შინაარსზე გადასვლა

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (ფართოდ ცნობილი როგორც რუსული კანონი).

შინაარსი

კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელი მედიას, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, ექნებათ ვალდებულება დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროსსაჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრში უცხოური გავლენის აგენტად. „უცხოური ძალა“ ოთხი კრიტერიუმით განისაზღვრა: უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების შემადგენელი სუბიექტი, ადამიანი (ფიზიკური პირი), რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ორგანიზაცია (იურიდიული პირი), რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობით, ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი) ან გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელია“ ის ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“.

თუ ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კანონის ამ პუნქტის ამოქმედებიდან (კანონის გამოქვეყნებიდან მე-60 დღიდან), ერთ თვეში ვალდებულია, იუსტიციის სახლში თავად წარადგინოს წერილობითი განცხადება და ითხოვოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება. განაცხადის სწორად შევსების შემდეგ სააგენტო ვალდებულია 30 სამუშაო დღეში განაცხადის ავტორი დაარეგისტრიროს და აღრიცხოს ის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრში, რომელიც საჯაროა. აიმს შემდეგ 10 სამუშაო დღეში ორგანიზაცია ელექტრონულად ავსებს განაცხადს და საკუთარ თავს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ არეგისტრირებს.

თუ ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება, მაგრამ ე.წ. აგენტად დარეგისტრირებას თავს აარიდებს, სახელმწიფო მას 25 000 ლარით დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს „აგენტების რეესტრში“. ამის შემდეგ მოსთხოვს ორგანიზაციას ატვირთოს საფინანსო დეკლარაცია. თუ ორგანიზაცია ამ მოთხოვნასაც დაარღვევს, მას კიდევ 10 ათასი ლარით დააჯარიმებს. სახელმწიფო ორგანიზაციას მომდევნო თვეს კვლავ შეამოწმებს და თუ ორგანიზაციას კვლავ არ ექნება შევსებული დეკლარაცია, 20 ათასი ლარით დააჯარიმებს. სახელმწიფოს ამ მიზეზით ორგანიზაციის 20 ათასი ლარით დაჯარიმება ყოველ ახალ თვეს შეეძლება.

კანონში ჩადებულია დასმენის მექანიზმი. ნებისმიერს შეუძლია, სახელმწიფოს წერილობით შეატყობინოს „უცხოეთის აგენტი ორგანიზაციის“ არსებობა. ამ შემთხვევაში „უცხოეთის აგენტების“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ერთპიროვნულად დაიწყოს მოკვლევა. მას იმავეს გაკეთება შეუძლია სხვისი განცხადების გარეშეც. ის უფლებამოსილია მოიძიოს ინფორმაცია ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების შესახებ, პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ერთი და იმავე ორგანიზაციის მიმართ მონიტორინგი შეიძლება ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ.

თავდაპირველი რედაქციით, კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხებოდა. თუმცა საბოლოო ვარიანტის Მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია“. ორგანიზაციის შესწავლისას ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოს.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციაზე და მის თანამშრომლებზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონზე დაყრდნობით, სახელმწიფოს შეუძლია დაამუშავოს შემდეგი სახის ინფორმაცია: მონაცემი, რომელიც ავლენს ორგანიზაციის თანამშრომლის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, მისი პოლიტიკური შეხედულებები, რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსი, პროფესიული კავშირის წევრობა, ჯანმრთელობა, სქესობრივი ცხოვრება, ნასამართლობის ისტორია, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.[1][2]

2022-2023

კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებზე“ მმართველ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ 2022 წელს დააინიცირა.[2]

2023 წელს ნედ პრაისმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, შეშფოთება გამოხატა რუსული კანონპროექტის საქართველოში ინიცირებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებით, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.[3]

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უარყო განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) და ხაზი გაუსვა, რომ ქართული კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას.[3]

2024

2024 წლის 3 აპრილს მმართველი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ ხელახლა დააინიცირა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ,[4] რომელიც 400-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიციამ დაგმო.[5][6] ქართულმა მედია საშუალებებმა განაცხადეს, რომ შემოღებული კანონი გაანადგურებს დამოუკიდებელ საზოგადოებას და მედიას, გააჩუმებს კრიტიკულ ხმებს და განდევნის საქართველოს ევროპული ოჯახიდან.[7] კანონი გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მან „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული მომავალის საბოტაჟში დაადანაშაულა.[8] პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და არასამთავრობოები გააკრიტიკა.[9] მოგვიანებით მან პრეზიდენტს „გლობალური ომის პარტიის აგენტი“ უწოდა.[10]

4 აპრილს ევროკავშირმა წუხილი გამოთქვა, რომ კანონპროექტი კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად.[11] კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას მიემხრო და განაცხადა, რომ „არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს, რომ მის შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნები ერეოდნენ. ეს ნორმალური პოლიტიკაა“.[12] მას მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმაც.[13]

თორმეტი ევროპული სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა 5 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც „უცხოელი აგენტების შესახებ ე.წ. რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს. მათ განაცხადეს, რომ ეს არის „მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის წინააღმდეგ“ და ხელისუფლებას მისი საპარლამენტო დღის წესრიგიდან მოხსნისკენ მოუწოდეს.[14] ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკომისიას, გააკონტროლოს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების შესაბამისობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან.[15]

8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას და განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია კანონპროექტის ინიცირების გამო, ხოლო „იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოვიმოქმედებთ მისი წინსვლის შემთხვევაში, თვალი გვადევნეთ“.[16] სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ისინი „საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების საფრთხეს ქმნიან“.[17]

2024 წლის 9 აპრილს ქართველი აქტივისტები რუსთაველის გამზირზე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით გამოვიდნენ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გასაპროტესტებლად.[18] მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ 15 აპრილის დილიდან, რათა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყება გაეპროტესტებინათ, რომელსაც მათ „რუსული კანონი“ უწოდეს.[19] 16 აპრილს პარლამენტის შენობის მიღმა ვითარება სპეცრაზმსა და მოქალაქეებს შორის დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა. დააკავეს 11 პირი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს განხადებით მათი მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი.[20] რამდენიმე ჟურნალისტი 16-17 აპრილს გამართული აქციის დროს პოლიციის მხრიდან დევნისა და ცემის შესახებ იტყობინებოდა.[21]

17 აპრილს, საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და პოლიტიკოსების ძლიერი წინააღმდეგობის, ასევე პარლამენტის მახლობლად მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.[22]

20 აპრილს ახალგაზრდებმა აქციაზე ევროპული არჩევანის დაცვის საზეიმო ფიცი დადეს.[23] საპასუხოდ, მთავრობამ თავის მხარდაჭერებს „შავი ფულის“, „ეკლესიაზე თავდასხმის“, „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ აქციის გამართვისკენ მოუწოდა.[24]

სქოლიო

  1. დიახ, წაკითხული გვაქვს „აგენტების კანონი“ - დეტალურად, რა მოხდება, თუ ვეტოს დაძლევენ.
  2. 2.0 2.1 რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე "უცხოური აგენტების" კანონპროექტზე
  3. 3.0 3.1 გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები
  4. ქართული ოცნება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ხელახლა აინიცირებს
  5. 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს გმობს
  6. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას გამოხმაურებები მოყვა
  7. დამოუკიდებელი მედია საშუალებები „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას გმობენ
  8. პრეზიდენტი: „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ მომავალს საბოტაჟს უქმნის
  9. პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ეხმიანება და არასამთავრობოებს აკრიტიკებს
  10. პრემიერ-მინისტრი კანონპროექტს იცავს, სსო-ებსა და პრეზიდენტს „უცხოელ აგენტებს“ უწოდებს.
  11. ევროკავშირი: „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს
  12. კრემლი „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას ემხრობა
  13. მედვედევი „უცხოელი აგენტების“ შესახებ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს.
  14. ევროპის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი „მტრული ნაბიჯია“
  15. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, გააკონტროლოს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების შესაბამისობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან
  16. მეთიუ მილერი: რუსული კანონის წინსვლის შემთხვევაში, „თვალი ადევნეთ“ შესაძლო ქმედებებს.
  17. ჯეიმს ობრაიენი: ახალი კანონმდებლობა „საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის“.
  18. ფოტოამბავი: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქცია „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ.
  19. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებასთან ერთად მოქალაქეები პარლამენტის წინ იკრიბებიან
  20. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.
  21. სპეცრაზმი ონლაინ მედიის ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
  22. პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
  23. ახალგაზრდებმა აქციაზე ევროპული არჩევანის დაცვის საზეიმო ფიცი დადეს.
  24. „ოცნება“ მხარდამჭერებს „შავი ფულის“, „ეკლესიაზე თავდასხმის“, „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ აქციის გამართვისკენ მოუწოდებს.