შინაარსზე გადასვლა

კარიმ მასიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარიმ მასიმოვი
ყაზახ. Кәрім Қажымқанұлы Мәсімов
დაბადების თარიღი 15 ივნისი, 1965(1965-06-15) (60 წლის)
დაბადების ადგილი ასტანა
მოქალაქეობა  სსრკ
 ყაზახეთი
განათლება Peoples' Friendship University of Russia, Narxoz University, Wuhan University School of Law, Beijing Language and Culture University, კოლუმბიის უნივერსიტეტი და K.G. Razumovsky Moscow State University of Technology and Management
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები კურმეტის ორდენი, Order of Nazarbayev, Order of the Leopard, medal "for 20 years of Kazakhstan's independence", Order of the Friendship of Peoples და honorary doctor of the Wuhan University[1]

კარიმ მასიმოვი[2] (ყაზახ. Кәрім Қажымқанұлы Мәсімов, დ. 15 ივნისი, 1965, ასტანა) — ყაზახი მეწარმე, ბანკირი და სახელმწიფო მოღვაწე. იგი ორჯერ იკავებდა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს (2007-2012 და 2014-2016 წლებში), იყო ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (2012-2014) და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის (ერუკ) თავმჯდომარე (2016-2022),[3] ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი.[4] 2022 წელს დაპატიმრებისა და სასამართლო განაჩენის გამოტანის შემდეგ, მას ჩამოერთვა წოდებები და სახელმწიფო ჯილდოები.[5]

ყაზახეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, იგი 2022 წლის 8 იანვარს გადაყენებულ იქნა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან და დააპატიმრეს.[6] 2024 წლის აპრილში მას სახელმწიფო ღალატისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2023 წლის ნოემბერში მასიმოვის წინააღმდეგ აღიძრა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის ლეგალიზაციის (გათეთრებისა) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლებით.[7][8][9][10]

დაიბადა 1965 წლის 15 ივნისს ყაზახეთის სსრ-ის ქალაქ ასტანაში. ეროვნებით ყაზახია, წარმოშობით ნაიმანის ტომიდან.[11] მამამისი, კაჟიმკან მასიმოვი, იყო ბურუნდაის კედლის მასალების საწარმოო გაერთიანების დირექტორი, ყაზახეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული „გლავოპტსნაბის“ უფროსის მოადგილე,[12] შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მასიმოვის გამაჯანსაღებელი ცენტრის“ დირექტორი და ყაზახეთის ეროვნული აგროსამრეწველო პალატის პრეზიდენტი.[13] დედა — ელეონორა აჟიბეკოვა, 2000-იან წლებში ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ სარკინიგზო მუზეუმში ექსკურსიამძღოლად მუშაობდა.[14]

1982 წელს დაამთავრა ქალაქ ალმაათის რესპუბლიკური ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი (რფმს). 1985-1988 წლებში სწავლობდა პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში (არაბული ენის განხრით), მოგვიანებით კი დაამთავრა თ. რისკულოვის სახელობის ყაზახეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი და ყაზახეთის სახელმწიფო მართვის აკადემია (ყსმა). მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასიმოვმა 1987 წელს სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ / КГБ) უმაღლესი სკოლაც დაამთავრა.[11]

1988-1989 წლებში სწავლობდა ჩინურ ენას პეკინის ენების ინსტიტუტში, გადიოდა სტაჟირებას უჰანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1989-1991) და კოლუმბიის უნივერსიტეტში (აშშ). 1998 წელს დაამთავრა ყსმა-ს ასპირანტურა, ხოლო 1999 წელს — მოსკოვის სახელმწიფო ტექნოლოგიური აკადემიის დოქტორანტურა. იმავე წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობის ფორმირების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები (თეორია და პრაქტიკა)“.

შრომითი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიმ მასიმოვმა შრომითი საქმიანობა 1991 წელს დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სსრკ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის იურიდიული მრჩევლის თანამდებობაზე. 1991 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა ყაზახეთის რესპუბლიკის შრომის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელად.[15]

1992 წელს მასიმოვმა კომერციული საქმიანობა დაიწყო: იყო ფირმა „ყაზახპრიგრანტორგის“ დირექტორის მოადგილე. 1992-1993 წლებში მუშაობდა ფირმა „ყაზახინტორგის“ დირექტორის მოადგილედ და ამავდროულად ეკავა საგარეო ეკონომიკურ კავშირთა სამინისტროს წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტის პოსტი.

1993-1994 წლებში დაკავებული იყო ყაზახეთში ჩინური მოხმარების საქონლის შემოტანით, იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „აქცეპტის“ დირექტორის მოადგილე. 1994-დან 1995 წლამდე მასიმოვი ჰონგ-კონგში ყაზახეთის სავაჭრო სახლის მმართველი დირექტორი გახლდათ.[11]

1995 წლიდან კარიმ მასიმოვმა მუშაობა საბანკო სფეროში დაიწყო. 1995 წლის ივლისიდან 1997 წლის აგვისტომდე იგი იყო „ალმათის სავაჭრო-საფინანსო ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე. აღნიშნული ბანკი დააარსეს ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძემ — ტიმურ კულიბაევმა და ბულატ უტემურატოვმა, რომელსაც მაშინ ყაზახეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ბანკში განთავსებული იყო სხვადასხვა ნავთობკომპანიისა და პრეზიდენტის ქალიშვილის, დარიგა ნაზარბაევას კონტროლქვეშ არსებული საინფორმაციო სააგენტო „ხაბარის“ ანგარიშები.

1996 წლიდან 1997 წლამდე მასიმოვი სს „ტურანბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. 1997 წლის სექტემბრიდან 2000 წლის აგვისტომდე იყო „ყაზახეთის სახალხო შემნახველი ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე. მასიმოვის მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი აფილირებული კომპანიების მეშვეობით გადაყიდვის ჩახლართული სქემის წყალობით, „სახალხო შემნახველი ბანკი“ პრეზიდენტ ნაზარბაევის სიძის, ტიმურ კულიბაევისა და მისი მეუღლის, დინარა ნაზარბაევას საკუთრებაში აღმოჩნდა (2006 წლისთვის ისინი ბანკის აქციების 73,5 პროცენტს ფლობდნენ).[11][15]

1999 წლიდან 2000 წლამდე მასიმოვი, „ყაზახეთის სახალხო შემნახველი ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარედ მუშაობის პარალელურად, იყო დახურული სააქციო საზოგადოება „ეროვნული საინვესტიციო საფინანსო სააქციო კომპანია НСБК-груп“-ის თავმჯდომარე.[11][15]

2000 წელს პრეზიდენტმა ნაზარბაევმა იგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. 2001-დან 2003 წლამდე იკავებდა ყაზახეთის ვიცე-პრემიერის პოსტს. 2003 წლიდან 2006 წლამდე კი მუშაობდა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის თანაშემწედ.

ყაზახეთში მასიმოვს ნაზარბაევის ახლო მოკავშირედ მიიჩნევენ.[16] რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და „დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის“ შუა აზიისა და ყაზახეთის განყოფილების გამგის, ანდრეი გროზინის მოსაზრებით, კარიმ მასიმოვი ნაზარბაევის ოჯახის „მოლარე“ იყო — ანუ ადამიანი, რომელიც განკარგავდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ნათესავების ფულს, ყოველ შემთხვევაში, ამ თანხების ნაწილს მაინც.[17]

2006 წლიდან 2007 წლამდე მასიმოვი ყაზახეთის ვიცე-პრემიერი იყო (ამავდროულად, 2006 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე იკავებდა ეკონომიკისა და საბიუჯეტო დაგეგმარების მინისტრის პოსტს).[18]

2007-2012 წლებში იკავებდა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.[19] 2009 წელს მხარი დაუჭირა ქვეყანაში ჯანდაცვის ერთიანი ეროვნული სისტემის დანერგვას.[20] იმავე წელს აირჩიეს ასტანის ახალი უნივერსიტეტის (ნაზარბაევის უნივერსიტეტი) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭოს სხდომაზე შეთავაზებულ იქნა 2010-2012 წლების სტრატეგია, რომელმაც სასწავლებელს ქვეყნის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ქცევის შესაძლებლობა მისცა.[21]

2012 წლიდან 2014 წლამდე იყო ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2014 წლის 21 იანვრიდან 2 აპრილამდე კი ასრულებდა ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობას.

2014 წლის 2 აპრილიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე იკავებდა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს.[22] 2015 წლის 26 აპრილის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 29 აპრილს, იგი კვლავ დაინიშნა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად.[23]

2016 წლის 8 სექტემბრიდან[24] 2022 წლის 5 იანვრამდე იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე. 2022 წლის იანვარში იგი გადაყენებულ იქნა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან „იანვრის მოვლენების“ დროს უმოქმედობის გამო. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში იგი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს და დააპატიმრეს (ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).[25]

2023 წლის 24 აპრილს მასიმოვი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატში (ყრ სსკ-ის 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), ხელისუფლების ძალადობრივ ხელში ჩაგდებაში (ყრ სსკ-ის 168-ე მუხლი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში (ყრ სსკ-ის 362-ე მუხლი). „სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების გზით, მას საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით და სახელმწიფო სამსახურში თანამდებობების დაკავების უფლების სამუდამო ჩამორთმევით“.[18][26]

სისხლის სამართლის საქმეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ღალატის საქმე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის დასაწყისში ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა, ბერიკ ასილოვმა, კარიმ მასიმოვი 2022 წლის იანვრის მასობრივი არეულობების მთავარ ორგანიზატორად დაასახელა.[27] იგი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატში, ხელისუფლების ძალადობრივ ხელში ჩაგდებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციითა და სახელმწიფო სამსახურში თანამდებობების დაკავების სამუდამო აკრძალვით.[28] ივნისში ასტანის სააპელაციო ინსტანციამ მასიმოვის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეცვალა — იგი სასჯელს მოიხდის არა მაქსიმალური, არამედ საშუალო უსაფრთხოების დაწესებულებაში. სხვა მხრივ განაჩენი უცვლელი დარჩა და კანონიერ ძალაში შევიდა.[29]

სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის ნოემბერში ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა (ერუკ) განაცხადა, რომ მასიმოვის წინააღმდეგ აღიძრა ახალი სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრებისა (ყაზახეთის სსკ-ის 218-ე მუხლი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების (ყაზახეთის სსკ-ის 366-ე მუხლი) მუხლებით.[30][30][31] მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა კორუფციული ქმედებების მრავალრიცხოვანი ნიშნები. კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი იუწყებოდა მასიმოვის მიერ ყაზახური ბიზნესწრეებისა და უცხოური სუბიექტებისგან უძრავი ქონების, ძვირადღირებული საჩუქრებისა და სოლიდური ფულადი სახსრების უკანონოდ მიღების შესახებ. იმავე პერიოდში დაიწყო გამოძიება უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან ქრთამის სახით 2 მილიონი აშშ დოლარის მიღების ფაქტზე.[32]

მასიმოვის შუამდგომლობა შეწყალების შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2024 წლის მარტში, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის მსჯავრდებულმა ყოფილმა ხელმძღვანელმა, კარიმ მასიმოვმა, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა წარადგინა.[33]

ოჯახი და პირადი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიმ მასიმოვს ჰყავს მეუღლე, დილიარამ მასიმოვა (მაშუროვა), რომელიც ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, აზატ მაშუროვის ქალიშვილია.[34][35] წყვილს სამი შვილი ჰყავს: ვაჟი ისკანდერი და ორი ქალიშვილი — ტამინა და სარა.[36]

თავად მასიმოვი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ეკონომისტი და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია. იგი ნამდვილი პოლიგლოტია და თავისუფლად ფლობს უიღურულ, ყაზახურ, რუსულ, ინგლისურ, ჩინურ და არაბულ ენებს.[37] ამასთანავე, იგი აქტიურად არის გატაცებული სპორტით, კერძოდ: სამთო და რბოლური თხილამურებით, მეკლდეურობით, ალპინიზმითა და გოლფით.[38] როგორც სპორტული ფედერაციების საპატიო წევრი, იგი მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ტაილანდური ბოქსის განვითარებას როგორც ყაზახეთში, ისე საერთაშორისო დონეზე.

მთავრობის სხდომაზე, როდესაც მასიმოვმა მინისტრებს ინტერნეტ-პლანშეტების შეძენა დაავალა, აღნიშნა: „ჟამიშევმა გუშინ ღამის პირველის ნახევარზე შეტყობინება გამომიგზავნა, შემამოწმა, მეძინა თუ არა. თუმცა, მე მას ვუპასუხე“.[39]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html中华人民共和国教育部.
  2. Масимов Карим Кажимканович (ПЕРСОНАЛЬНАЯ СПРАВКА). ციტირების თარიღი: 2012-09-14
  3. Карим Масимов назначен главой КНБ. ციტირების თარიღი: 2016-09-08
  4. Презик РК. (2020-05-06) Очередное присвоение спецзвания. ციტირების თარიღი: 2022-01-17
  5. Экс-главу Комитета нацбезопасности Казахстана приговорили к 18 годам лишения свободы. ციტირების თარიღი: 2024-05-07
  6. Вынесен приговор Кариму Масимову (2023-04-24). ციტირების თარიღი: 2023-05-22
  7. Новое дело Масимова. ციტირების თარიღი: 2024-03-13
  8. Осужденного за госизмену экс-главу КНБ Масимова подозревают в отмывании денег и получении крупной взятки (2023-11-14).
  9. На Карима Масимова завели новые уголовные дела (2023-11-14). ციტირების თარიღი: 2024-03-13
  10. Халдарова, Динара. (2023-11-14) Карима Масимова подозревают в отмывании денег и получении особо крупной взятки. ციტირების თარიღი: 2024-03-13
  11. 1 2 3 4 5 Масимов, Карим. ციტირების თარიღი: 2024-05-07
  12. Семья Карима Масимова. ციტირების თარიღი: 2015-08-10
  13. Скончался Кажимкан Масимов. ციტირების თარიღი: 2019-04-08
  14. Мама премьера Казахстана К. Масимова до сих пор работает экскурсоводом в Железнодорожном музее. ციტირების თარიღი: 2015-08-10
  15. 1 2 3 Масимов Карим Кажимканович (персональная справка). ციტირების თარიღი: 2024-05-07
  16. Бывший шеф спецслужбы Казахстана Масимов приговорен к 18 годам за госизмену (2023-04-25). ციტირების თარიღი: 2024-06-15
  17. Эксперт рассказал о подозреваемом в госизмене экс-главе КНБ Казахстана (2022-01-08). ციტირების თარიღი: 2024-06-15
  18. 1 2 Масимов, Карим Кажимканович. ციტირების თარიღი: 2024-05-07
  19. Masimov returns as Kazakh PM to face economic crisis. reuters.com. ციტირების თარიღი: 2022-03-30
  20. Unified National Healthcare System to improve medic care work. inform.kz. ციტირების თარიღი: 2022-03-30
  21. Премьер-Министр Республики Казахстан провёл первое очное заседание Совета директоров АО «Новый университет Астаны». inform.kz. ციტირების თარიღი: 2022-03-30
  22. Указ Главы Государства დაარქივებული 2014-04-06 საიტზე Wayback Machine.
  23. Официальный сайт Президента Республики Казахстан — Указ «О назначении Масимова К. К. Премьер-Министром Республики Казахстан». ციტირების თარიღი: 2015-04-30
  24. Указ «О назначении Масимова К. К. председателем Комитета национальной безопасности Республики Казахстан и Правительстве Республики Казахстан». ციტირების თარიღი: 2016-09-08
  25. Экс-глава Комитета нацбезопасности Казахстана задержан по факту госизмены (2022-01-08). ციტირების თარიღი: 2024-02-09
  26. Вынесен приговор Кариму Масимову (2023-04-24). ციტირების თარიღი: 2024-05-07
  27. Генпрокурор назвал Масимова одним из главных организаторов январских беспорядков (2023-01-05). ციტირების თარიღი: 2024-02-09
  28. Экс-главу Комитета нацбезопасности Казахстана приговорили к 18 годам лишения свободы. ციტირების თარიღი: 2024-04-08
  29. Апелляционный суд изменил приговор в отношении Карима Масимова. ციტირების თარიღი: 2024-11-06
  30. 1 2 На осужденного за госизмену экс‑главу КНБ Казахстана Карима Масимова завели дела об отмывании денег и взяточничестве (2023-11-14). ციტირების თარიღი: 2024-04-08
  31. В отношении Карима Масимова расследуют два новых уголовных дела - Аналитический интернет-журнал Власть (2023-11-14). ციტირების თარიღი: 2024-04-08
  32. Штритер, Елена. (2022-03-10) В одном из домов экс-главы КНБ обнаружили $17,2 млн наличными. КНБ раскрыл некоторые подробности дела Карима Масимова. ციტირების თარიღი: 2024-04-08
  33. Масимов попросил Токаева о помиловании (2024-06-10). ციტირების თარიღი: 2024-06-15
  34. Досье :: Масимов Карим Кажимканович :: StanRadar — новости Центральной Азии. ციტირების თარიღი: 2019-04-09
  35. Женщины, которые управляют Казахстаном. Часть 2: жены министров. ციტირების თარიღი: 2022-05-12
  36. Қазақстан Республикасында кімнің кім екені — 2011 жыл. Екі томдық анықтамалық. Алматы, 2011 ІSВN 978-601-278-473-2
  37. Background on Karim Massimov. carnegieendowment.org. ციტირების თარიღი: 2022-04-28
  38. Prime Minister of Kazakhstan Karim Massimov’s new hobby — YouTube. ციტირების თარიღი: 2015-09-03
  39. Цитаты Назарбаева о женщинах и высказывания о Казахстане. ციტირების თარიღი: 2019-04-23