კარდიოლოგია
კარდიოლოგია (ბერძ. καρδία [kardia] — „გული“ და λόγος [logos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის გულისა და სისხლძარღვების აგებულებასა და ფუნქციას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განეითარების მექანიზმსა და მიზეზებს, კლინიკურ გამოვლინებებსა და დიაგნოსტიკას, აგრეთვე პროფილაქტიკის, მკურნალობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის მეთოდებს.
კარდიოლოგიის განვითარებას განაპირობებს მოსაზღვრე დარგების — თერაპიის, ქირურგიული პედიატრიის, ნევროპთოლოგიის, ფიზიოლოგიის, ანატომიის, პათოლოგანატომიის, ფარმაკოლოგიის მიღწევები. ცალკეულ ცნობებს ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემის აგებულებაზე უძველეს წყაროებში ვხვდებით. სისხლის მიმოქცევის პირველი სქემა II საუკუნეში შეადგინა კ. გალენოსმა. XVII საუკუნეში ეს სქემა უარყო ინგლისელმა ექიმმა უ. ჰარვეიმ, რომელმაც აღმოაჩინა სისხლის მიმოქცევის კანონები. XVII-XIX საუკუნეებში შეისწავლეს გულის გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევა, გულის ცალკეული მანკები, გულის ანგინა. გულის დაავადებათა დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად გაადვილდა მას შემდეგ, რაც რ. ლაენეკმა შემოიღო აუსკულტაციის მეთოდი. XIX საუკუნეში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ შესწავლას დიდი ამაგი დასდეს ჩეხმა ფიზიოლოგმა ი. პურკინემ (1939), გერმანელმა ექიმმა ვ. ჰისმა (1890–1894), გერმანელმა პათოლოგმა კ. აშოფმა, იაპონელმა პათოლოგმა ს. ტავარამ, ინგლისელებმა ა. კისმა და მ. ფლეკმა (1907). რუსეთში კარდიოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ს. ბოტკინს. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში შემოიღეს კვლევის ახალი მეთოდები: 1903 წელს ჰოლანდიელმა მეცნიერმა ეინტჰოვენმა ჩაწერა გულის ბიოდენები; 1905 წელს რუსმა მეცნიერმა ნ. კოროტკოვმა შემოიღო არტერიული წნევის გასაზომი აკუსტიკური მეთოდი. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გულის რენტგენოსკოპიისა და რენტგენოგრაფიის, კონტრასტული ანგიოგრაფიის, რენტგენოდა ელექტროკიმოგრაფიის, ბალისტოკარდიოგრაფიისა და სხვა ახალი მეთოდების შემოღებასა და დანერგვას.
კლინიკური კარდიოლოგიის ფუძემდებლად ითვლება ინგლისელი ექიმი ჯ. მეკენზი. კარდიოლოგიის განპითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფრანგი ექიმის ა. იუშარის, ინგლისელი ტ. ლუისის, უ. პიკერინგის, გერმანელი ე. რომბერგის, ამერიკელი უ. ოუზლერის და მრავალი სხვა მეცნიერის ნაშრომებს. რუსეთში ვ. ობრაზცოვმა და ნ. სტრაჟესკომ აღწერეს გულის გვირგვინოვანი არტერიების თრომბოზისა და გულის კუნთის ინფარქტის კლინიკა; გ. ლანგმა დაამუშავა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა კლასიფიკაცია. ნ. სტრაჟესკომ და ვ. ვასილენკომ ჩამოაყალიბეს სისხლის მიმოქცევის უკმარისობის კლასიფიკაცია, ნ. ანიჩკოვმა და ს. ხალატოვმა კი ათეროსკლეროზის განვითარების ქოლესტერინული თეორია. ლაციისა და ჰუმორული მოშლის როლი ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებისა და კორონარული უკმარისობის აღმოცენებასა და განვითარებაში. დიდი წვლილი შეიტანეს კარდიოლოგიის შემდგომ განვითარებაში საბჭოთა მეცნიერებმა ე. ტარეევმა, ა. მიასნიკოვმა, გ. ლანგმა, მ. ვოვსიმ, ვ. ზელენინმა. დ. პლეტნიოვმა, ვ. ტალალაევმა, მ. წინამძღვრიშვილმა, ა. სტრუკოვმა, მ. კონჩალოვსკიმ, და სხვებმა, აგრეთვე საბჭოთა ქირურგებმა ა. ბაკულუვმა, ბ. პეტროვსკიმ, პ. კუპრიანოვმა, ა. ვიშნევსკიმ, ნ. ამოსოვმა, ე. მეშალკინმა, ვ, ბურაკოვსკიმ და სხვებმა.
საქართველოში კარდიოლოგიის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული მ. წინამძღვრიშვილის მოღვაწეობასთან; მისი თაოსნობით 1946 წელს თბილისში შეიქმნა სსრკ-ში პირველი კარდიოლოგიის ინსტიტუტი (მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტი). საქართველოში კარდიოლოგიის პრობლემებს სწავლობდნენ ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების თერაპიისა და სხვა კათედრებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა არტერიული ჰიპერტონიის ათეროსკლეროზისა და გულის კუნთის ინფარქტის პრობლემების დამუშავებას. 1961 წელს შეიქმნა საქართველოს კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება. საქართველოში მეცნიერული კარდიოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ი. ჯავახიშვილმა, თ. მამალაძემ, ი. ცინცაძემ, გ. მათეშვილმა და სხვებმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქავთარაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 399-400.