კანარის დოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანარის დოგი

კანარის დოგი — მებრძოლი ძაღლის ჯიში, რომელიც გამოიყვანეს XIX საუკუნეში კანარის კუნძულებზე. დღეისთვის კომპანიონი ძაღლია. სიცოცხლის ხანგრძლივობა 9–11 წელი, წონა 38–48კგ, სიმაღლე 55–65სმ.

კანარის დოგი სპეციალურად ძაღლების ბრძოლებისთვის გამოიყვანეს. ცხადია, რომ მის წინაპრებს შორის იყო დღესდღეობით გადაშენებული ადგილობრივი ჯიში, ბარდინო მაჟერო, რომელიც შეაჯვარეს შემოყვანილ ინგლისურ მასტიფებთან. 1960-იან წლებში ეს ჯიში თითქმის მთლიანად გაქრა, მაგრამ აღდგენილ იქნა ვეტერინარ კარლ სემენჩიჩის მიერ.

ადრე, ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ფართოდ იყო გავრცელებული ძაღლების ბრძოლები. სპეციალურად ამ მიზნით გამოჰყავდათ ჯიშები, ძაღლებს უძლიერებდნენ აგრესიულობას და გამძლეობას. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ირლანდიაში, ძაღლების ბრძოლები იმართებოდა ღია ცის ქვეშ, მაგრამ უფრო ხშირად, როგორც ეს კანარის კუნძულებზე იყო მიღებული, ბრძოლები ტარდებოდა რინგებსა და არენებზე.

დოგო კანარიო ტიპური მებრძოლი ძაღლია. მას აქვს სქელი კანი, მაგარი ძვლები, დაკუნთული სხეული, მასიური თავი და განსაკუთრებით ძლიერი ყბები, ღრმა და ფართო მკერდი. თავი თითქმის კვადრატულია. დოგო კანარიო ძნელად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს, ძნელად იწვრთნება, ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცხეს. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ვეფხვისებრი-ჟღალი, მოცისფრო-ვერცხლისერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ძაღლების ენციკლობედია“ (2009), გვ. 286.