კარლოს მელენდესი
| კარლოს მელენდესი | |
|---|---|
| ესპ. Carlos Meléndez Ramírez | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 1861 |
| დაბადების ადგილი | სან-სალვადორი |
| გარდაცვალების თარიღი | 8 ოქტომბერი, 1919 (58 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მანჰეტენი[1] |
| მოქალაქეობა |
|
კარლოს მელენდესი ( დ. 1 თებერვალი, 1861 — გ. 8 ოქტომბერი, 1919) — სალვადორელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, სალვადორის პრეზიდენტი 1913 წლიდან 1914 წლამდე და კვლავ 1915 წლიდან 1918 წლამდე.
მელენდესი პოლიტიკაში შევიდა დივიზიის გენერალ ფრანცისკო მენენდესის პრეზიდენტობის დროს. მან მონაწილეობა მიიღო 1895, 1903 და 1907 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ყოველ მათგანში დამარცხდა. იგი ხუთჯერ აირჩიეს სალვადორის საკანონმდებლო ასამბლეაში 1900-იან და 1910-იან წლებში, ხოლო 1913 წელს გახდა მისი პრეზიდენტი. იმავე წელს პრეზიდენტი მანუელ ენრიკე არაუხო მოკლეს და მელენდესი მისი მემკვიდრე გახდა დროებითი პრეზიდენტის თანამდებობაზე. იგი გადადგა 1914 წლის აგვისტოში, რათა ჰქონოდა 1915 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სადაც გაიმარჯვა კიდეც.
მელენდესის პრეზიდენტად ინაუგურაცია 1915 წლის 1 მარტს შედგა. პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, მელენდესმა პირველი მსოფლიო ომის დროს სალვადორის ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, ნაწილობრივ ნიკარაგუაში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისადმი მისი ოპოზიციის გამო. მელენდესმა ასევე გაუწია პროპაგანდა „მელენდესის დოქტრინას“, რომელიც ფონსეკას ყურეს აღიარებდა სალვადორს, ჰონდურასსა და ნიკარაგუას შორის. იგი პრეზიდენტობიდან 1918 წლის აგვისტოში ავადმყოფობის გამო გადადგა და მისი მემკვიდრე მისი სიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალფონსო კინიონეს მოლინა გახდა. 1919 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კინიონესი მელენდესის ძმამ, ხორხემ შეცვალა. მელენდესი გარდაიცვალა ნიუ-იორკში 1919 წლის ოქტომბერში და დაკრძალეს სალვადორში მომდევნო თვეში.
ადრეული და პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარლოს მელენდეს რამირესი დაიბადა 1861 წლის 1 თებერვალს სან-სალვადორში, სალვადორი. მისი მშობლები იყვნენ რაფაელ მელენდესი, მკერავი, და მერსედეს რამირეს დე მელენდესი. მელენდესის პაპა დედის მხრიდან იყო ნორბერტო რამირესი, სალვადორის სახელმწიფოს მეთაური 1840 წლიდან 1841 წლამდე.[2] მელენდესი წყვილის უფროსი შვილი იყო;[3] მას ჰყავდა შვიდი უმცროსი დედმამიშვილი, მათ შორის ხორხე და ლეონორი. ალფონსო კინიონეს მოლინა იყო მელენდესის სიძე ლეონორზე ქორწინების გზით.[2] მელენდესის დედამ იგი ქრისტიანად აღზარდა.[3]
მელენდესი დადიოდა სკოლაში, რომელსაც ესპანელი პროფესორი ფერნანდო ველარდე ხელმძღვანელობდა.[2] მელენდესი ოჯახის უფროსი გახდა, როდესაც მამამისი 1880 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა. იგი ხშირად დადიოდა ბიზნეს ვიზიტებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან სალვადორში დააარსა რკინის ჩამომსხმელი ქარხანა სახელწოდებით „Mercedes Iron Works“ დედის პატივსაცემად.[4] მელენდესი ასევე ფლობდა ყავისა და შაქრის რამდენიმე პლანტაციას,[5] მათ შორის „Carlos Meléndez y Hermanos“-ს, რომელსაც წელიწადში 100 000 კვინტალამდე შაქრის წარმოება შეეძლო.[6] მელენდესი დაქორწინდა სარა მესა დე მელენდესზე, თუმცა წყვილს შვილები არ ჰყოლია.[2]
ადრეული პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელენდესი პრაგმატული ლიბერალი იყო.[7] დივიზიის გენერალ ფრანსისკო მენენდესის პრეზიდენტობის დროს, იგი მოხალისედ გაემგზავრა ლონდონში, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, რათა ეწარმოებინა მოლაპარაკებები 300 000 ფუნტი სტერლინგის (2023 წლის კურსით 42 137 901 დოლარის ეკვივალენტი) ოდენობის სესხის მისაღებად.[8] მან უარი თქვა მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის ანაზღაურების მიღებაზე და ეს თანხა როსალესის ჰოსპიტლის (Hospital Rosales) მშენებლობის დასაფინანსებლად გადაამისამართა.[9] 1889 წელს მელენდესი შეარჩიეს სალვადორის გუბერნატორად, შემოთავაზებული ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკის ფარგლებში, თუმცა სალვადორის, ჰონდურასისა და ნიკარაგუის კავშირი არ შედგა.[10]
მელენდესი მონაწილეობდა 1894 წლის „44-ის რევოლუციაში“, რომელმაც პრეზიდენტი გენერალი კარლოს ეზეტა დაამხო. იგი იყო 1895 წლის არჩევნების კანდიდატი, სადაც გენერალ რაფაელ ანტონიო გუტიერესის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას ცდილობდა.[11] არჩევნების დროს მელენდესი და მისი მთავარი ოპონენტი, პრუდენსიო ალფარო, ცდილობდნენ საარჩევნო უბნებზე მოკავშირეების განთავსებას მათი მონოპოლიზებისა და ხმების თავიანთ სასარგებლოდ დასათვლელად.[12] მელენდესმა მეორე ადგილი დაიკავა 18 792 ხმით, ალფაროს 38 006 ხმის შემდეგ.[11] მან ასევე მიიღო მონაწილეობა 1903 წლის არჩევნებში, როგორც პრეზიდენტობის, ისე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა. თუმცაღა ორივე არჩევნები წააგო — პრეზიდენტობა პედრო ხოსე ესკალონთან (მისი ხმების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა 191-ზე მეტი არ ყოფილა) და ვიცე-პრეზიდენტობა კალიქსტო ველადოსთან (სადაც 138 ხმა მიიღო).[13] მელენდესმა კენჭი იყარა 1907 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც, სადაც 8 ხმა მოიპოვა; არჩევნებში დივიზიის გენერალმა ფერნანდო ფიგეროამ გაიმარჯვა.[14]
მელენდესი 1904 წელს აირჩიეს სალვადორის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატად სან-სალვადორის დეპარტამენტიდან. იგი ფინანსთა და საჯარო კრედიტის კომისიის წევრი იყო.[15] ამავე თანამდებობაზე მსახურობდა 1907,[16] 1908,[17] 1912[18] და 1913 წლებში.[19] ბოლო ვადის დროს, იგი აირჩიეს საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტად და მოვალეობის შესრულებას 1 თებერვალს შეუდგა.[20]
პრეზიდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1913 წლის 4 თებერვალს პრეზიდენტი მანუელ ენრიკე არაუხო მძიმედ დაიჭრა მკვლელობის მცდელობისას. იგი რამდენიმე დღის შემდეგ, 9 თებერვალს გარდაიცვალა.[21]ვინაიდან ვიცე-პრეზიდენტი ონოფრე დურანი მანამდე გადამდგარიყო, პრეზიდენტის თანამდებობა მელენდესს გადაეცა, როგორც პირველ საპრეზიდენტო დეზიგნატს.[22] მელენდესის პრეზიდენტად გახდომა აღნიშნავს მელენდეს-კინიონესის დინასტიის დასაწყისს — პოლიტიკური დინასტიისა, რომელიც სალვადორს 1913 წლიდან 1927 წლამდე მართავდა.[23] მელენდესმა 29 აგვისტო ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, კაპიტან-გენერალ ხერარდო ბარიოსის მოსახსენიებლად და დააწესა მედალი სამხედრო დამსახურებისთვის.[24] ასევე 1913 წელს, მელენდესმა დააარსა პრო-პოლიტიკური პარტია „Club Melendista“, რათა განემტკიცებინა კონტროლი სალვადორის მთავრობაზე.[25]
მელენდესი გეგმავდა კენჭისყრას 1915 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა სალვადორის კონსტიტუცია უკრძალავდა საპრეზიდენტო კანდიდატობას ყველას, ვისაც არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. ამ კონსტიტუციური შეზღუდვისთვის გვერდის ასავლელად, მელენდესი 1914 წლის 29 აგვისტოს გადადგა[26] და მისი მემკვიდრე კინიონესი, პირველი საპრეზიდენტო დეზიგნატი გახდა.[27]

მელენდესმა 1915 წლის არჩევნებში გაიმარჯვა[28] და მისი ინაუგურაცია 1915 წლის 1 მარტს შედგა.[2] მან დანიშნა კაბინეტი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ბრიგადის გენერალი ლუის ალონსო ბარაონა — ომისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრად; სესილიო ბუსტამანტე — მმართველობის, განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად; ტომას გარსია პალომო — ფინანსთა, საჯარო კრედიტისა და ქველმოქმედების მინისტრად; და ფრანსისკო მარტინეს სუარესი — საგარეო საქმეთა, საჯარო განათლებისა და იუსტიციის მინისტრად. მან ასევე დანიშნა 4 სუბ-სეკრეტარი (მინისტრის მოადგილე).[2] ბარაონა 1915 წლის 20 ოქტომბერს გარდაიცვალა[29]და იგი ენრიკე კორდოვამ შეცვალა.[30] კინიონესი მელენდესის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.[24]
მელენდესი ეწინააღმდეგებოდა 1914 წლის ბრაიან-ჩამოროს ხელშეკრულებას ნიკარაგუასა და აშშ-ს შორის და მას ნიკარაგუის სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევდა. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ფონსეკას ყურეში სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენების შესახებ,[31]რადგან ამ წყალსატევს მიიჩნევდა სალვადორის, ჰონდურასისა და ნიკარაგუის საერთო საკუთრებად (კონდომინიუმად). „მელენდესის დოქტრინაში“ იგი ავითარებდა იდეას, რომ ფონსეკას ყურე იყო „ტერიტორიული ყურე“ (bahía territorial), რომელიც სამ ქვეყანას შორის იყო განაწილებული.[32][33] პირველი მსოფლიო ომის დროს სალვადორი ნეიტრალური დარჩა,[34] თუმცა სალვადორელი დიპლომატის, რაფაელ გიროლა დიუკის თქმით, მელენდესი თანაუგრძნობდა ცენტრალურ სახელმწიფოებს აშშ-ისადმი მისი ოპოზიციური განწყობის გამო.[31]
სალვადორის წინა არჩევნების პრეცედენტის საწინააღმდეგოდ, მელენდესს 1919 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მემკვიდრე არ შეურჩევია. კორდოვას თქმით, მელენდესმა ვერ შეძლო არჩევანის გაკეთება კინიონესსა და პალომოს (რომელიც ასევე მელენდესის პირადი ექიმი იყო) შორის.[35] ამან გამოიწვია დაპირისპირება 1918 წლის მუნიციპალური არჩევნებისას საარჩევნო უბნების მონოპოლიზებისთვის, რათა გარანტირებული ყოფილიყო მათი გამარჯვება 1919 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[36] მუნიციპალურ არჩევნებში კინიონესის მოკავშირეებმა გაიმარჯვეს, რამაც ფაქტობრივად უზრუნველყო მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში.[37]
ავადმყოფობა, გადადგომა და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის 11 დეკემბერს მელენდესს „დამბლის შეტევა“ დაემართა, რაც ისტორიკოს ერიკ ჩინგის ვარაუდით, გულის შეტევა ან ინსულტი იყო; სამი დღის შემდეგ შეტევა განმეორდა. 21 დეკემბერს, გამოჯანმრთელების პერიოდში, მელენდესი პრეზიდენტობიდან გადადგა. მისი მემკვიდრე კინიონესი გახდა, რის გამოც ამ უკანასკნელმა 1919 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაკარგა.[38] კინიონესმა არჩევნებში საკუთარი თავის შესაცვლელად მელენდესის ძმა, ხორხე შეარჩია;[39] ხორხემ გაიმარჯვა[40] და პრეზიდენტად 1919-დან 1923 წლამდე მსახურობდა,[41] რის შემდეგაც იგი კინიონესმა შეცვალა.[42]
1919 წლის აგვისტოში მელენდესმა დატოვა სალვადორი და გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი ავადმყოფობის სამკურნალოდ.[2] იგი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა[38] ნიუ-იორკში 1919 წლის 8 ოქტომბერს.[2] მისი დაკრძალვა ორი დღის შემდეგ წმინდა პატრიკის ტაძარში გაიმართა.[43] მისი ცხედარი სალვადორში ჯავშნოსანი კრეისერით „USS Cleveland“ დააბრუნეს, რომელიც ლა-ლიბერტადში 1919 წლის 5 ნოემბერს ჩავიდა. იგი დაკრძალეს გენერალურ სასაფლაოზე.[2] მელენდესი ცნობილი იყო როგორც „ბიზნესმენი პრეზიდენტი“.[44]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Presidentes de El Salvador – Don Carlos Meléndez es. Government of El Salvador. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 March 2009. ციტირების თარიღი: 14 July 2021
- Dinastía Meléndez Quiñónez – Parte I y II (2004) es. University of Central America (22 April 2004). ციტირების თარიღი: 21 May 2025
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.newspapers.com/clip/42315192/carlos_melendez_dies/
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 Leistenschneider & Leistenschneider 1980, p. 171.
- 1 2 Ward 1916, p. 10.
- ↑ Ward 1916, p. 11.
- ↑ Ching 1997, p. 238.
- ↑ Ward 1916, p. 224.
- ↑ White 1973, p. 88.
- ↑ Ward 1916, p. 16.
- ↑ Ward 1916, p. 17.
- ↑ Ward 1916, p. 18.
- 1 2 Ching 1997, p. 175.
- ↑ Ching 1997, pp. 175–179.
- ↑ Diario Oficial 1903, p. 298.
- ↑ Diario Oficial 1907, p. 354.
- ↑ Cañas Dinarte & Scarlett Cortez 2006, p. 21.
- ↑ Cañas Dinarte & Scarlett Cortez 2006, p. 33.
- ↑ Cañas Dinarte & Scarlett Cortez 2006, p. 37.
- ↑ Cañas Dinarte & Scarlett Cortez 2006, p. 53.
- ↑ Cañas Dinarte & Scarlett Cortez 2006, p. 61.
- ↑ Cañas Dinarte & Scarlett Cortez 2006, pp. 61 & 63.
- ↑ Leistenschneider & Leistenschneider 1980, p. 170.
- ↑ Ching 1997, pp. 220–221.
- ↑ Bernal Ramírez & Quijano de Batres 2009, p. 106.
- 1 2 Leistenschneider & Leistenschneider 1980, p. 172.
- ↑ Ching 1997, p. 239.
- ↑ Ching 1997, p. 242.
- ↑ Cañas Dinarte & Scarlett Cortez 2006, p. 58.
- ↑ Ching 1997, p. 237.
- ↑ Ward 1916, p. 154.
- ↑ Leistenschneider & Leistenschneider 1980, p. 180.
- 1 2 Holden 2004, p. 64.
- ↑ Bernal Ramírez & Quijano de Batres 2009, p. 74.
- ↑ Castellanos 2001, p. 52.
- ↑ Bernal Ramírez & Quijano de Batres 2009, p. 35.
- ↑ Ching 1997, p. 244.
- ↑ Ching 1997, p. 245.
- ↑ Ching 1997, p. 247.
- 1 2 Ching 1997, p. 248.
- ↑ Ching 1997, p. 249.
- ↑ Ching 1997, p. 251.
- ↑ Leistenschneider & Leistenschneider 1980, p. 175.
- ↑ Leistenschneider & Leistenschneider 1980, p. 179.
- ↑ Brooklyn Daily Eagle 1919, p. 3.
- ↑ Ward 1916, p. 27.