კაპის სიგანე


კაპის სიგანე — რკინიგზის ლიანდაგის სიგანე, რომელიც 1067 მმ-ის ტოლია. კაპის სიგანის ლიანდაგების საერთო სიგრძე შეფასებულია, როგორც 112 ათასი კილომეტრი. კაპის სიგანე ყველაზე განიერია გავცელებულ ვიწროლიანდაგიანი რკინიგზების სტანდარტებს შორის და ბევრ ქვეყანაში ასრულებს მაგისტრალური რკინიგზების როლს მნიშვნელოვანი სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების მოცულობის მიხედვით. რაოდენობა 1067 მმ, რომელიც გამოიყურება უხერხულად მეტრულ სისტემაში, ფუტებში გადაყვანის შემთხვევაში შეესაბამება მრგვალ სიდიდეს – 3,5 ფუტს ან 3 ფუტს და 6 დუიმს. ისტორიულად, ლიანდაგის სიგანის ბევრი სტანდარტი მიიღებოდა ზუსტად ფუტებში და ხშირად შეესაბამებოდა სიგრძის განზომილების მრგვალ სიდიდეებს.

თავისი დასახელება ლიანდაგის სიგანემ მიიღო იქიდან, რომ იგი 1873 წელს გამოიყენეს დიდი ბრიტანეთის კაპის კოლონიაში (დღეისათვის — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). მაგრამ ასეთი ლიანდაგის სიგანე პირველად გამოიყენა ნორვეგიელმა ინჟინერმა კარლ აბრაჰამ პიჰლმა 1861 წელს.[1]
1067 მმ ლიანდაგის სიგანის რკინიგზები გამოიყენება სამხრეთ და ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოებში, ინდონეზიაში, კუნძულ ტაივანზე, ფილიპინებზე, ახალ ზელანდიაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში. ასევე ავსტრალიის და იაპონიის რკინიგზის ლიანდაგების ნაწილი. აგრეთვე აღსანიშნავია ისტორიული რკინიგზის ლიანდაგი კუნძულ სახალინზე, რომელიც საბჭოთა კავშირს 1945 წელს ერგო იაპონიისგან სამხრეთ სახალინის განთავისუფლების შემდეგ. მაგრამ ღია სააქციო საზოგადოება რუსეთის რკინიგზების გადაწყვეტილებით 2003 წლიდან დაიწყო სახალინის რკინიგზის რეკონსტრუქცია, ლიანდაგის სიგანის გადაკერვის ჩათვლით რუსეთში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებულ რუსული სიგანის (1520 მმ) სტანდარტზე. სამუშაოები დამთავრდა 2019 წლის აგვისტოში.[2]
კაპის სიგანე რუსეთში პირველად გამოიყენეს… 1806 წელს ზმეინოგორსკის მაღაროში. 1067 მმ რუსული საჟენის ზუსტი ნახევარია. ასეთი ლიანდაგის სიგანით აშენდა არხანგელსკის და ნოვგოროდის რკინიგზის ზოგიერთი ხაზები.[3]
ისტორიულად ჩამოყალიბდა, რომ ტალინის ტრამვაის (1888 წლიდან) ლიანდაგის სიგანე აქვს 1067 მმ. ეს ლიანდაგის სიგანე ასევე აქვთ იაპონიის სატრამვაე სისტემის უმრავლესობას. განთქმული სან-ფრანცისკოს საბაგირო ტრამვაი ასევე იყენებს კაპის სიგანეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Железнодорожная колея. ციტირების თარიღი: 2009-12-06
- ↑ Российская колея по всему Сахалину: движение открыто. ციტირების თარიღი: 2020-12-28
- ↑ Справочная информация. Железнодорожная колея. ციტირების თარიღი: 2009-12-06