰონდურასის ლიბერალურ პარტიასთან ერთად, მას შემდეგ, რაც ხმების 56%-ით დაამარცხა ჰონდურასის ეროვნული პარტიის კანდიდატი ოსვალდო რამოსი. მას თან ახლდნენ ვიცე-საპრეზიდენტო კანდიდატები: პენსიაზე გასული გენერალი უოლტერ ლოპესი, ხუან დე ლა კრუზ აველარი და გუადალუპე ხერესანო მეხია.[2]

რეინას შედარებით რთული ეკონომიკური მდგომარეობა დახვდა ქვეყნის ჩაბარებისას. საგარეო ვალი მძიმე ტვირთად ექცა ქვეყნის ეკონომიკას. მიუხედავად იმისა, რომ ჰონდურასისთვის დაახლოებით 700 მილიონი დოლარი პატიებული იქნა, ვალი მაინც უფრო მეტს შეადგენდა, ვიდრე 1990-იანი წლების დასაწყისში.

თავის პირველ საპრეზიდენტო სიტყვაში რეინამ გამოაცხადა რევოლუცია: „ვიძლევი სიტყვას ღმერთის, ხალხისა და ისტორიის წინაშე, რომ წინ წავიწევთ ამ საქმეში, რომელიც ჩვენ თავად დავიკისრეთ. დავამარცხებთ კორუფციას, ძალაში შევიყვანთ სოციალურ ლიბერალიზმს. მორალურ რევოლუციას ბოლომდე მივიყვანთ." კითხვა იმის შესახებ, წარმატებული იყო თუ არა მისი გეგმა, დღემდე საკამათოდ რჩება.

რეინას მმართველობის დროს ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეიარაღებულ ძალებში ცვლილებების შეტანა იყო. მისი რეფორმების უმეტესი ნაწილი განხორციელდა თანამდებობაზე ყოფნის პირველი წლის ბოლოს. პირველი იყო სამხედრო პირთა ხელში არსებული ყველა უფლებამოსილების გადაცემა სამოქალაქო ხელისუფლებაზე, რასაც მოჰყვა ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება. ეს და სხვა სამხედრო რეფორმები ასევე საკამათოა მმართველი ელიტისთვის - მათი რწმენით, ამან კრიმინალური დაჯგუფებების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, ვინაიდან ახალგაზრდა მამაკაცებისთვის დასაქმებისა და განათლების წყარო გაქრა.

1996 წლის ივლისში რეინას გადაეცა ორდენი ტაივანის პრეზიდენტის ლი თენგ-ჰუის მიერ.[3]

ცხოვრების ბოლო წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეინას საპრეზიდენტო ვადა დასრულდა 1998 წლის 27 იანვარს. 1998 წლის ოქტომბერში, რეინამ მიიღო თანამდებობა ცენტრალური ამერიკის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, სადაც 1999 წლის 28 ოქტომბრამდე დარჩა. 77 წლის ასაკში, რეინამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.[4] მისმა ძმამ მოგვიანებით განაცხადა, რომ რეინას პანკრეასთან და ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]