კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი

კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი (ლათ. nervus vestibulocochlearis) — თავის ტვინის VIII წყვილი ნერვი, რომელიც შედგება სმენის ფუნქციასთან დაკავშირებული ლოკოკინას და წონასწორობის ფუნქციასთან დაკავშირებული კარიბჭის ნაწილებისაგან. ორივეს აქვს ბიაოლარული უჯრედებისაგან შემდგარი კვანძები. სმენის ნაწილის ე. წ. სპირალური კვანხი ლოკოკინაშია; მისი უჯრედების პერიფერიული ბოჭკოები სპირალურ (კორტიის) ორგანოსთანაა დაკავშირებული; ცენტრალური ბოჭკოები ქმნიან ლოკოკინას ნერვს, რომელიც შიგნითა სასმენი ხვრელით შედის ქალას ღრუში და აღწევს ხიდისა და ოლივის პირველად ბირთვებს. აქედან აგზნება მე-2 ნეირონით გადაეცემა სმენის ქერქქვეშა ბირთვებს (მედიალური დამუხვლილი სხეული და ოთხგორაკის ქვემო გორაკები), საიდანაც მე-3 ნეირონით სმენის კორტიკალურ ცენტრს აღწევს. კარიბჭის კვანძი შიგნითა სასმენი მილის ძირშია. მისი უჯრედების პერიფერიული ბოჯკოები იწყება აპკისებრი ლაბირინთის ნაწილებიდან. ცენტრალური ბოჭკოები ქმნიან მე-8 ნერვის კარიბჭის ნაწილს, რომელიც შედის ტვინის მასაში და ბოლოვდება რომბისებრი ფოსოს ძირში მდებარე კარიბჭის ბირთვებში. აქედან მე-2 ნეირონის აქსონები ბირთვ-ნათხემის გზის შემადგენლობაში აღწევენ ნათხემის ჭიას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 405.