კაჟები
კაჟები, ქვედა პალეოლითის (გვიანდელი აშელი და ადრინდელი მუსტიე) და ნეოლით-ენეოლითის ხანის ნაბინარ-სახელოსნო სოფელ სკინდორის ტერიტორიაზე (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).
უშუალოდ კაჟის საბადოსთან (აქედან მოდის სახელწოდებაც) აღმოაჩინეს 1957 წელს. დაახლოებით 1 ჰა სახნავი მიწის ზედაპირზე მოპოვებულია პალეოლითის ხანის 2000-მდე ქვის ნივთი, მათ შორის დისკოიდალური, ერთფუძიანი და ორფუძიანი, აგრეთვე კუს ჯავშნის ფორმის ნუკლეუსები, მასიური კლექტონური და ლევალუაზური ანატკეცები, ლევალუაზური და არალევალუაზური ლამელები. აგრეთვე უხეში საჩეხი იარაღი, სახოკები, დანები და წვეტანები. ანატკეცების მნიშვნელოვანი ნაწილის ზურგი დაფარულია კაჭრის კანით, ნაწილს კი ეტყობა წინამორბედი ფირფიტების ატკეცის კვალი. აშელ-მუსტიეს ხანის ქვის იარაღი და ანატკეც-ლამელები დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო და მოვარდისფრო სქელი პატინით.
ნეოლით-ენეოლითის ხანის მასალიდან აღმოჩენილია ორმხრივ დამუშავებული კაჟის ნამგლისპირები, სხვადასხვა მოყვანილობის ისრისპირები და მათი ფრაგმენტები, ორმხრივ დამუშავებული მინიატიურული საჩეხი, მჭრელი და პიკისებური იარაღი, საფხეკ-სახოკები, სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და სხვა. კაჟების ქვის ნაწარმისათვის ნედლ მასალად გამოყენებულია ჭიათურის რაიონისათვის დამახასიათებელი თურონის იარუსის მონაცრისფრო და მოწითალო მაღალხარისხოვანი კაჟი. ნასახლარზე საძიებო თხრილმა კულტურული ფენების არსებობა არ დაადასტურა. როგორც ჩანს, ქვის მასალა მიწის ზედაპირზე მოხვდა ნიადაგის ლოკალური გადარეცხვისა და ფართობის ხშირი ხვნა-გადაბრუნების შედეგად. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თუშაბრამიშვილი დ., არქეოლოგიური დაზვერვები მდინარე ყვირილას ხეობასში, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე»,1962, ტ. 23 B;
- თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 390.