კაპელის მეორე ომი

კაპელის მეორე ომი — შეიარაღებული დაპირისპირება შვეიცარიის რეფორმაციის დროს, 1531 წელს, ძველი შვეიცარიის კონფედერაციის კათოლიკურ და პროტესტანტულ ბანაკებს შორის.
კაპელის პირველი ომის შემდეგ დადებული ზავით შესაძლებელი გახდა შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება. თუმცა, ორ მხარეს შორის დაძაბულობა არ მოგვარებულა, ჯერ კიდევ ჰქონდა ადგილი ცალკეულ დაპირისპირებებსა და პროვოკაციებს, რაც განსაკუთრებით გამწვავდა 1530 წლის აუგსბურგის აღსარებით. ციურიხის პროტესტანტული ნაწილი და შვეიცარიის რეფორმაციის ლიდერი ულრიხ ცვინგლი შიშობდნენ, რომ ფერდინანდ I და მისი ძმა, საღვთო რომის იმპერატორი, კარლ V კვალვ დაიწყებდნენ სამხედრო მოქმედებებს მათ წინააღმდეგ. ფერდინანდსა და კარლს კარგი მხარდაჭერის მიღება შეეძლოთ ცენტრალური შვეიცარიის ხუთი კათოლიკური კანტონისგან(ლუცერნი, შვიცი, ური, ცუგი და უნტერვალდენი).
1531 წლის დასაწყისიდან ციურიხის მოსახლეობა ხუთ კათოლიკურ კანტონს მოუწოდებდა, რომ მათ ტერიტორიაზე პროტესტანტებისთვის აღმსარებლობის თავისუფლება მიენიჭებინათ, თუმცა ეს კათოლიკეებმა საკუთარ დამოუკიდებლობაზე თავდასხმად აღიქვეს და უარი განაცხადეს.
ციურიხმა მოკავშირე ბერნს მოუწოდა, ერთობლივი სამხედრო ინტერვენცია დაეწყოთ, რაზეც უარი მიიღო. ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის სიტუაციის გამწვავებას ხელი შეუწყო ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, განსაკუთრებით ემბარგოს დაწესებამ მარცვეულსა და მარილზე.
საკვებზე ემბარგოს დაწესების გამო, 1531 წლის 9 ოქტომბერს, ხუთმა კათოლიკურმა კანტონმა ომი გამოუცხადა პროტესტანტებს და თავისი ძირითადი არმია ცუგისა და ციურიხის საზღვრების მახლობლად განალაგა.

ციურიხის ჯარები ძალიან გვიან მობილიზდნენ და 11 ოქტომბერს, შუადღისას, დაახლოებით 2000 კაციანი არმია ხუთი კანტონიდან შეკრებილი დაახლოებით 7000 ჯარისკაცის წინააღმდეგ მარტო აღმოჩნდა. პროტესტანტული ბანაკის დასახმარებლად, ჯარების ძირითადი ნაწილი დაგვიანებით გამოჩნდა ბრძოლის ველზე, თუმცა არაორგანიზებულად — ისედაც არასრული შემადგენლობა დაღლილი იყო სწაფი გადაადგილების გამო. იმავე დღის 4 საათზე კათოლიკურმა ჯარებმა შეტევა წამოიწყეს და ხანმოკლე წინააღმდეგობის შემდეგ მოწინააღმდეგე დაამარცხეს. პროტესტანტებმა დაახლოებით 500 ადამიანი დაკარგეს, დაღუპულთა შორის იყო ულრიხ ცვინგლიც. იგი არმიას თან ახლდა, როგორც სამხედრო მოძღვარი. მოგვიანებით კათოლიკეებმა ცვინგლის გვამი კოცონზე დაწვეს, რადგან მას ერეტიკოსად თვლიდნენ.
პირველი შეტაკების შემდეგ, ბერნმა და სხვა პროტესტანტულმა კანტონება გადაწყვიტეს ციურიხს დახმარებოდნენ. 15-21 ოქტომბრის მონაკვეთში, პროტესტანტული არმია, რომელიც ამჯერად მტრის ძალებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, როისის ხეობაში ბაარის შესასვლელისკენ გაემართა, ხოლო კათოლიკურმა ჯარებმა ცუგერბერგისკენ დაიხიეს.
ახალი დაპირისპირების პირველ ეტაპზე პროტესტანტულმა კოალიციამ გადაწყვიტა ინიციატივის ხელში აღება და მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევა. მანევრი, რომელშიც დაახლოებით 5000 მეომარი მონაწილეობდა, ჯარისკაცების უდისციპლინობის გამო წარუმატებლად დასრულდა და დროებით გადაიდო. 23 ოქტომბრის საღამოსთვის დაგეგმილი სამხედრო ოპერაციაც წარუმატებლად დასრულდა, ხუთი კათოლიკური კანტონის მცირერიცხოვანმა არიამ მოწინააღმდეგეს უკან დახევა აიძულა.
ბოლო წარუმატებლობამ პროტესტანტული არმიაში დეზერტირობის ზრდას შეუწყო ხელი. არსებული პრობლემების გამო, 3 ნოემბერს ძირითად არმიასაც მოუწია უკან დახევა. განცდილი წარუმატებლობების გათვალისწინებით, ციურიხის მხარეს მებრძოლი მხარეები დათანხმდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. ომის მსვლელობიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს გაფორმებული კაპელის მეორე საზავო ხელშეკრულება კათოლიკური მხარისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.
მოგვიანებით, 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავის პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილეს კაპელის მეორე ზავის პირობებიც. შვეიცარიის ტერიტორიაზე არსებულ კანტონებს მიეცათ უფლება თავად აერჩიათ საკუთარი რელიგიური მიმდინარეობა, თუმცა შვეიცარიის კონფედერაციის ტერიტორიაზე მაინც კათოლიციზმმა მოიპოვა უპირატესობა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაპელის პირველი ომი (1529)
- ვილმერგენის პირველი ომი (1656)
- ტოგენბურგის ომი (1712)
- ზონდერბუნდის ომი (1847)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- W. Schaufelberger, Kappel – Die Hintergründe einer militärschen Katastrophe, in SAVk 51, 1955, 34–61.