კარლოს კასტილიო არმასი
| კარლოს კასტილიო არმასი | |
კარლოს კასტილიო არმასი, ოფიციალური პორტრეტი (1954) | |
| გვატემალის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 7 ივლისი, 1954 – 26 ივლისი, 1957 | |
| წინამორბედი | ელფეგო ერნან მონსონ აგირე |
| მემკვიდრე | ლუის გონსალეს ლოპესი |
| დაბადებული | 4 ნოემბერი, 1914 სანტა ლუსია კოცუმალგუაპა, გვატემალა |
| გარდაცვლილი | 26 ივლისი, 1957 გვატემალა სიტი, გვატემალა |
| მოქალაქეობა | გვატემალა |
| ეროვნება | გვატემალელი |
| პოლიტიკური პარტია | ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა |
| მეუღლე | ოდილია პალომო პაისი |
| პროფესია | სამხედრო, პოლიტიკოსი |
| საქმიანობა | სამხედრო ოფიცერი |
| ჯილდოები | მოხსენიებული მოხსენებებში (1946); მექსიკის სამხედრო ღირსების მედალი, I ხარისხი (1948) |
| ხელმოწერა | |
კარლოს კასტილიო არმასი (დ. 4 ნოემბერი 1914 - გ. 26 ივლისი 1957) — გვატემალელი სამხედრო და პოლიტიკოსი, გვატემალის 28-ე პრეზიდენტი. ხელისუფლებაში მოვიდა 1954 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად და ქვეყანას მართავდა 1954–1957 წლებში. იყო ულტრამემარჯვენე ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის (MLN) წევრი. მისი ავტორიტარული მმართველობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლოს კასტილიო არმასი დაიბადა 1914 წლის 4 ნოემბერს, სანტა-ლუსია-კოცუმალგუაპაში, ესკუინტლას დეპარტამენტში. იგი მიწის მესაკუთრის შვილი იყო, თუმცა ქორწინების გარეშე დაბადებულმა ვერ მიიღო მემკვიდრეობით მამის ქონება. 1936 წელს დაამთავრა გვატემალის სამხედრო აკადემია. აკადემიაში სწავლის პერიოდში მისი თანაკურსელი იყო ხაკობო არბენსი, რომელიც მოგვიანებით გვატემალის პრეზიდენტი გახდა. განათლება მიიღო გვატემალის სამხედრო აკადემიაში. 1945 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის აპრილამდე, შვიდი თვის განმავლობაში, კასტილიო არმასმა სწავლება გაიარა კანზასის შტატში, ფორტ-ლივენვორთში, სადაც კონტაქტი დაამყარა ამერიკულ სადაზვერვო სამსახურებთან. გენერალურ შტაბში სამსახურის შემდეგ იგი სამხედრო აკადემიის დირექტორად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 1949 წლის დასაწყისამდე მუშაობდა, რის შემდეგაც მაზატენანგოში, სუჩიტეპეკესის დეპარტამენტში მდებარე შორეულ სამხედრო გარნიზონში სამხედრო მეთაურად გადაიყვანეს.[1]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლკოვნიკ ფრანსისკო ხავიერ არანა-ს პროტეჟე იყო და 1944 წელს პრეზიდენტ ხუან ფედერიკო პონსე ვაიდესი-ს წინააღმდეგ აჯანყებისას არანას ძალებს შეუერთდა. ამ მოვლენებმა დასაბამი მისცა გვატემალის რევოლუციას და ქვეყანაში წარმომადგენლობითი დემოკრატიის დამკვიდრებას. მოგვიანებით კასტილიო არმასი გენერალურ შტაბში შევიდა და სამხედრო აკადემიის დირექტორი გახდა. არანა და კასტილიო არმასი ოპოზიციაში იყვნენ ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხუან ხოსე არევალო-ს მთავრობის მიმართ. 1949 წლის გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კასტილიო არმასი ჰონდურასში გაიხიზნა. ახალი აჯანყებისთვის მხარდაჭერის ძიებისას იგი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყურადღების ცენტრში მოექცა. 1950 წელს მან ქალაქ გვატემალაზე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა და კვლავ ჰონდურასში დაბრუნდა. იუნაიტედ ფრუტ კომპანი-ის ლობირებისა და ცივი ომის პერიოდში კომუნიზმის გავრცელების შიშის გავლენით, 1952 წელს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციამ დაამტკიცა სპეციალური გეგმა პრეზიდენტ ხაკობო არბენსის დამხობის შესახებ. გადატრიალებას კასტილიო არმასი უნდა ჩაუდგომოდა სათავეში, თუმცა გეგმა შეჩერდა და მოგვიანებით, 1953 წელს, პრეზიდენტ დუაიტ აიზენჰაუერის მიერ განახლებული ფორმით იქნა აღდგენილი.[2]
1954 წლის ივნისში კასტილიო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაწვრთნილ 480 მებრძოლს ჩაუდგა სათავეში და გვატემალაში შეიჭრა, ამერიკული ავიაციის მხარდაჭერით. მიუხედავად იმისა, რომ ამბოხებულებმა თავდაპირველად წარუმატებლობა განიცადეს, აშშ-ის მხარდაჭერამ გვატემალის არმია ბრძოლაში ჩართვისგან შეაკავა და არბენსი 27 ივნისს გადადგა. მოლაპარაკებების პერიოდში ძალაუფლება დროებით რამდენიმე სამხედრო ხუნტას ეკავა, სანამ 7 ივლისს კასტილიო არმასი პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებდა. მან საკუთარი ძალაუფლება განამტკიცა 1954 წლის ოქტომბრის არჩევნებში, სადაც ერთადერთი კანდიდატი იყო. არბენსის პოპულარული აგრარული რეფორმა გაუქმდა — მცირე მიწათმფლობელებზე ჩამორთმეული მიწები მსხვილ მესაკუთრეებს დაუბრუნდათ. კასტილიო არმასმა სასტიკად დათრგუნა პროფკავშირები და გლეხთა ორგანიზაციები; დააპატიმრა და მოკლა ათასობით ადამიანი. მან შექმნა კომუნიზმის წინააღმდეგ ეროვნული თავდაცვის კომიტეტი, რომელმაც 70 000-ზე მეტი პირი გამოიძია და მოსახლეობის დაახლოებით 10% სავარაუდო კომუნისტთა სიაში შეიყვანა.
მიუხედავად ამ ზომებისა, კასტილიო არმასი მნიშვნელოვანი შიდა წინააღმდეგობის წინაშე იდგა, რასაც ხელისუფლება კომუნისტურ აგიტაციას მიაწერდა. კორუფციითა და მზარდი საგარეო ვალით დამძიმებული მთავრობა სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული აშშ-ის ფინანსურ დახმარებაზე. 1957 წელს კასტილიო არმასი მემარცხენე სიმპათიების მქონე საპრეზიდენტო გვარდიის წევრმა მოკლა. იგი იყო გვატემალის ავტორიტარ მმართველთა იმ რიგის პირველი წარმომადგენელი, რომლებიც აშშ-ის ახლო მოკავშირეებად ითვლებოდნენ. მისი წინამორბედთა რეფორმების გაუქმებამ ქვეყანაში მემარცხენე აჯანყებების ტალღა გამოიწვია, რაც საბოლოოდ გადაიზარდა გვატემალის სამოქალაქო ომი-ში (1960–1996).[3]
მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1957 წლის 26 ივლისს კასტილიო არმასი ქალაქ გვატემალაში, საპრეზიდენტო სასახლეში, მემარცხენე შეხედულებების მქონე პირმა მოკლა. მკვლელი რომეო ვასკეს სანჩესი საპრეზიდენტო გვარდიის წევრი იყო. იგი კასტილიო არმასს მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის მეუღლესთან ერთად სეირნობდა და ორჯერ ესროლა. კასტილიო არმასი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, ვასკესი სხვა ოთახში გაიქცა და თავი მოიკლა. საბოლოოდ დადასტურებული არ არის, მოქმედებდა თუ არა ვასკესი მარტო, თუ უფრო ფართო შეთქმულების ნაწილი იყო.
კასტილიო არმასის სიკვდილის შემდეგ ჩატარდა არჩევნები, რომელშიც მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა მიგელ ორტის პასარელიმ გაიმარჯვა. თუმცა მიგელ იდიგორას ფუენტესის მხარდამჭერებმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა არჩევნებში, არეულობა მოაწყვეს. ამის შემდეგ არმიამ ძალაუფლება ხელში აიღო, არჩევნების შედეგები გააუქმა და ახალი არჩევნები დანიშნა. განმეორებით არჩევნებში იდიგორას ფუენტესმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მალევე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რითაც მთავრობის სრული კონტროლი საკუთარ ხელში მოაქცია.[4]
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარლოს კასტილიო არმასი
- მექსიკელი მხატვრის, დიეგო რივერას ნახატი „დიდებული გამარჯვება“ ნახატის ცენტრში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ფოსტერ დალესი ხელს ართმევს კასტილიო არმასს.
- არმასი სამხედრო მუნდირში
- ფორტ ლივენვორთი, კანზასი, სადაც კასტილიო არმასი შვიდი თვის განმავლობაში გადიოდა წრთვნას
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Carlos Castillo Armas. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი 2026
- ↑ The CIA and the 1954 Coup in Guatemala. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი 2026
- ↑ Carlos Castillo Armas. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი 2026
- ↑ Guatemala: Assassination of President Castillo Armas. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი 2026